პიარში დახარჯული 11.5 მილიონი ლარი – “ფლანგვის დეტექტორი” მერიის ხარჯების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

2018 წლის თებერვალში თბილისის მერიაში ა(ა)იპ “საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო” შეიქმნა.

სააგენტოს დაფინანსება კი ყოველწლიურად იზრდება – 2018 წელს გამოიყო – 2,717,500 ლარი, 2019 წელს 4,078,600 ლარი, 2020 წელს კი 4,667,700 ლარი.

ჯამში 2018-2020 წლებში თბილისის ბიუჯეტიდან ეს სააგენტო 11,463,800 ლარით დაფინანსდა.

რაც შეეხება სააგენტოში დასაქმებულების ხელფასებს “ფლანგვის დეტექტორის” მონაცემებით, დირექტორმა ეკატერინე ჯოჯუამ 2018-2019 წლებში შრომის ანაზღაურების სახით 117,762 ლარი მიიღო, სულ კი ამ 2 წელში, სააგენტოში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე 1,703,100 ლარია დახარჯული.

შთამბეჭდავია  facebook პიარში დახარჯული თანხებიც:

2020 წლის 9 თვის განმავლობაში სააგენტომ უკვე დახარჯა 2,025,000 ლარი. ამ პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელის facebook საშუალებით მოხდა მოსახლეობის ინფორმირება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის შესახებ რაშიც 51,900 ლარი დაიხარჯა. 36,000 ლარი დაიხარჯა მერიისა შესახებ მედიასაშუალებებით გასული ინფორმაციის მონიტორინგში, ხოლო სხვა საინფორმაციო ხასიათის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმან 672,800 ლარი შეადგინა.

2019 წელს მერიამ სოციალურ ქსელ facebook საშუალებით ინფორმაციის გასავრცელებლად 235,900 ლარი დახარჯა, სხვა საინფორმაციო ხასიათის მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებმა კი 2,001,000 ლარი შეადგინა. 165,900 ლარი დაიხარჯა საინფორმაციო ბანერ-კონსტრუქციების, საოფისე ავეჯის, კომპიუტერული ტექნიკის, ფოტოაპარატი და ფოტოაპარატის სხვადასხვა სახის ნაწილების შესაძენად, ხოლო 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საკომუნიკაციო კამპანიისათვის 92,300 ლარი სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

2018 წელს კი 2,352,700 ათასი ლარი დაიხარჯა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და რაიონის გამგეობების დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო კამპანიაში. მათ შორის დამზადდა საინფორმაციო მასალები და ვიდეორგოლები, რეკლამა განთავსდა მედია-სივრცესა და სოციალურ ქსელებში.