აშშ-ის, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს დეფიბრილიატორი დასჭირდათ და ტიკარაძემ სასწრაფოდ 224 ცალი, მთელი დიპკორპუსისთვის შეიძინა!

ყველამ უნდა იცოდეს -რა ხდება ქვეყანაში კარგიც და ცუდიც და ამას, ჩემ გარდა, არავინ გეტყვით.

    კარგი ამბებით დავიწყებ:

   საქართველოს მალე ეყოლება ხელისუფლება – კარგი იქნება ის, თუ ცუდი, ვნახავთ და მერე, ან შევაქებთ მას, ან გავლანძღავთ. მილიარდერმა ივანიშვილმა, რომელიც წლების წინ სერიოზულ გავლენას ახდენდა პოლიტიკურ ამინდზე იმ ქვეყანაში, რომლის მარტო დედაქალაქის მოსახლეობა მთელ საქართველოზე 5-ჯერ მეტია, დაამტკიცა, რომ მთელი ქართული პოლიტისთებლიშმენტი მასთან შედარებით სოფლის ბაღა-ბაღის ჩაჯმული და ჟღვლინტიანი ბავშვები არიან. ივანიშვილმა ოპოზიციის ლიდერები, როგორც ცხვრები, ჯერ – მიტინგებზე და მერე კონსულტაციებზე იმდენი ატარა, სანამ ამ გზააბნეულებმა და ტვინდეფორმირებულებმა არ დაიჯერეს, რომ მართლა პოლიტიკოსები არიან და ამ ქვეყანაში რაღაცას წარმოადგენენ! „არჩევნები გააუქმე და ახალი ჩაატარე, რომელშიც ჩვენ – ოპოზიცია გავიმარჯებთ!“; „ჟორიკა ციხიდან გამოუშვი, იმიტომ, რომ ის, მართალია, მკვლელია, მაგრამ ჩვენი -ოპოზიციის მკვლელია!“, და ა.შ. – რაც უფრო იმატებდა ოპოზიციის მოთხოვნები, ივანიშვილი სიცილით კვდებოდა! ვის არ გაუხარდება, როცა მტერი საკუთარი ხელით თავისთვის პოლიტიკურ საფლავს თხრის შოკირებული დასავლელი დიპლომატების თვალწინ?!

არცერთმა გონებაჩლუნგმა ოპოზიციონერმა არ დაეჭვდა – რატომ არის „მიწა“ ასეთი რბილი? – და უბერავდნენ ორმაგი ძალით! ივანიშვილმა კი იმ სიღრმემდე ათხრევინა მათ საფლავები, სანამ გაერთიანებული ოპოზიციის ნამდვილმა ბელადმა – ნიკა გვარამია – ლაივ-ეთერში არ შეკრიბა ოპოზიციის ტლანქი ლიდერები და ლენინს რომ შეშურდებოდა, ისეთი „რეჩი“ დაარტყა! აქაოდა, აშშ – დიდი ძმა კი არა, ჩვეულებრივი მოკვდავი კოლონიზატორია, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ცდება! სხვანაირად ვინც ფიქრობს, სამარცხვინო მონაა! დიპლომატია კიდევ, მე-19 საუკუნის პროდუქტია და დიდი ხანია მკვდარია, ხოლო ამერიკის და ევროკავშირის ელჩები ფასალიტატორები კი არა, ფალსიფიკატორები არიან!

ამის მერე აშშ-ის, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს დეფიბრილიატორი დასჭირდათ და ტიკარაძემ სასწრაფოდ 224 ცალი, მთელი დიპკორპუსისთვის შეიძინა! ხოლო კობახიძემ ივანიშვილის მესიჯი გააჟღერა – არ შედიხართ, და ბებიაჩემთან შესულხართ აწი! მანდატებსაც წაგართვევთ, ხელფასებსაც, და პარტიებსაც გაგიუქმებთო! მანამდე არ აგიდგეთ გვერდები, სანამ ახალ არჩევნებს ჩავატარებთ, და თუ შნო გაქვთ – მობრძანდით და ჩატარებული არჩევნები შეამოწმეთ! აქ კუმ, ანუ ალეკომ, ფეხი გამოყო – მე შევალო, და საერთოდ 99%–ს შესვლა უნდაო! მარტო მათ არ უნდათ, ვინც ისედაც არ შედისო…

