ღირსეული ქობულეთელი კაცი, აჭარის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელისა და “ღირსების ორდენის” კავალერი ქართველი მამულიშვილი, შესანიშნავი პიროვნება და საქვეყნოდ ცნობილი სახალხო მკურნალი გახლდათ ხასან ხაბაზი.
სასწაულმოქმედი–ასე ეძახდნენ სიცოცხლეში, პროფესიით მეჩაიეს, წოდებით კი ძვლის “ისტამბაშს” ჰიპოკრატეს ფიცი არასოდეს დაუდია, არც რაიმე სიახლე შეუტანია თანამედროვე მედიცინაში და არც არანაირი მეთოდი გადმოუღია მისგან. იგი მამა–პაპური გამოცდილებით უბადლოდ აკეთებდა თავის საქმეს და 40 წელზე მეტხანს ემსახურა ავადმყოფებს, რომლებსაც ოფიციალური მედიცინა იმედს აღარ აძლევდა. მას საკუთარი პრინციპებისათვის არ უღალატია და არც სამედიცინო წოდებები და ჯილდოები სჭირდებოდა. გაწეული სამსახურისათვის კი ავადმყოფებისგან გასამრჯელოს არასოდეს დალოდებია….
გადაცემა: „წარმატების ფაქტორი“ ქობულეთში სტუმრად ეწვია ბატონი ხასან ხაბაზის უნიჭიერესს ქალიშვილ: ექიმ-ტრავმატოლოგ და აგრეთვე უნიკალურ სახალხო მკურნალ: მაია ხაბაზს.
მაია ხაბაზი:
„მამას საიდუმლო მხოლოდ მალამო იყო, რომელსაც დღეს მისი შვილები ვამზადებთ და მკურნალობის დროს ვიყენებთ, შეხორცებისთვის არის კარგი. ამ საიდუმლოს დღემდე ვინახავთ. მამამ სიკვდილის წინ დაგვიბარა, ამ მალამოს თუ გაყიდით, ფასი დაეკარგებაო. არც გაგვიყიდია.
ყველამ იცის, რომ ხასანის შვილი ვარ. უფრო ამის გამო მოდიან ჩემთან. ბავშვობიდან ვუყურებდი რენტგენის სურათებს და ძალიან მაინტერესებდა… მამასთან ცოცხალი რიგი იდგა, ხალხი პატივს სცემდა და მეც ეს მომწონდა. ბავშვობიდან ვეხმარებოდი. როცა ფეხს შეუკრავდა ვინმეს, ბინტს მომცემდა ხელში და რაღაცას დამავალებდა. მთავარია, არ შეგეზაროს პაციენტთან ურთიერთობაო, მეტყოდა.
ვის არ ნახავდი ჩვენთან. მახსოვს, ერთხელ ქალი მოიყვანეს, ხერხემალი ეშლებოდა და მამამ მკურნალობა დაიწყო. ერთ დღესაც იმ ქალს ვიღაც მოჰყვა, ძმა თუ ქმარი არ მახსოვს და მამას იარაღი დაადო შუბლზე, ვერც ერთმა ექიმმა ხელი ვერ მოჰკიდა და შენ რას აკეთებო. მამამ უთხრა, თუ მაცლით, მინდა, ფეხზე დავაყენოო… მერე ის ქალი თავისი ფეხით მოვიდა, ცისანა კორკოტაძე ერქვა და ტომრით მოიტანა ფული. მამამ ტომრიდან მხოლოდ ორი კუპიურა ამოიღო, მეტი მე არ მეკუთვნისო და იმ ქალს უკან გაატანა.
როგორია ხასან ხაბაზის მეთოდებით მუშაობა დღეს, როცა სხვადასხვა ახალი ტექნოლოგია შემოვიდა, მათ შორის, ტრავმატოლოგიაში? ვკითხეთ ქალბატონ მაიას.
„ვთანამშრომლობთ სხვა ექიმებთანაც… მთავარია, რაც შენი საქმე არაა, არ მოჰკიდო ხელი, შეგნებულად არ დააშავო… მამა ამბობდა და ასეცაა, დღეს ექიმებს არ აქვთ სათანადო პრაქტიკა. მეც, როცა ინსტიტუტი დავამთავრე და პოლიკლინიკაში პირველ პაციენტს ვუმკურნალე, მოვიდა რამდენიმე დღეში იგივე პაციენტი და წყლულები ჰქონდა, გავიქეცი მამასთან. მითხრა, რამ შეგაშინა, ეს ალერგიაა, „სუპრასტინი“ დაალევინეო, სულ მე არ გეყოლებიო და შენი თავით უნდა იმოქმედოო დამარიგა მამამ.“
მაია ექიმს ულამაზესი ოჯახი ჰყავს სამი სიმპათიური და ნიჭიერი ვაჟი და მოსიყვარულე მეუღლე. ორი ვაჟი ამჟამად ევროპაში მოღვაწეობს, ხოლო პატარა ბექა ჩავწერეთ კიდეც, ვერ წარმოიდგენთ როგორ გაგვეხარდა, რომ პატარა ბიჭი ოჯახის სამაყო ტრადიციის გაგრძელებას აპირებს და გვპირდება, რომ მრავალ დასნეულებულ ადამიანს გადაარჩენს, ყველას მოუწოდებს, რომ აკეთონ სიკეთე და ხალხს დაეხმარონ. რათქმაუნდა „კვიცი გვარზე ხტის“, ასე რომ სხვაგვარად შეუძლებელია, ბატონი ხასანის პროფესიას საუკეთესო გამგრძელებლები ჰყავს და მარადჟამს ეყოლება.
ყველას, ვისაც გაქვთ აუტანელი მდგომარეობა და ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესება, გესაჭიროებათ ნამდვილი მკურნალი და ადამიანური ექიმი, რომელიც ზუსტ დიაგნოზ დაგისვამთ და გიმკურნალებთ შედეგიანად ნუ დაკარგავთ დროს და დაუკავშირდით მაია ექიმს- ტელ: 599-11-79-19. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას.