ახლა დეპუტატია სერგეენკო და ყველაფერი ეპატიება, მაგრამ ეს მისი მინისტრობის დროს მოხდა” – სკანდალური ინტერვიუ

„ალიას“ წინა ნომერში გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილ მძიმე მდგომარეობას ეხებოდა, მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია! გვირეკავდნენ ექიმები, ექთნები, ჯანდაცვის ვეტერანი  თანამშრომლები და გულისტკივილს ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ დღეს ერთ დროს გამართული უწყება, ასე გაპარტახდა!

დღეს „ალიას“ სტუმარია ადამიანი, რომელიც პროფესიით ექიმია და რომელმაც ჯანდაცვის სისტემაში 40 წელი იმუშავა! მოხალისის დონეზე იმყოფებოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომებში, სადაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა სიკვდილისგან! მან, საჯაროდ, საკუთარი ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, თუმცა მიუხედავად ანონიმურობისა, ყველა კარგად ამოიცნობს…

– რა ხდება დღეს ჯანდაცვის სისტემაში, რატომ არის ასეთი განუკითხაობა და რამ განაპირობა ეს?

– მივესალმები „ალიას“ მკითხველს! გავეცანი თქვენს სტატიას, მართალი გითხრათ, თავი ვერ შევიკავე და დაგირეკეთ…. საქმე კონკრეტულ მინისტრში კი არ არის, იმაშია, რომ აწი ვინც არ უნდა მოვიდეს მინისტრად, მატარებელი უკვე გასულია და ვერანაირი ბარიერი ვეღარ შეაჩერებს მას!

ყველა საავადმყოფო წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა და რაც ვერ გაიყიდა, კი დგას ავარიულ მდგომარეობაში! არა, იმიტომ კი ვერ გაიყიდა, რომ არავის უნდოდააა? მსურველი ბევრი იყო, მაგრამ მაგალითისთვის რესპუბლიკური საავადმყოფო რომ ავიღოთ – მიუხედავად დიდი მცდელობისა და უცხოელი ინვესტორის ჩამოყვანისა, ვერ გაიყიდა იმიტომ, რომ მისი მდებარეობის გეოლოგიური მაჩვენებელი არ იძლეოდა გაყიდვის საშუალებას!

კომუნისტების დროს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე იდგა ვეებერთელა წყალსაქაჩები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში, მუშაობდნენ იმიტომ რომ სარდაფი წყალში იდგა! ახლაც ასეა, აღარ მუშაობს სპეციალური ტექნიკა და არათუ სარდაფი, მეორე სართულამდეა წყალი ამოსული! 

გაყიდეს ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, თან მუქთად იმიტომ, რომ  ყოფილი ხელისუფლების და მასთან დაახლოვებული ადამიანების ხელში იყო ფულიც, კანონიც და სხვა შესაძლებლობებიც!

ჯანდაცვის სისტემაში ვიმუშავე 1993 წლიდან – 2007 წლის 7 ნოემბრამდე, უფრო სწორად, 8 ნოემბრის დილამდე და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ გამანთავისუფლა იმიტომ, რომ ვიყავი ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი! გარდა ამისა, მძულდა „ნაცმოძრაობა“ და ის საქმეები, რაც მათ დაატრიალეს, გნებავთ, ხალხზე ძალადობის და გნებავთ, ჯანდაცვის გაპარტახების კუთხით! ვხედავდი, როგორ გადასცეს ჯანდაცვის სამინისტროს ქონება ჯერ ეკონომიკის სამინისტროს, რომ თავისუფლად გაეყიდათ ის, რასაც მაშინ კახა ბენდუქიძე უკარნახებდათ  და რასაც პრივატიზაცია დაარქვეს! ჯანდაცვის სამინისტროს კი დაუტოვეს მხოლოდ რეგულაციების ფუნქცია და ის აკონტროლებდა იმ თანხებს, რაც კერძო საავადმყოფოებს და სადაზღვევო კომპანიებს ერიცხებოდათ ბიუჯეტიდან! ასევე დარჩა  სამინისტროს ფუნქციად სახელმწიფო პროგრამების მართვა, როგორიცაა ტუბერკულოზი, ფსიქიატრია, შიდსი, ხოლო რესპუბლიკური საავადმყოფო, სამედიცინო უნივესიტეტის კლინიკა და ბათუმის ონკოლოგიური საავადმყოფო დარჩა სამინისტროს! გაიყიდა ყველა პოლიკლინიკა და არც  მედიცინის კატასტროფის ეროვნული ცენტრი, ე.ი. სასწრაფო დახმარების სამსახური  დარჩა მტაცებლების მადის მიღმა! სასწრაფო დახმარების სამსახური, რომელმაც ბრწყინვალედ იმუშავა მიწისძვრების, ომების, 9 აპრილის ტრაგედიის და სხვა უამრავი  კატაკლიზმების დროს, ადგნენ  და გა-ყი-დეს! ანუ ყველაფერი კერძო მფლობელების ხელშია, დაირქვეს ბიზნესმენები და დღეს  კლინიკების მეპატრონეების „ხოშზე“ იმართება ჯანდაცვის სამინისტრო, გამიგეთ? მეტსაც გეტყვით, ასეთი კლინიკების მეპატრონეთა უმრავლესობას, საერთოდ არ აქვთ შეხება მედიცინასთან და ადამიანის ჯანმრთელობას მხოლოდ ბიზნესის თვალით ხედავენ! მაგალითისთვის ასეთი კლინიკების მეპატრონეები ზოგი  შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია, ზოგი – სპორტსმენი, ზოგი – მომღერალი… ზოგი  ამ ხელისუფლების ნებიერასი თუ მოქმედი დეპუტატისა და ვინ შეჰკადრებს გადახრილ სიტყვას, აბა, მითხარით? ამ პანდემიის პირობებში ხომ კარგად გამოჩნდა ის, რომ სახელმწიფო არ შეიძლება კერძო ბიზნესის, მითუმეტეს კერძო სამედიცინო დაწესებულებების იმედად იყოს?

