ყოველი მეშვიდე ადამიანი საარსებო შემწეობის იმედად! – რა მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა!?

გასულ კვირას სოციალური მომსახურების სააგენტომ საარსებო შემწეობის მიმღებთა ოქტომბრის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის განახლებულმა მაჩვენებელმა დაადასტურა და უფრო ნათლად წარმოაჩინა ის მდგომარეობა, რაზეც ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორები ბოლო თვეების განმავლობაში მიუთითებს.

ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 510 343 ადამიანი იღებს, ეს სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ყოველი მეშვიდე მოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

ჯერ კიდევ ახალ, მასშტაბურ შეზღუდვებამდე მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ვარაუდობდნენ, რომ საქართველოს ეკონომიკა წელს 5%-ით შემცირდებოდა. ნოემბრის ბოლოს ახალი შეზღუდვების დაწესებით შესაძლო ზიანი კიდევ უფრო გაიზარდა. “ამ შეზღუდვების ფასს ჩვენ ვაკონტროლებთ და ვთვლით, რომ ეს იქნება მშპ-ს 0.7-0.8%, მეტი არა”- განაცხადა მაშინ გიორგი გახარიამ.

არადა ახალ შეზღუდვებამდე ცოტა ხნით ადრე, მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ ახალ ლოქდაუნს ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებდა. ამის მიუხედავად, მთავრობამ 28 ნოემბრდან კომენდანტის საათი გამოაცხადა, შეაჩერა სავაჭრო ცენტრების, კვების ობიექტებისა და ბაზრობების მუშაობა, აკრძალა საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, თუმცა მთავრობაში ამას „წერტილოვან შეზღუდვებს“ უწოდებენ.

მართლაც, იმის რისკი, რომ ქვეყნის ეკონომიკა არსებულ წნეხს ვერ გაუძლებს, საკმაოდ მაღალია. მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5.7-5.8%-ით ან მეტით შემცირდება, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ამაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა ბოლოს 1994 წელს შემცირდა. მაშინ მშპ-ს კლებამ 10% შეადგინა. ამის შემდეგ საქართველოს ეკონომიკამ ყველაზე დიდი დარტყმა 2009 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიისა და გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე მიიღო, თუმცა მაშინ კლება თითქმის ორჯერ ნაკლები იყო და 3.6%-ს შეადგენდა.
გაჩერებული ტურიზმი და უმუშევრად დარჩენილი 17 500 მოქალაქე

ამგვარ ეკონომიკურ ვარდნას თავისი მიზეზები აქვს, მათ შორის უპირველესად ის, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად სწორედ საგარეო მოთხოვნით იყო განპირობებული. შესაბამისად, მარტის შემდეგ ჩაკეტილმა საჰაერო და სახმელეთო საზღვრებმა პრაქტიკულად სრულად მოსპო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული შემოსავლის უმსხვილეს წყაროდ ჩამოყალიბდა.

მარტივად რომ ვთქვათ, ჩაკეტილი საზღვრების გამო ქვეყნის ეკონომიკამ დაკარგა 9-მილიონიანი ბაზარი საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების სახით. წინა წლებში ისინი აქ ხარჯავდნენ ფულს, ყიდულობდნენ სხვადასხვა პროდუქციასა და თუ სერვისს. ტურიზმის სექტორის კომბინირებული წილი, ქვეყნის მშპ-ში მომიჯნავე მომსახურებისა თუ სარესტორნო ბიზნესის ჩათვლით, დაახლოებით 25%-ს უტოლდება. დღევანდელ ვითარებაში ტურიზმის ინდუსტრია პრაქტიკულად აღარ არსებობს, რაც, ინდუსტრიის ზომიდან გამომდინარე, საყოველთაო ზარალს გულისხმობს, რომელიც ეკონომიკის თითქმის ყველა სხვა სექტორსაც შეეხება.

მაგალითად, საქართველოში დაახლოებით 300 000 ადამიანია, რომელსაც დეკლარირებული შემოსავლის სახით თვეში 100-დან 300 ლარამდე აქვს. ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა სეზონურად იყო დასაქმებული, ამ სამუშაო ადგილებს კი უმთავრესად სწორედ ტურიზმის სექტორი ქმნიდა.

მთავრობის წევრების არაერთი დაპირების მიუხედავად, რომ საზღვრები ივლისიდან გაიხსნება და ტურიზიც აღდგება, ქვეყანა კვლავაც ჩაკეტილია. ეს დრამატულად აისახა ეროვნულ შემოსავალზე – ნოემბრის მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.3 მილიარდი დოლარით არის შემცირებული, რაც მშპ-ს დაახლოებით, 4.6%-ს შეადგენს.

შედარებისთვის, წინა წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ტურიზმიდან 2.8 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო, წელს იგივე მაჩვენებელი 512 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ცხადია, ამან დრამატულად შეამცირა ქვეყანაში შემომავალი უცხოური ვალუტის მოცულობა, რამაც დამატებითი წნეხი შექმნა ლარის გაუფასურებისთვის.

ტურისტული სექტორიდან მიღებული შემოსავლები შემდეგნაირად გამოიყურება:

2019 წლის, იანვარი – $164,5 მლნ; 2020 წელი – $193,4 მლნ;
2019 წლის თებერვალი – $169,2 მლ 2020 წელი – $160.5 მლნ;
2019 წლის მარტი – $244,7 მლნ; 2020 წელი – $73,8 მლნ;
2019 წლის აპრილი – $267,2 მლნ; 2020 წელი – $8.5 მლნ;
2019 წლის მაისი – $270,4 მლნ; 2020 წელი – $9,1 მლნ;
2019 წლის ივნისი – $340 მლნ; 2020 წელი – $11.2 მლნ;
2019 წლის ივლისი – $395,4 მლნ; 2020 წელი – $12,1 მლნ;
2019 წლის აგვისტო – $412,8 მლნ; 2020 წელი – $14.8 მლნ;
2019 წლის სექტემბერი – $318,6 მლნ; 2020 წელი – $15,7 მლნ;
2019 წლის ოქტომბერი – $266,8 მლნ; 2020 – $15.2 მლნ;

ამგვარი დანაკარგი, ცხადია, პირდაპირ აისახა მასპინძლობის სფეროში დასაქმებულ ათასობით ადამიანზე, მათ შორის 1 100-მდე საშუალო ზომის და 1 500-მდე საოჯახო ტიპის და ე.წ. გესტჰაუსებზე. შესაბამისად, მცირე და საშულო ბიზნესზე, სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე. შედარებისთვის, თუკი შარშან განთავსებისა და კვების მიწოდების ობიექტებში ჯამურად 48 634 მოქალაქე იყო დასაქმებული, ბოლო მონაცემებით, მაჩვენებელი 31 039-მდე შემცირდა.

ამ ორ სფეროში დასაქმებულთა რიცხვი შემდეგნაირად იცვლებოდა:

2016 წელი – 37 431 მოქალაქე;
2017 წელი – 42 154 მოქალაქე;
2018 წელი – 45 663 მოქალაქე;
2019 წელი – 48 634 მოქალაქე;
2020 წლის III კვარტალი – 31 039 მოქალაქე;

ამგვარად, მხოლოდ ამ ორ სექტორში უმუშევრად დარჩა17 500 მოქალაქე. სავარაუდოა, რომ დარჩენილ ნაწილს შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირდა. აქვე უნდა ითქვას, რომ საუბარია მხოლოდ იმ მონაცემებზე, რომელიც დაკვირვებადი ეკონომიკის ნაწილს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკა, სავარაუდოა, რომ ვითარება კიდევ უფრო დრამატულია.

ცხადია, მთავრობამ სექტორს გარკვეული შეღავათები დაუწესა, მათ შორის საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან გათავისუფლება და, ასევე, საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირება. მაგრამ ამ ზომების ეფექტი ძალიან უმნიშვნელოდ შეამცირებს იმ ზარალს, რაც სფეროს ჩაკეტილი საზღვრების პირობებში მიადგა. ამასვე ადასტურებს ის, რომ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით სარგებლობა მხოლოდ 713-მა განთავსების ობიექტმა შეძლო, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 27%-ია.
ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებული ინვესტიციები

გუშინ, 9 დეკემბერს საქსტატმა მესამე კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების მონაცემებით, მოცემულ პერიოდში ქვეყანაში სულ 302.6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2012 წლის შემდეგ მესამე კვარტალისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ზრდა წინა კვარტალთან შედარებით, 25%-ია, თუმცა უფრო ზუსტი იქნება, თუკი მაჩვენებელს შარშანდე ლმონაცემებს შევადარებთ. წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით, წელს ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ითაა შემცირებული. ამავე პერიოდში 28 მილიონი დოლარით შემცირდა ინვესტირება სასტუმროებსა და რესტორნებში, 21 მილიონი დოლარით ტრანსპორტის სფეროში, ხოლო უძრავ ქონებაში ინვესტირება 16 მილიონი დოლარითაა შემცირებული.

ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ წლის მესამე კვარტალი, როგორც წესი, ყველაზე აქტიურია და სწორედ ამ პერიოდში ხორციელდება ყველაზე მეტი ინვესტიცია. ვითარება კიდევ უფრო დრამატულია, თუ წლის პირველი სამი კვარტალის ჯამურ მონაცემებს დავაკვირდებით.

წელს საქართველოში სულ 718 მილიონი ლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

წლის პირველ სამ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

2010 წელი – $624.4 მილიონი;
2011 წელი – $804.8 მილიონი;
2012 წელი – $780 მილიონი;
2013 წელი – $787.5 მილიონი;
2014 წელი – $1.3 მილიარდი;
2015 წელი – $1.36 მილიარდი;
2016 წელი – $1.35 მილიარდი;
2017 წელი – $1.44 მილიარდი;
2018 წელი – $1.1 მილიარდი;
2019 წელი – $946 მილიონი;
2020 წელი – $718 მილიონი;

ინვესტიციების მკვეთრი შემცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2018 წლიდან მოყოლებული, მცირდება. შედარებისთვის, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს ინვესტიციები 34%-ით შემცირდა, ხოლო 2019 წელს კი თითქმის უცვლელი დარჩა და 0.02%-ით გაიზარდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო წლების განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება:

2016 წელი – $1.652 მილიარდი;
2017 წელი – $1.978 მილიარდი;
2018 წელი – $1.306 მილიარდი;
2019 წელი – $1.310 მილიარდი;
2020 წლის III კვარტალი – $718 მილიონი;

ცხადია, შემცირებული ინვესტიციები, შეჩერებულ ტურიზმთან ერთად გამანადგურებლად მოქმედებს ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე.
რეკორდულად გაზრდილი საგარეო ვალი, ბიუჯეტი და შემცირებული შემოსავალი

გასულ კვირაში, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო, გადამუშავებული, მესამე ვერსია წარუდგინა. კანონპროექტის მიხედვით, გაისად ქვეყნის ბიუჯეტი რეკორდულ 18.4 მილიარდ ლარს გაუტოლდება.

ამავე დოკუმენტის თანახმად, მთავრობის ხარჯები, მიმდინარე წელთან შედარებით 2.5 მილიარდი ლარით იზრდება. გაზრდილი ხარჯების ფინანსირების მთავარი წყარო კი, წლევანდელის მსგავსად, ახალი საგარეო ვალი იქნება.

მთავრობის გეგმის მიხედვით გაისად ქვეყანა 5.2 მილიარდ ლარს ისესხებს. ახალი ვალის დიდი ნაწილი მთავრობის მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისა [1.4 მილიარდი ლარი] და ბიუჯეტის კრედიტების [2 მილიარდი ლარი] მხარდაჭერისთვისაა გათვალისწინებული.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რეკორდული ეკონომიკური ვარდნის მიუხედავად, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის მოცულობა არათუ არ მცირდება, არამედ იზრდება. შედარებისთვის, თუ მიმდინარე წელს ჯამურად შრომის ანაზღაურებაზე 1.55 მილიარდი ლარი დაიხარჯა, გაისად იგივე მაჩვენებელი 1.61 მილიარდს გაუტოლდება.

აღსანიშნავია, რომ ახალი ბიუჯეტის მიხედვით დაფინანსება 8 სამინისტროს ეზრდება და მხოლოდ 2-ს – გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს უმცირდებათ. საჯარო სექტორის ხარჯებთან ერთად 25 მილიონი ლარით იზრდება ინოვაციების სააგენტოს ბიუჯეტი, ნახევარი მილიონი ლარით იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება. უცვლელად რჩება ფეხბურთის განვითარების პროგრამის დაფინანსება. სახელმწიფო ამ მიზნისთვის გაისად 37 მილიონ ლარს დახარჯავს.