   ცუდია მთელ ამ მხიარულ ისტორიაში, რომ სანამ საქმე კულმინაციამდე არ მივიდა, ხელისუფლებამ არ აღკვეთა ხალხმრავალი შეკრებები ნიღბებისა და დისტანციის გარეშე – ანუ, ოპოზიციის მიტინგები, რომლის შედეგად დღეს კორონაგავრცელების თვალსაზრისით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით! ქართველები, დაბადებით ლიდერები ვართ – კორონას გაუვრცელებლობის თვალსაზრისით პირველ ადგილზეც ხომ უკვე ვიყავით?! ხოდა, ახლა „კასრი“ მეორე მხრიდან გავხსენით, მაგრამ იქ, თაფლის მაგივრად, განავალი აღმოჩნდა…

   კარგია, რომ თქვენი მონა-მორჩილის წერილების მერე ივანიშვილის რისხვას საძზვარი არ ჰქონდა. შედეგად „რემდესივირი“, რომელის ყიდვას ჯანდაცვის „შეფები“ საერთოდ არ აპირებდნენ, საქართველოში დეკემბრის ბოლომდე შემოვა! ივანიშვილის რისხვის შედეგად, საქართველოში ვაქცინაც შემოვა, ოღონდ არა აპრილში და არა – ამერიკული, რომლიც კლავს, არამედ იანვარში და სხვა!

   კარგია, რომ პროცესის მართვა ივანიშვილმა პირადად გახარიას დაავალა. კარგია, რომ გახარიამ ქართველ სპეციალისტებთან, მათ შორის – უცხოეთში მოღვაწეებთან, კონსულტაციები დაიწყო. კარგია, რომ მიხვდნენ – ტიკარაძის შექმნილი არეული 5-საფეხურიანი სისტემა- „ცხელი ხაზის“, „სასწრაფოს“, „კოვიდ-ცენტრის“, ჯანდაცვის სამინისტროსა და ოჯახის ექიმისგან შემდგარი – არის უვარგისი და უნდა შეიცვალოს!

   ცუდია, რომ სახსრები და ძალები ისევ სწრაფ ტესტირებაზე იხარჯება (ალბათ იმიტომ, რომ ნაყიდი ტესტები რაც შეიძლება მალე, სანამ ივანიშვილი არ დაინტერესდა, დამთავრდეს!). ვიმეორებ – ჯანდაცვაში ჩადენილი უხეში შეცდომების გამო, საქართველოში კორონას ყველა გადაიტანს, ვინც ჯერ არ გადაიტანა, ან ვერ გადაიტანს… სწრაფი ტესტები კი არის ტყუილი, მაგრამ 100 პროცენტით სწორიც რომ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს?! პირბადე ყველამ უნდა ატაროს, დისტანციას იცავდეს და ხელებს იბანდეს! არც ერთმა ინფექციონისტმა ზუსტად არ იცის – რამდენი დღე უნდა გამოჯამრთელებას და რამდენი დღე ადამიანი არის ვირუსის მატარებელი; რამდენი თვე გვექნება იმუნიტეტი და რა გართულებას ტოვებს კორონა. ტესტირება, როცა მთელი მოსახლეობა ავად არის, რა შუაშია?! ავად ხარ – იმკურნალე, სახლში, თუ ფული გაქვს, ან საავადმყოფოში, თუ ფული არ გაქვს, ან თუ უკვე ძალიან ცუდათ ხარ – იმდენად ცუდათ, რომ საწოლთან, თეთრ ხალათში და ვარდებით ხელში.

   მაგრამ ყველაზე ცუდია, რომ თბილისში კუბო არ იშოვება და კორონით გარდაცვლილებს ცისფერ პარკებში პირდაპირ საავადმყოფოდან ასაფლავებენ….

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი