კორონავირუსით ინფიცირებული დეკანოზი დავით ქვლივიძე ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს  – მოძღვარს ფილტვების 80% გათიშული აქვს

ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს კორონავირუსით ინფიცირებული, თბილისის ვაშლიჯვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ქვლივიძე. „2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, კოვიდინფექციამ იმდენად დაამძიმა  დეკანოზის  ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფილტვებს ზედმეტი დატვირთვა რომ არ ქონდეს, ექიმებმა ეს გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს.

„მისი გადარჩენის შანსი 50/50 ზეა“, – ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას უკვე მღვდელმონაზონმა, მიქაელ ბრეგვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის გამო, დეკანოზ დავითს ფილტვების 80% აქვს გათიშული და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

„კორონავირუსის გამო, დეკანოზ დავით ქვლივიძეს ფილტვების 80% აქვს გათიშული და ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ის რკინიგზის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმები ამბობენ, რომ გადარჩენის შანსი 50/50- ზეა.

ჩემი ინფორმაციით, ის ეკლესიაში მისვლამდე დაინფიცირდა. ასე რომ, მას არავისთან ჰქონია შეხება. რაც შეეხება სხვა სასულიერო პირების ინფიცირების ამბავს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ყველა მათგანმა ვირუსი წარმატებით დაამარცხა.“, –  განაცხადა მღვდემონაზონმა მიქაელმა.

„2020NEWS“ მოძღვარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას რკინიგზის საავადმყოფოდანაც ელოდება და მოგვიანებით მოგაწვდით.

ცნობისთვის, თბილისის ვაშლიჯვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით ქვლივიძე რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით დაინფიცირდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2 დღის წინ დამძიმდა.
2020news.ge