რაც შეეხება საგარეო ვალს, გაისად საქართველოს სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა რეკორდულ 33.6 მილიარდ ლარს გაუტოლდება და ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს. მოცემული 33.6 მილიარდი ლარიდან 27.7 მილიარდი ლარი – საგარეო ვალი, ხოლო საშინაო ვალი კი თითქმის 6 მილიარდი ლარი იქნება.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნაც, რომლის მიხედვითაც მხოლოდ წელს ლარის გაუფასურების გამო სახელმწიფო ვალის მოცულობა 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა. ამავე დასკვნის მიხედვით, ლარის ერთჯერადი, შოკური გაუფასურების შემთხვევაში საგარეო ვალის მოცულობა მომენტალურად მშპ-ს 72%-ს გადააჭარბებს, რაც საქართველოს განვითარების დონის ქვეყნითვის ძალიან არასასურველია.

ამასთანავე, დაუსაბუთებელია, მთავრობის ოპტიმიზმი ბიუჯეტში შემოსული გადასახადების მოცულობის ზრდასთან დაკავშირებით. მთავრობა გაისად ბიუჯეტში 11.1 მილიარდი ლარის შემოსავალს ვარაუდობს, საიდანაც 92%-ზე მეტი გადასახადებიდან უნდა შემოვიდეს. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ოპტიმისტური ვარაუდია, რადგანაც უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ამოღებული გადასახადების მოცულობა დიდი ალბათობით შემცირდება.

მაგალითად, 2021 წელს საშემოსავლო გადასახადის სახით მთავრობა 3.6 მილიარდი ლარის მიღებას გეგმავს, რაც 400 მილიონით მეტია, კრიზისამდელი 2019 წლის მაჩვენებელზე. მთავრობა 85 მილიონი ლარით მეტის მიღებას გეგმავს მოგების გადასახადიდან, 1.2 მილიარდი ლარით მეტის ამოღებას გეგმავს მთავრობა დღგ-ს გადასახადიდანაც, 52 მილიონი ლარით იზრდება აქციზის გადასახადიდან ამოსაღები თანხის მოცულობაც.

მიმდინარე პერიოდში საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადიდან მიღებული შემოსავლები მცირდება. შემცირებული და რიგ შემთხვევაში გაჩერებული ბიზნესი რამდენად შეძლებს მომავალში განვითარებას, ძნელი სათქმელია.

წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებული ადამიანების რიცხვი 7.2%-ით შემცირდა და სულ 645 600-ს გაუტოლდა. 8.8%-ით, 11.6 მილიარდ ლარამდე შემცირდა სექტორის წარმადობა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს 200-ლარიანი უმუშევრობის კომპენსაცია სულ 162 000-მა უნიკალურმა ბენეფიციარმა მიიღო, სწორედ ესაა იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც შეძლეს, დამტკიცებინათ სახელმწიფოსთვის, რომ შემოსავალი შეუმცირდათ. აღსანიშნავია, რომ ამ კომპენსაციას 6 თვის განმავლობაში სულ 70 130 ადამიანი იღებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამდენ ადამიანს არ აუღია ხელფასი, სულ ცოტა, 6 თვის განმავლობაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაზაფხულზე ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია ქვეყანაში არსებული 820 000 თვითდასაქმებულიდან 248 817-მა მოქალაქემ მიიღო. სულ პროგრამაში განაცხადი 251 167 მოქალაქემ შეიტანა, თუმცა მათ ვერ შეძლეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა. მოსალოდნელია, რომ პროგრამის მეორე ეტაპზე კომპენსაციას არეალის კიდევ უფრო დავიწროების გამო, მაქსიმუმ, 120-125 000 მოქალაქე მიიღებს.

ახალი შეზღუდვების ფონზე სექტორის წინაშე არსებულ რისკებზე საუბრობენ სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები. მათი თქმით, თუ მთავრობა მათ არ მისცემს საშუალებას, რომ მუშაობა 24 დეკემბრიდან კი არა, არამედ 15 დეკემბრიდან განაახლონ, მათ, შესაძლოა, 1 მილიარდი ლარით იზარალონ.

მოლების ადმინისტრაციის თქმით, ამ პირობებში ისინი ვერ შეძლებენ სექტორში დასაქმებული ადამიანების შენარჩუნებას და მნიშვნელოვანი შემცირებების გატარება მოუწევთ.
გაუფასურებული ლარი და გაძვირებული ცხოვრება

არსებული სავალუტო დანაკარგებისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მოსალოდნელად უფასურდება ეროვნული ვალუტაც, რასაც ეროვნული ბანკის გაძლიერებული სავალუტო ინტერვენციებიც ვერ აჩერებს.

მიმდინარე წელს ლარის გასამყარებლად ეროვნულმა ბანკმა რეკორდული 25 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. ჯამურად ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან რეკორდული 843 მილიონი დოლარი გაყიდა. ამის მიუხედავად, ამან ხელი ვერ შეუწყო ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას. ყოველი მსგავსი აუქციონის შემდეგ, ლარი საშუალოდ 0.4-0.5 თეთრით მყარდებოდა.

2020 წლის პირველ იანვარს 1 დოლარის ღირებულება 2.8661 ლარს შეადგენდა, ხოლო დღევანდელი მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება კი 3.2812 ლარია. ამგვარად, მიმდინარე წელს ლარი დოლართან მიმართებით 14.4%-ით არის გაუფასურებული.

კიდევ უფრო მეტად გაუფასურდა ლარი ევროსთან მიმართებით – თუ პირველ იანვარს 1 ევროს ღირებულება 3.2143 ლარს შეადგენდა, დღევანდელი მონაცემებით 1 ევრო 3.9781 ლარი ღირს. ამგვარად, ევროსთან მიმართებით, ლარი 23.7%-ით არის გაუფასურებული.

ცხადია, ეროვნული ვალუტის ამგვარი გაუფასურება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასების ზრდაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს – მარტივად, რომ ვთქვათ, ქვეყანა უფრო მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის.

ინფლაციის, ანუ სამომხმარებლო ფასების ზრდის დონემ ნოემბერში წლიურად 3.8% შეადგინა, რაც, ერთი შეხედვით, არ არის მაღალი მაჩვენებელი და მიზნობრივს მცირედით ჩამორჩება, მაგრამ სურათი იცვლება, თუ ინფლაციის სტრუქტურას უფრო დეტალურად დავაკვირდებით.

საქმე ის არის, რომ ინფლაციის საზომად სამომხმარებლო კალათაში შემავალი 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ფასები გამოიყენება, აქედან რიგ სასაქონლო ჯგუფებში, რომლებიც პირველადი გამოყენების კატეგორიას არ განეკუთვნება ინფლაცია ძალიან დაბალია. ეს კი დადებითად მოქმედებს ინფლაციის ჯამურ მაჩვენებელზე.

შესაბამისად, შედარებით დაბალი ჯამური მაჩვენებლის მიუხედავად, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, როგორიცაა სურსათი, ფასები, შესაძლოა, მაინც მაღალი ტემპით იზრდებოდეს. ნოემბრის სტატისტიკის მიხედვით ეს სწორედ ასეა – სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 6%-ით არის გაზრდილი. ფასების ზრდა სხვადასხვა ქვეჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

ზეთი და ცხიმი – +23%;
თევზეული – +9%;
პური და პურპროდუქტები – +7.1%;
ხორცი და ხორცპროდუქტები – +3.7%;
ჩაი, კაკაო, ყავა – +12.2%;
რძე, ყველი, კვერცხი – +8%;

ამის პარალელურად თითქმის 9%-ით არის გაზრდილი ფასები ჯანდაცვის მომსახურებაზე. ამ ყველაზე საბაზისო პროდუქტებზე ფასები საგრძნობლად უფრო მაღალი ტემპით იზრდება, ვიდრე ინფლაციის საშუალო დონე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონეც განუხრელად უარესდება.

ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ისიც, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის, რა ტემპებით აღდგება სრულად ეკონომიკური საქმიანობა, უკვე ცნობილია, რომ ქვეყანა პრაქტიკულად დახურულ რეჟიმში რჩება იანვრის ჩათვლით. დიდი ალბათობით, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გავრცელებასა და მთავრობის მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

თუმცა ამ თვალსაზრისითაც ქვეყანა არასახარბიელო მდგომარეობაშია და ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფაზაში იმყოფება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

მიმდინარე პოლიტიკური პროცესი დიდი ალბათობით ხელს არ შეუწყობს ეკონომიკური კრიზისის სწრაფ და ეფექტიან დაძლევას.
Geo info from.