ევროკავშირი თურქეთის მიმართ პატიოსნად არასოდეს იქცეოდა. თუ სანქციებს დაგვიწესებენ, ეს ჩვენ დიდად არ გვაღელვებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ევროკავშირს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ “თუ ორგანიზაცია ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას მიიღეს, ეს ანკარას დიდად არ შეაშფოთებს”.

“ევროკავშირი არასდროს მოქმედებდა პატიოსნად, არასდროს ასრულებდა დანაპირებს (თურქეთის მიმართ). თუმცა ჩვენ ყოველთვის ვითმენდით ამას. ჩვენ მომავალშიც მოვითმენთ. თურქეთის წინააღმდეგ სანქციების გადაწყვეტილება დიდად არ გვაღელვებს. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ჩვენი უფლებების დაცვას გავაგრძელებთ. აქ კომპრომისი გამორიცხულია”, – განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ თურქეთი მხარს უჭერს მშვიდობასა და თანამშრომლობას და მზად არის მოლაპარაკებებისთვის.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხუთშაბათისთვის დაგეგმილ სხდომაზე შესაძლოა, თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღონ.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც თურქეთმა ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად სამძებრო სამუშაოები განაახლა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობა გაიზარდა. აღნიშნულ საქმიანობას საბერძნეთი და კვიპროსი ეწინააღმდეგებიან. მათ მხარს უჭერს ევროკავშირი. დასავლეთმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაზის მოპოვებისთვის ბურღვითი სამუშაოების შეწყვეტისკენ თურქეთს არაერთხელ მოუწოდა. თუმცა ეს უკანასკნელი კვიპროსის სანაპიროსთან ბურღვით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ამ დრომდე აგრძელებს.
accent.com