საწვავი საგრძნობლად გაძვირდება, პროცესი უკვე დაწყებულია

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. ასეთია ბოლო პერიოდის ტენდენცია და ახლა, მარტის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მაღალი ღირებულება დაფიქსირდა. გამონაკლისი არც საქართველოა და ქვეყანაში, ნავთობის გაძვირების პარალელურად, საწვავის ფასიც იზრდება. დღეის მდგომარეობით, საბითუმო ბაზარზე ბენზინის ღირებულებამ 10-12 თეთრით მოიმატა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისიდან დღემდე, ნავთობის ფასი ლონდონის სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია საშუალოდ 11 დოლარით ერთ ბარელზე, ანუ 27,8%-ით და დღეისათვის შეადგენს 48.50 დოლარს.

ნავთობის ფასის მატება განპირობებულია შემდეგი ძირითადი ფაქტორებით: 

1. საიმედო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი წლის იანვრის თვიდან დაიწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მასობრივი წარმოება; 

2. აშშ-ის გენერალური სერვისების ადმინისტრაციის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპის თანხმობა ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. 

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე „პლატცის” მაჩვენებლით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ისიც პარალელურად მატულობს. კერძოდ, ბენზინის ფასი ნოემბრის თვის დასაწყისიდან გაზრდილია, დაახლოებით, 67,5 დოლარით ერთ ტონაზე, ანუ 19,8%-ით და ახლა შეადგენს 407,50 დოლარს, ხოლო დიზელის ფასი გაზრდილია, დაახლოებით, 82,5 დოლარით ერთ ტონაზე, ანუ 27%-ით და შეადგენს 388,25 დოლარამდე.

აღსანიშნავია, ასევე, საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი. კერძოდ, ნოემბრის დასაწყისიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან შეადგენდა 3,2327-ს და დღეისათვის მისი გაცვლითი კურსი დოლართან შეადგენს 3,3138-ს. ეს, რა თქმა უნდა, ნეგატიურად მოქმედებს როგორც საცალო, ისე საბითუმო ღირებულებაზე.

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, ნოემბრის თვიდან დაწყებული, საწვავის ფასი გაზრდილია ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 7-13 თეთრით ლიტრზე.

კომპანია „სენტა პეტროლეუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ საბითუმო ბაზარზე ბენზინის ღირებულებამ, დაახლოებით, 10-12 თეთრით უკვე მოიმატა და იგივე ხდება საცალო ქსელშიც.

„ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულებამ მოიმატა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ გარემოებამ საქართველოში საბითუმო ბაზარზე ფასის გაზრდა გამოიწვია, სადაც მყისიერად ხდება ხოლმე ცვლილებები. ამიტომ, ფასის მატება საბითუმო ბაზარზეც მოხდა, დაახლოებით, 10-12 თეთრით. ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ეს ყოველივე საცალო ბაზარზე რამდენად სწრაფად აისახება ან უკვე აისახა, დროის საკითხია. როგორც წესი, დინამიკა ასეთია, პირველ რიგში ხდება თვითღირებულების ცვლილება, შესაბამისად, შემდეგ იგი გადაეცემა საბითუმო ბაზარს და უკვე ამის მერე საცალო ბაზარზეც ხდება იგივე. 

სახეზეა გაძვირება და ზრდის ეს ტენდენცია კიდევ გრძელდება. ამ გარემოებას, ასევე, დაემატა ლარის გაუფასურება, ეს ყველაფერი კი გავლენას ახდენს პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზე. თუკი ასეთი ვითარება გაგრძელდა, რა თქმა უნდა, შემდგომშიც პირდაპირი კორელაცია გვექნება, მაგალითად, 10 დღის შემდეგაც გაძვირდება საწვავი”, – განუცხადა „რეზონანსს” ზაალ იაკობიძემ და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ამ პირობებში ნავთობის ფასის ზრდას შესაძლოა, მოჰყვეს. 

„საწვავის ფასის ზრდა საკმაოდ ფაქიზი საკითხია, რაც მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე აისახება. ახლა ეკონომიკა ისედაც ცუდი მიმართულებით მიდის. ჩვენთან რეცესიაა და, ამას დამატებული, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა მიმდინარეობს. ერთდროულად ორი ცუდი მომენტი ემთხვევა ერთმანეთს, რაც, რა თქმა უნდა, იწვევს აქტივობის შემცირებას. ტრანსპორტის ხარჯები რომელ დარგებშიც დიდია, ბუნებრივია, ეს გავლენას იქონიებს. ყველა მხრივ უნდა ველოდოთ ფასის ზრდას”, – დასძინა იაკობიძემ „რეზონანსთან”.  

მიმდინარე ეტაპზე საწვავის ფასის მხოლოდ ამ დოზით ზრდა მოხდა იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიების მიერ არსებობდა დაბალფასიანი საწვავის გარკვეული მარაგები, რაც გარკვეულწილად აბალანსებდა საბითუმო ბაზარს, თუმცა საბითუმო ბაზარზე საწვავის ფასი იზრდება, რასაც ემატება ლარის კურსის გაუფასურება, ეს კი იწვევს საწვავის ფასის მატებას როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი ბექა კემულარია აცხადებს, რომ ასეთ ვითარებაში ნავთობზე ფასის გაზრდა პრობლემებს ვერ შექმნის. 

„ნავთობი შესაძლოა, გაძვირდეს იქამდე, სადამდეც მოთხოვნა-მიწოდების შედეგად ბალანსი დადგება. ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, რომ ნავთობის ფასი მინუსშიც კი გადავიდა და მაქსიმალური ზღვარიც გვახსოვს, სადღაც, 147 დოლარის ფარგლებში. ამიტომ ნავთობის ფასის გაზრდა დამოკიდებულია იმაზე, მომპოვებელი ქვეყნები მიწოდებას შეამცირებენ თუ არა მოთხოვნის შესაბამისად. ასეთ ვითარებაში, ნავთობის ღირებულება რაიმე პრობლემას არ შექმნის”, – განაცხადა ბექა კემულარიამ „რეზონანსთან”.
rezonansi

კომენტარები ფეისბუქიდან