ქართული ოცნება“ დიდი ხანია უკვე გვპირდება, რომ „ნაცებს“ დაამთავრებს – დაამთავრეს „ნაცები“?

ალიას“ ესაუბრება ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:

– „ქართული ოცნება“ დიდი ხანია უკვე გვპირდება, რომ „ნაცებს“ დაამთავრებს – დაამთავრეს „ნაცები“?

– არა, სექტა ასე ადვილად არ მთავრდება, სექტა დრომ უნდა გაიწოვოს. სააკაშვილს ყოველთვის ეყოლება დასაყრდენი საქართველოში, ვგულისხმობ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც იგი ყველაფერში მართალი ჰგონიათ. სექტა არასოდეს აფასებს ლიდერს კრიტიკულად და მის ნათქვამს ყოველთვის ჭეშმარიტებად იღებს. „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური სექტის, დამთავრება, ამ ეტაპზე, პრაქტიკულად შეუძლებელია. ის 2024, 2028-შიც შექმნის ამ პრობლემას, მაგრამ რაც დროს გავა, კიდევ უფრო ნაკლებად. ის პროცესები, რასაც ახლა ვუყურებთ, არანაირ შედეგს არ გამოიღებს, რადგან „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად დესტრუქციული ძალა ებრძვის, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე წელიწადი. დააკვირდით პოლიტიკოსებს, რა თემებზე საუბრობენ პირდაპირ ეთერში, სად არის იდეები, პრინციპები, დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რა უნდათ ამ ქვეყანაში და რა უნდათ ამ ქვეყნისგან? ყველა ბრძოლა არის ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და მერე ამ ძალაუფლებით ტკბობისთვის.

– ირმა ინაშვილიც უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, მხოლოდ „ნაცები“ კი არა. როგორ ფიქრობთ, ისე ხომ არ მოხდა, რომ მთლიანად ოპოზიცია დაამთავრა „ქართულმა ოცნებამ“?

– ჩვენ რეალობას ყველაზე კარგად რომ გამოხატავს, ზუსტად ის კითხვაა. სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა ამ არჩევნების დროს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის. ეს პროცესი დაიწყო არა ოქტომბერში, არამედ, ბევრად ადრე, ნათელაშვილის „ქარვასლაში“ ოპოზიციის თავმოყრით. ეს იყო ოპოზიციის კატასტროფული შეცდომა. სექტამ შეიწოვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც დამოუკიდებელი მოთამაშეები უნდა ყოფილიყვნენ. „ქართული ოცნების“ ინტერესიც ეს იყო, სააკაშვილის, როგორც ბუას როლის კიდევ ერთხელ გამოკვეთამ, „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა მისცა, რომ ემუშავა საერთო ელექტორატზე და მისთვის გაფრთხილების მესიჯები გაეგზავანა: თუ მხარს ჩვენ არ დაგვიჭერ, ამ პირობებში, სააკაშვილი მოახერხებს დაბრუნებას…

თქვენ „პატრიოტთა ალიანსი“ ახსენეთ. ჩემთვის გასაოცარი იყო ის შედეგი, რაც მათ მიიღეს, მაგრამ ორი რამ მოხდა –

1. „ნაციონალური მოძრაობის“ იმ თამაშმა, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, შეიწირა „პარტიოტთა ალიანსის“ ხმები, და

2. არჩევნები არ ყალბდება კენჭისყრის დღეს, მისი გაყალბება იწყება ბევრად ადრე.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი მთავარი და წინ წამოწეული თემა იყო დავით გარეჯი. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“? რაკი კარგად იცოდნენ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს დავით გარეჯის პრობლემა ძალიან სტკივა და ამ თემით შესაძლოა, პოლიტიკური სარგებლის მიღება – კენჭისყრამდე ერთი თვით ადრე, დააკავეს ორი ადამიანი (არც ერთი მათგანი კარტოგრაფი არ არის, სხვათა შორის) და „ტელეიმედის“ ეკრანზე გაჩნდა ტიტრი: „გარეჯი საქართველოა“. პირველი ნოემბრიდან კი ეს ტიტრი გაქრა! ანუ გარეჯის თემა „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ აიღო და წაიღო თავისი პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად. მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია, ან ცუდია, ფაქტს აღვწერ და ესეც გაყალბების ერთ-ერთი მეთოდია. ეროვნული და პატრიოტული მოტივები არჩევნების მოსაგებად წაიღო იმ პარტიამ, რომლის აღმასრულებელმა მდივანმა თქვა, ეროვნული ცნობიერება რა არის, არ მესმისო (კობახიძის განცხადება, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თქმული). „პატრიოტთა ალიანსმა“ ვერ წაართვა უკან ეს თემა. აქ უკვე რესურსების საკითხი შემოდის.

არჩევნების მომზადება კენჭისყრამდე 2 თვით ადრე კი არა, პირველი ნოემბრიდან 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებას უნდა იწყებდნენ პოლიტიკური პარტიები. ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ყულაბაში ე.წ. ნეგატიური ხმები, ანუ, იმ ადამიანების ხმები, რომლებიც თვლიან, რომ დანაპირები ვერ შეუსრულა ხელისუფლებამ და მათი პოზიტიური განწყობა ნეგატიურით იცვლება, მაგრამ შენ, ოპოზიცია რას აკეთებ, რომ ეს ნეგატიური ხმები შენ პოზიტიურ ხმებად აქციო? ეს ხომ რინგია, შენ როდესაც პოლიტიკურ რინგზე გადიხარ, წინა 4 წელი რატომ არ უნდა ივარჯიშო და რატომ უნდა იწუწუწნო მერე, რომ გაგლახეს? ის  ვარჯიშობდა ამ 4 წლის განმავლობაში, ის ელემენტარულად ხელისუფლებაშია და ისედაც უზარმაზარ რესურსს ფლობს.
alia.