მთავრობამ დაპირება დაარღვია და ეკონომიკას ლოქდაუნი დაუწესა. იმდენად მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს ეპიდემიის გამო, რომ რეგულაციების წერტილოვან შეზღუდვებად გასაღება გამორიცხულია. იკეტება თითქმის ყველაფერი, საიდანაც შემოსავლის მიღება შეეძლო დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობას. ასე გაგრძელდება მომდევნო 2 თვის განმავლობაში და ეს ეკონომიკისთვის საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს. 

სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეკონომიკა ბუნებრივად გაჩერდება, ხოლო  მოსალოდნელი გაჭირვება, უფულობა და ფსიქოლოგიური სტრესი გაცილებით მეტ ადამიანს იმსხვერპლებს, ვიდრე ვირუსი. მთავრობამ გამოუსწორებელი შცდომა დაუშვა, როცა აჭარაში ტურიზმი გახსნა და ამით ეპიდვითარების დამძიმებას შეუწყო ხელი, ხოლო დაგვიანებული ქმედებისგან მძიმე შედეგი მიიღეს, რასაც ქვეყანა რეალურად ახლა იმკის.

ასეთ სიტუაციაში, ცხადია, რომ ბიზნეს-სექტორი მთავრობის გადაწყვეტილების მიმართ უკმაყოფილოა. ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე თვის წინ დაწესებულმა შეზღუდვამ მათ დიდი ზიანი მიაყენა და თებერვლამდე მათი დიდი ნაწილი შეიძლება ვეღარც გადარჩეს. ზარალი უფრო გაიზრდება და ძალების მოკრეფას ბევრი ვერ შეძლებს.

ერთ-ერთი სფერო, რომელმაც ეპიდემიის გამო დიდი ზარალი განიცადა, სარესტორნო ბიზნესია. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე “რეზონანსთან” დამატებით ათი ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვასა და ბიზნესის მოსალოდნელ კატასტროფაზე საუბრობს.

,,სრულ ლოქდაუნამდე არაფერი გვაშორებს. ათი ათასობით ადამიანი სამსახურს კარგავს და ისინი ბედის ანაბარა რჩებიან. ის დახმარება, რომელიც გამოყოფილი იქნება 200 და 300 ლარის ოდენობით, ძალიან მცირეა მათთვის, რომლებსაც საქმიანობას მინიმუმ 2 თვით უკრძალავენ. მათ არ დარჩებათ რესურსი, რომ თავი გადაირჩინონ. ველოდით, რომ მთავრობა მოძებნიდა რაღაც ,,ოქროს შუალედს”, რომ არ დაზარალებულიყო ბიზნესი და მოქალაქეთა სიცოცხლის უფლება დაცული იქნებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. დღეს ყველა გზა მოუსპეს ბიზნესს, შანსი არ დაუტოვეს. ასეთი მკაცრი შეზღუდვა ჩვენთვის სრული ლოქდაუნია. ნაცვლად იმისა, რომ გამოსავალი გვეპოვა, კატასტროფის წინ აღმოვჩნდებით”, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.  

არანაკლებ რთულ მდგომარეობაში არიან წვრილი მეწარმეები. მათი უმეტესობა ყოველდღიური ლუკმაპურისთვის გარეთ გასული მოქალაქეები არიან, რომლებიც ეკონომიკური ჩაკეტვის გამო შიმშილი ემუქრებათ. როგორც ისინი ,,რეზონანსთან“ აცხადებენ, 300-ლარიანი დახმარებ, რომელსაც ზოგი მიიღებს და ზოგი – ვეღა, არააკმარისია, რომ გადასახადებს გაუმკლავდნენ და ოჯახი გამოკვებონ მთელი თვის განმავლობაში, რაც რეალურად წარმოუდგენელია.

ეკონომიკის სრულ კრახს პროგნოზირებენ სპეციალისტებიც. ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი ბუნებრივ ლოქდაუნზე ალაპარაკდა.

,,ფუნდამენტური შეცდომები იყო დაშვებული და ახლა კიდევ უფრო დაამძიმეს მდგომარეობა. სახელმწიფო მოუმზადებელი აღმოჩნდა, არც ერთი მიმართულებით არ გვაქვს შედეგი, სრულ კრახს განიცდიან. ჯანდაცვაც ცუდად შეხვდა ამ გამოწვევას. ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს დაბალი ეკონომიკური ზრდა და სუსტდება ჯანდაცვის სექტორი. მერე პანდემია მოვიდა და მაშინ ჩაიკეტა ეკონომიკა, როცა დაინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 10-15 ადამიანი იყო. 

თავიდანვე შეიქმნა არასწორი მოლოდინი, თითქოს ვირუსს გაუმკლავდნენ, გაზაფხულზეც ფიქრობდნენ, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლაში მსოფლიო მასშტაბით გამოირჩეოდნენ. დრო გავიდა ისე, რომ საავადმყოფოები ვერ მოამზადეს, როცა შემთხვევები გაიზარდა, უკვე გვიან იყო. ამასთან, არჩევნებზე გადაიტანეს ყურადღება და ამ დროს ვირუსის მართვის სადავეები გაექცათ. კრიზისისას ისეთი მენეჯმენტი განახორციელეს და მართეს პროცესი, რომ ეპიდემიის მასშტაბით მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა გავხდით. 

იმის მაგიერ, რომ ეკონომიკურად წინ წავიდეთ, ყველაფერი უარესდება. ვის სჭირდება სილამაზის სალონების მომსახურება, მოსახლეობა თუ ჩაიკეტება, არ მესმის ამ ლოგიკის. სრული ეკონომიკური კოლაფსია, ბუნებრივიც ლოქდაუნის მალე დადგება“, – განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

ეკონომისტმა ,,რეზონანსთან“ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხზეც ისაუბრა. მისი აზრით, მთავრობა გამოწვევას ვერ პასუხობს და პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. სანამ საქმე აქამდე არ მივა, ქვეყანას არაფერი ეშველება. 

“ეკონომიკა მოკლეს და არ შეიძლება ამ პროცესს ასე გულგრილად ვუყუროთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ მთავრობა უნდა შიცვალოს. მართალია, გარანტია ვერც ახალ მმართველ ძალას ექნება, მაგრამ შანსი მაინც იარსებებს, რომ შესაძლებელი გახდება სიტუაციის გამოსწორება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ეკონომიკამ შტორმი გადაიტანოს, სხვა შემთხვევაში, პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია”, – აღნიშნა “რეზონანსთან” ეკონომისტმა.

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები მიუღებელია ანალიტიკოს აკაკი ცომაიასთავის, რომლის განცხადებითაც, ხელისუფლებას არანაირი სტრატეგია არ გააჩნია და უამრავ შეცდომას უშვებს, რითაც ეკონომიკას უდიდეს პრობლემას უქმნის. 

,,ცოტა არ იყოს, გაუგებრია, როცა ამბობენ, რომ ეკონომიკის აღდგენა პრიორიტეტია. ვხედავთ რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ქვეყანა – კატასტროფული ვითარებაა როგორც ბიზნესში, ასევე უკლებლივ ყველა დარგში, რომელიც მეტ-ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი იყო.  თუკი სოციალურ პროექტებს შევაფასებთ, ცხადია, დახმარებები უნდა გაეცათ, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, ქვეყანაში კრიზისია და სახელმწიფო ვალდებულია, რომ მოწყვლად ჯგუფს დაეხმაროს. მეტიც, მიმაჩნია, რომ გაცილებით ადრეც უნდა დაწყებულიყო ფინანსური დახმარების გაცემა, როგორც კი ეპიდემია გაჩნდა და ადამიანებს გაუჭირდათ.  ახლა ყველაფერი დაგვიანებულია. 

შეზღუდვებით კი ეკონომიკის განვითარების ბოლო შანსიც მოსპეს. ამ სიტუაციას აღარაფერი ეშველება, ვერც ჯანდაცვას მიხედეს და ვერც ეკონომიკას პატრონობენ. არანაირი სტრატეგია არ გააჩნიათ და ინერციით იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც მოსახლეობას აზარალებს და ბიზნესსაც დიდ პრობლემას უქმნის“, – განაცხადა “რეზონანსთან” აკაკი ცომაიამ.

როგორც ცნობილია, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. აკრძალვები 2021 წლის იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.
rezonansi

კომენტარები ფეისბუქიდან