აი, საფრთხე, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს თურქეთიდან დაემუქრება!” –  დიმიტრი ლორთქიფანიძე

 დღეს, როდესაც მკვეთრად იცვლება ძალთა ბალანსი ამიერკავკასიაში და სრულიად განსხვავებული მოცემულობის წინაშე დგება რეგიონი, უმნიშვნელოვანესია, საქართველოს რეალურ პოლიტიკაში განისაზღვროს ის გამოწვევები, რის წინაშეც ქვეყანა დგება – ამ სიტყვებით დაიწყო ექსკლუზიური საუბარი „თვალსაზრისთან“ უფლებადამცველმა, ყოფილმა პარლამენტარმა

დიმიტრი ლორთქიფანიძემ:

 – თურქეთის დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური თამაშები მხარდაჭერილია ანგლო-საქსურისგან და ბალკანებიდან ალტაის ჩათვლით თურქულენოვანი მოსახლეობის კონსოლიდაციას ემსახურება. შემთხვევითი არ არის ნეოოსმანიზმისა და პანთურქიზმის მიმდევართა ზრდა მთელს ამ არეალზე და საილუსტრაციოდ ამიერკავკასიაში აზერულ-თურქული კოალიციის მნიშვნელობის გააზრებაც საკმარისი მოდელია…

სწორედ ამ პროცესში გარეჯის თემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენთვის, რადგან ჩიჩხიტურის თხემი უკანასკნელი ქრისტიანული ბასტიონია ისლამის ოკეანესთვის და ექსპანსიონისტებისთვის მასზე კონტროლი – მისტიკური დანიშნულების სტრატეგიული ამოცანაა! ჩიჩხიტურის მონასტერი

ინდიკატორებად გამოდგება თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია ლიბიაში, სირია-ერაყსა თუ აზერბაიჯანში, გავლენები ყაზახეთზე, რომელშიც ალფაბეტიც კირილიცადან სწორედ თურქული გავლენით შეიცვალა ლათინურზე. ძალიან ძლიერი გავლენა იგრძნობა ჩინეთის ჩრდილო დასავლეთშიც იუგურებით დასახლებულ პროვინციებში, სადაც უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან…

ყოველივე ზემოაღნიშნულს ისიც ემატება, რომ თურქეთის გავლენა საგრძნობია თავად რუსეთის ფედერაციის რამდენიმე სუბიექტშიც, სადაც მზარდია თურქეთის რელიგიური და კულტურული ექსპანსიის გამოვლენები.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ თურქეთის ამბიცია, გახდეს მთელი ისლამური სამყაროს მაკონსოლიდირებელი, პანთურქიზმისა და ნეოოსმანიზმის მისწრაფებების საბოლოო გვირგვინად განიხილება!

დავაკვირდეთ თურქეთის გავლენების ზრდის არეალს ბალკანეთიდან ჩინეთამდე და პოლიტიკურ რუკაზე ადვილად შევნიშნავთ ორ ძირითად ბუნებრივ დაბრკოლებას, რომელიც მოქმედების უწყვეტი ჯაჭვის წინაღობას წარმოადგენს პანთურქიზმისთვის…  ეს არის ორი ამიერკავკასიული სახელმწიფო, საქართველო და სომხეთი, რომელთაგან საქართველო მისი “სტრატეგიული” მოკავშირეა, ხოლო სომხეთი – ქვეყანა რომელთანაც არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები და რომელიც რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა.

– იმის მიუხედავად, რომ რუსეთის მოკავშირეა, სომხეთმა მაინც წააგო ომი აზერბაიჯანთან… ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რუსეთი დამარცხდა თურქეთის წინაშე?

– პირიქით, მე ვფიქრობ, რომ რუსეთმა განახორციელა ტრიუმფალური გეოპოლიტიკური და საერთაშორისო ჰუმანიტარული სვლა, ერთის მხრივ, არ ჩაერია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის გაეროს რეზოლუციებით მხარდაჭერილ აღდგენის სამხედრო-პოლიტიკურ აქტში, მეორეს მხრივ, სომხებს შეუნარჩუნა ბუნებრივი ჰაბიტატი ყარაბაღში და მესამეც, ფეხი მყარად მოიკიდა ამიერკავკასიის რეგიონში.

ეს აქტი პრეცედენტული თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიული მთლიანობა გაერომ სცნო 1991 წლის აღიარებული აქტების საფუძველზე და ამას რა თქმა უნდა რუსეთიც ვერ უარყოფს!

 – ჩვენ რა გველის? უახლოეს მომავალში თურქეთიდან რაიმე საფრთხე ხომ არ გვემუქრება?

– მიუხედავად იმისა რომ ყარსისა და მოსკოვის ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე თურქეთთან სახელმწიფო საზღვრის მთელ მონაკვეთზე სრულად მოახდინა დემარკაცია-დელიმიტაცია და არანაირ საფრთხეებს ამ თვალსაზრისით არ უნდა ველოდოთ,

ცხადი ხდება, რომ გამოწვევები სწორედ ეკონომიკური და პოლიტიკური უკვე განხორციელებული და განსახორციელებელი აქტივობის დონეზე მოგველის და ეს განსაკუთრებით შეინიშნებააჭარის რეგიონში, სადაც მასობრივად ხდება უძრავი ქონების შესყიდვა თურქეთის მოქალაქეების მიერ და ბინადრობისა და მოქალაქეობის მიღების მსურველთა რიცხვი მათი რიგებიდან გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

სწორედ ეს არის მეთოდი, ხერხი და საშუალება, საკუთარი გავლენების გასაზრდელად და ექსპანსიის გასაძლიერებლად. თუ ასე გაგრძელდა და ჩვენი პოლიტიკური მმართველი წრეებისგან არ იქნა გამოკვეთილი ეროვნული ინტერესის საგანი; უსაფრთხოების კონცეფციაში არ აისახა ის და არ განხორციელდა, ქვეყანა სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება უკვე სულ რამდენიმე წელიწადში.

ყოველივე ამის ფონზე, რაზეც ზემოთ გავამახვილეთ ყურადღება, მთავარი და უმთავრესია გვესმოდეს, რომ თურქეთი არის დასავლური სამყაროს ნაწილი და მისი გეგმების ეფექტური აღსრულების ინსტრუმენტია.

 – გეოგრაფიულად, სად გადის თურქეთის იმპერიული ამბიციების ზღვარი? 

– საბოლოო სამიზნე რუსეთია, ხოლო რუსეთის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრებთან დაძაბულობის ესკალაცია და ტერიტორიების პოლიგონიზაცია, ბუნებრივი სტრატეგიული მოცემულობაა მისთვის, ანუ ანგლო-საქსური გეოპოლიტიკური ბულდოზერისთვის. აქედან გამომდინარე კი, როდესაც ვსაუბრობთ ეროვნული ინტერესების გამომხატველ ძალთა კონსოლიდაციაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ამგვარ ძალებად და სუბიექტებად ვერ იქნებიან მოაზრებულნი ნეოლიბერალურ პარადიგმაში არსებული ადეპტები, ყველა თავისი გამოვლინებით და ფიცით ე.წ. პროდასავლურ ღირებულებებზე(!)

ქართული ეროვნული ინტერესი არ საჭიროებს „იზმებს“ თავის გამოხატულებაში, იმდენად ცხადად გასაგებია თუ რა გვინდა: იდენტობის შენარჩუნება, ტერიტორიული მთლიანობა და გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის მყარი ხიდის ფუნქიის დაკისრება საერთაშორისო სამართლის აღიარებული ყველა ნორმის გათვალისწინებით, ამისთვის კი ჩვენ გვმართებს ძალიან დაბალანსებული სამეზობლო პოლიტიკის წარმოება და ამ კონტექსტში ყველა ძირითადი მოთამაშის ინტერესის გათვალისწინება.

 – რომელი პოლიტიკური ძალები შეძლებენ „ახალ ორბიტაზე“ საქართველოს გაყვანას?

– პირველ რიგში, აქცენტი უნდა გაკეთდეს ახალ სუბიექტებზე , მომავალ თაობასა და ჩვენი დიასპორების თვალსაჩინო რესურსულ წარმომადგენლებზე, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და სულისკვეთება მიმართული იქნება ქართული- ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ და არა ზესახელმწიფოთა დაპირისპირების პოლიგონის პოლიციის სადგურად ფორმირებისკენ, რასაც ვაკვირდებით ბოლო 30 წელია, მას შემდეგ რაც კანონიერი ხელისუფლების დამხობას ვერ გავუწიეთ წინააღმდეგობა… ბოლო არჩევნების შედეგები კი ძალზე დამაფიქრებელია იმ კუთხით, რომ  კრილოვის იგავ-არაკის გმირებივით დაქსაქსულ პოლიტიკური ძალების მიმართ ცალკე აღებული, ნდობა მოსახლეობას არ გააჩნია!

სპეციალურად „თვალსაზრისისთვის“