ბაქოში სამხედრო აღლუმზე ნაალაფარის სახით ჩატარებული ეს აფეთქებული სომხური “გრადი” ყარაბაღის მესამე ომში აზერბაიჯანის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა

საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც თვალს ადევნებდა თვენახევრიან ყარაბაღის მესამე ომს, გაუჩნდა შეგრძნება, რომ ის, რაც ყარაბაღში გამოვიდა, ანუ აზერბაიჯანმა თითქმის აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა, შეიძლება წარმატებით განმეორდეს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთშიც…

ეს ფიქრი მარტო საქართველოში არ გასჩენიათ, ომით დაკარგულის ომითვე დაბრუნების იმედი ჩაესახათ მოლდოველებს – დნესტრისპირეთთან, უკრაინელებს კი ოკუპირებულ ყირიმსა და ჯერ კიდევ ბრძოლის ველად ქცეულ დონბასთან დაკავშირებით. მაგრამ შეიძლება თუ არა რეალური გახდეს სცენარი, რომლის მიხედვით საქართველო, მოლდოვა და

-0:02

უკრაინა, აზერბაიჯანელების მსგავსი სტრატეგიითა და ტაქტიკით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეძლებენ?

სამწუხაროდ, ეს ძნელად წარმოსადგენია, რადგან ყარაბაღის გამო დაპირისპირება თავისი არსით განსხვავებული იყო ცხინვალის, აფხაზეთის, დნესტრისპირეთისა თუ ყირიმ-დონბასის შეიარაღებული კონფლიქტებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანის ინსპირატორი კრემლი გახლდათ. ძირითადი განსხვავება ის არის, რომ მთიანი ყარაბაღის გამო

კრემლმა ერთმანეთს ორი მეზობელი სახელმწიფო – აზერბაიჯანი და სომხეთი დაუპირისპირა და თვითონ თითქოს განზე გადგა, ანუ მთიან ყარაბაღში მოქმედ სომხურ სეპარატისტულ ძალას მთავარ დახმარებას სომხეთის რესპუბლიკა უწევდა, მაშინ, როდესაც ოსი, აფხაზი, დნესტრისპირელი, ყირიმელი და დონბასელი სეპარატისტების უკან თავად რუსეთი იდგა.

მართალია, 1994 წელს ყარაბაღის პირველი ომი სომხეთის გამარჯვებით იმიტომ დამთავრდა, რომ რუსეთმა მას დიდი სამხედრო-პოლიტიკური დახმარება აღმოუჩინა (მაშინ, როდესაც ბაქოში სამოქალაქო დაპირისპირება მიმდინარეობდა), მაგრამ 2016 წელს ყარაბაღის მეორე ომში უკვე გამოჩნდა, რომ პუტინის რუსეთი ისე ერთპიროვნულად აღარ დადგებოდა ერევნის ინტერესების დასაცავად, როგორც მანამდე 24 წლით ადრე ელცინის ხელისუფლებამ გააკეთა.

2016 წელს ყარაბაღის მეორე, ოთხდღიან ომში კრემლმა ერთგვარი ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა, რაც, უპირველესად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ჭკვიანური დიპლომატიის შედეგი გახლდათ – მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტისგან განსხვავებით, ალიევი პუტინს “ლილიპუტინად” არ მოიხსენიებდა უახლოეს გარემოცვაშიც კი, რადგან იცოდა, ამ ამბავს, ადრე თუ გვიან, კრემლში მიიტანდნენ. პირიქით, მან აზერბაიჯანი რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სამხედრო-ტექნიკურ პარტნიორად აქცია და რუს პოლიტიკოსებსა და ოლიგარქებს დაანახვა, რომ ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარი აზერბაიჯანი უფრო მომგებიანი პარტნიორი შეიძლებოდა ყოფილიყო რუსული ბიზნესისთვის, ვიდრე მუდმივად მთხოვნელის მდგომარეობაში მყოფი ღარიბი სომხეთი, რომელიც რუსულ იარაღს ისევ რუსული კრედიტით ყიდულობდა (თანაც ისეთ მიზერულ ფასად, რაც მხოლოდ რუსეთის არმიისთვის იყო განსაზღვრული), ბაქოს კი რუსულ ტანკებსა და შვეულმფრენებში იარაღის მსოფლიო ბაზრის შესაბამისი ფასის გადახდა შეეძლო.

2020 წლის ყარაბაღის მესამე ომის დაწყებამდე აზერბაიჯანს 5 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო ტექნიკა და სამხედრო საჭურველი ჰქონდა შეძენილი. სწორედ ამ რუსულმა ტანკებმა, საარტილერიო დანადგარებმა, შვეულმფრენებმა თუ ავტომატებმა შეასრულა მთავარი როლი აზერბაიჯანის არმიის გამარჯვებაში, მიუხედავად იმისა, რომ თურქული და ისრაელის დრონების მიერ გადაღებული უზუსტესი საჰაერო წერტილოვანი დარტყმები უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა.

ოფიციალური ბაქო არ მალავს, რომ სომხეთის მიერ 26 წლის წინ ოკუპირებული მთიანი ყარაბაღისა და კიდევ შვიდი რაიონის დასაბრუნებლად მან მოსკოვთან გარიგება დადო – რუსეთი ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, სანამ აზერბაიჯანული არმია, თურქეთის სადაზვერვო და ოპერატიული მართვის თანხლებით, ბრძოლით ათავისუფლებს მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე შვიდ რაიონს, ხოლო მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების სახით რუსული კონტინგენტი დგება.

ეს გეგმა ასეც განხორციელდა ერთი კომპონენტის გამოკლებით – სანამ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ყოყმანობდა, დასთანხმებოდა თუ არა პუტინის შეთავაზება-ულტიმატუმს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ალიევმა დრო იხელთა და უშუალოდ მთიან ყარაბაღში ქალაქი შუშაც გაათავისუფლა. ფაშინიანს ერთი-ორი დღეც რომ ეყოყმანა, აზერბაიჯანელები სტეფანაკერტს (ხანკენდისაც) აიღებდნენ და რუსებს აღარსად დარჩებოდათ ადგილი თავიანთი “სამშვიდობო” ძალების ჩასაყენებლად. ფაშინიანმა ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებით, ფაქტობრივად, სომხებს შეუნარჩუნა მთიანი ყარაბაღის ნაწილი და სრულ განადგურებას გადაარჩინა სომხეთის არმია.

ის, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა გააკეთა, ანუ ქვეყნის ტერიტორიის მთლიანობის თითქმის აღდგენისთვის რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გაურიგდა, საქართველოსთვის მიუღებელი ჩანს, რადგან ასე რომ მოიქცეს, საქართველომ უარი უნდა თქვას დასავლეთთან ურთიერთობაზე (რუსეთის ხელშეწყობით ყარაბაღის მესამე ომში გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანის საერთაშორისო ურთიერთობა დასავლეთთან, განსაკუთრებით კი საფრანგეთთან მკვეთრად გაუარესდა, რაზეც გავლენა ევროპა-თურქეთის დაპირისპირებამაც მოახდინა), დაივიწყოს ნატოში გაწევრების პერსპექტივა, ასევე დაემშვიდობოს ევროკავშირში მიღებაზე ოცნებას.

თუმცა შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ კრემლი ასეთი დიდი მსხვერპლშეწირვის მიუხედავადაც არ დასთანხმდება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთისთვის “დამოუკიდებლობის” ჩამორთმევას და საქართველოს იურისდიქციაში მათ დაბრუნებას. უკეთეს შემთხვევაში ის მოითხოვს ფედერაციის შექმნას, რომელშიც ამ სეპარატისტულ რეჟიმებს დიდი უფლებამოსილება დარჩებათ, საკუთარი “არმიების” ყოლის ნებართვის ჩათვლით.

საქართველომ ისევ ომით რომ სცადოს ომით დაკარგულის დაბრუნება, ამას უარესი შედეგი მოჰყვება, რადგან კვლავ რუსეთის არმიასთან მოგვიწევს შებრძოლება.

ერთგვარი ჩაკეტილი წრე გამოდის, საიდანაც გამოსავლად შეიძლება ჩანდეს ძლიერი და, ამასთანავე, ერთგული სტრატეგიული პარტნიორის მოძებნა, მაგალითად, ისეთის, როგორიც აზერბაიჯანისთვის არის თურქეთი (რამდენიმე წლის წინ სომხებსაც შეეძლოთ დაეფიცათ, რომ სწორედ რუსეთია სომხეთის მთავარი მფარველი ძალა, თუმცა დღეს ამის სათქმელად ენა ნაკლებად მოუბრუნდებათ).

საქართველოს ასეთი ძლიერი და, რაც მთავარია, ერთგული პარტნიორის მანტია ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ვერ, უფრო სწორად – არ მოირგო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში, აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკასა და მალიში ნატოს ინტერესებისთვის (განსაკუთრებით – საფრანგეთის ინტერესებისთვის აფრიკაში) დიდი კონტრიბუცია გადაიხადა და დღესაც აგრძელებს თავისი წვლილის შეტანას.

თუ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია შავი ზღვის რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერების სტრატეგიის ფარგლებში საქართველოსთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის სერიოზული გაღრმავებით დაინტერესდებიან, ეს ჩვენთვის ამოსუნთქვად იქცევა, თუმცა უახლოეს მომავალში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი მაინც არ უნდა გვქონდეს, რადგან გვინდა ამის აღიარება თუ არა, ცხინვალისა და სოხუმის გასაღებები მოსკოვშია.

ალიევმა და ერდოღანმა სომხეთზე გამარჯვება ერთად იზეიმეს

ყარაბაღის ომის დამთავრებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, 10 დეკემბერს, ბაქოში გამარჯვების აღლუმი გაიმართა, რომელზეც სომხეთის არმიაზე გამარჯვების სიხარული აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიყვეს.

სამხედრო აღლუმში 3 ათასამდე აზერბაიჯანელი და თურქი სამხედრო მონაწილეობდა, ტრიბუნის წინ კი 150-მდე საბრძოლო ტექნიკამ ჩაიარა.

სხვა დროს ბაქოს ცენტრში უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო აღლუმებიც გამართულა, მაგრამ ეს გამარჯვების აღლუმი მათგან იმით განსხვავდებოდა, რომ მსვლელობა ბრძოლის ველზე ნაალაფარმა, სომხეთის არმიის ყოფილმა საბრძოლო ტექნიკამ დაიწყო – საარტილერიო დანადგარები, ტანკები, “გრადები”, “ოსები”, “გვოზდიკები” ჯერ კიდევ სომხეთის სამფეროვანი დროშით აღბეჭდილი, მაგრამ ბრძოლებში დაზიანებული იყო.

ბაქოში გამარჯვების აღლუმის ჩატარებამდე ვრცელდებოდა ხმა, რომ ნაალაფარ სომხურ საბრძოლო ტექნიკასთან ერთად აზერბაიჯანელები სომეხი სამხედრო ტყვეების ჩატარებასაც აპირებდნენ, დაახლოებით ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს მოსკოვის ქუჩებში ჩაატარა სტალინმა ათასობით გერმანელი სამხედრო ტყვე.

ერევანში აცხადებდნენ, რომ თუ ბაქო ამას გააკეთებდა, ეს სომხების უდიდეს შეურაცხყოფად იქცეოდა და მოსკოვს სთხოვდნენ, ამისთვის ხელი შეეშალა. ძნელი სათქმელია, სომხების თხოვნამ გაჭრა, პუტინმა ურჩია ალიევს, სომეხი სამხედრო ტყვები გამარჯვების აღლუმზე არ გამოეჩინა, თუ აზერბაიჯანის ხელისუფლებას არც ჰქონდა ასეთი ჩანაფიქრი, მაგრამ ერევანში მაინც მშვიდად ამოისუნთქეს, როდესაც სამხედრო ტყვე თანამემამულეები ბაქოს აღლუმზე ვერ დაინახეს.

ნაალაფარი სომხური არტილერიისა და ჯავშანტექნიკის შემდეგ აღლუმზე გამოჩნდა ის ძირითადი საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება, რომელმაც აზერბაიჯანის არმიას ყარაბაღის მესამე ომში გამარჯვება მოუტანა. ეს იყო რუსული, თურქული, ისრაელის, ბელორუსისა და თავად აზერბაიჯანის წარმოებული შეიარაღების ნიმუშები – ტანკები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემები და, რა თქმა უნდა, რამდენიმე ტიპის სადაზვერვო, დამრტყმელი და ბარაჟირებადი დრონი-კამიკაძეები.

ბაქოს პორტში აზერბაიჯანის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები დრეიფობდნენ, ხოლო ცაში დაბალ სიმაღლეზე აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების შვეულმფრენებმა და თვითმფრინავებმა გადაიფრინეს.

სანამ ბაქოში გამარჯვების აღლუმი მიმდინარეობდა, ერევანში, მთავრობის სახლთან, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის კორტეჟს კვერცხებს ესროდა და მის გადადგომას ითხოვდა. 
ისტორია უცნაურად მეორდება – 1994 წელს, როდესაც მთელი სომხეთი ყარაბაღის პირველ ომში გამარჯვებას ზეიმობდა, ბაქოში ხელისუფლების განაწილებისთვის თითქმის სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა.

ალიევი ლუკაშენკოს შუამავლობით სარგსიანს 5 მილიარდად ყარაბაღის “ყიდვას” სთავაზობდა?

სომხეთში მიმდინარე მწვავე სახელისუფლებო კრიზისის ფონზე სოციალურ ქსელებში გავრცელდა 2016 წლის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო თავის სომეხ კოლეგას სერჟ სარგსიანს აცნობს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის შეთავაზებას, რომ ბაქო 5 მლრდ დოლარს გადაუხდის ერევანს, თუკი სომხები მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე შვიდ აზერბაიჯანულ რაიონს დათმობენ, სარგსიანი კი შუამავლის როლში მყოფ ლუკაშენკოს ალიევთან აბარებს: “სომხეთი იქით გადაუხდის 6 მლრდ დოლარს ბაქოს, რომ დაივიწყოს აზერბაიჯანის ეს შვიდი რაიონი.”

აუდიოჩანაწერის ნამდვილობა სომხურმა მხარემ დაადასტურა, რითაც, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ის შვიდი რაიონი მაინც დაკარგა და ვერც ხუთი მილიარდი მიიღო, არადა, რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა ორივე მხარეს.
kvirispalitra.