ამასწინათ ხომ დავინახეთ, როგორი მწვავე კრიზისი შექმნეს ასეთმა კერძო კლინიკებმა და სასწრაფო დახმარების სამსახურმა? რატომ? რატომ და იმიტომ გენაცვალე, რომ კერძოა და თავისი შეხედულებისამებრ იქცევა მფლობელი!!! არ უნდა კოვიდ 19-ით დავირუსებული ავადმყოფის მიღება და ვერც მოსთხოვ, იმიტომ რომ მისია და ეგრე უნდა, აბააა?! კერძოა საწრაფო დახმარების  სამსახურიც და ისე იგვიანებს, როგორც მოეპრიანება მის მფლობელს!

– მუნიციპალური საავადმყოფო ხომ აუცილებელია ქვეყნისთვის, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გააკონტროლებს?

– იცით, თქვენ თუ არა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც არცერთი მუნიციპალური, ანუ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი საავადმყოფო არ არსებობს? ერთად-ერთი ქვეყანაა, გესმით? რომ დაუჩემებიათ, ჩვენი დემოკრატია ამერიკულ მოდელზეა მორგებულიო, გაიკითხონ მაინც რამდენი საავადმყოფოა იქ კერძო და რამდენი მუნიციპალური? მე არ ვიძახი, რომ კერძო კლინიკები არ უნდა არსებობდეს, კი ბატონო, უნდა იყოს, მაგრამ  სასიცოცხლოდ აუცილებელია სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კლინიკებიც! ამერიკაში 25% საავადმყოფოებისა არის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში, ანუ მუნიციპალური და შეიგნონ ეს!

– რატომ არ შენდება სახელმწიფოს მიერ ასეთი საავადმყოფოებიი?

– რას ლაპარაკობთ? იმხელა ფული სჭირდება ჯერ აშენებას და შემდეგ მის აღჭურვას, ვინ და რა ბიუჯეტი გასწვდება მაგას? იცით, თქვენ 1 საწოლი თავისი ყველანაირი ტექნიკით, თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი რომ ჯდებაა? სახელმწიფოს ამდენი ფული არ აქვს და არც რომელიმე მეცენატი ბიზნესმენი მეგულება, თუნდაც 1 საავადმყოფო რომ აუშენებს და აჩუქებს ქვეყანას! არ უნდა გაესხვისებინათ! დიახ, ყოველივე ამის შემდეგ, მინდოდა წათრეულიყვნენ ნაცები და მოსულიყო ხელისუფლება, რომელიც იზრუნებდა  მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სფეროს ისეთი სერვისების შეთავაზებას, რომელიც მათ შეუმსუბუქებდა როგორც ჯანმრთელობას, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობას, მაგრამ….

– რატომ „მაგრამ“? ახლა აღარავინ ჰყიდის სახლებს, რომ ოჯახის წევრებს ოპერაციის ფული დაუფინანსონ, განა ასე არ არის?

– ასეა, მაგრამ რის ხარჯზეე? იცით, თქვენ, რომ საყოველთაო  ჯანდაცვის პროგრამა ჩემი დაწერილია? ჯგუფი შევქმენით, სადაც ერთად მუშაობდნენ ამ პროგრამაზე ცხონებული კობა დავითაშვილი და რამდენიმე პიროვნება! „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა, დიდწილად ამ პროგრამამ განაპირობა იმიტომ, რომ ჯანმრთელობა უპირველესია და ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა უფასო მკურნალობას! ეს პროგრამა პირადად არაერთხელ ვაჩვენეთ ბატონ ბიძინას, რომელსაც თავად შეჰქონდა შენიშვნები მცირე სახით… ვსტუმრობდით სოლოლაკშიც, პარტიის ოფისშიც და მოკლედ, ძალიან დავხვეწეთ საბოლოო ვარიანტის დროს, მაგრამ…..

-კიდე „მაგრამ“? საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხომ მუშაობს დღემდე?

– მუშაობს, მაგრამ კიდევ გიმეორებთ, რის ხარჯზეეე? სერგეენკოს მოსვლის შემდეგ საერთოდ შეცვალეს ეს პროგრამა და რაც ყველაზე მთავარია, ამ ცვლილებებით სწორედ სახელმწიფო და ჯანდაცვა გახდა კერძო კლინიკების მეპატრონეების მძევალი, იმიტომ რომ მათ კი არ დაუყენა სახელმწიფომ მოთხოვნები, არამედ პირიქით – კერძო კლინიკების მფლობელებმა და როგორ გგონიათ, ტარიფებს როგორს ჩაწერდნენ ხელშეკრულებებში?!

სერგეენკომ 7 წლის განმავლობაში კერძო კლინიკებს და სადაზღვედვო კომპანიებს გადაურიცხა 4 მილიარდ 500 მილიონი ლარი!

ეს ციფრები, ეკატერინე ტიკარაძე რომ გახდა მინისტრი, მაშინ გაჟღერდა და ითქვა ისიც, რომ კლინიკების სუფთა მოგებამ შედაგინა 1 მილიარდ 200 მილიონი, ანუ 25% გესმით?

დამისახელეთ ბიზნესი მსოფლიოში, რომელიც ამხელა პროცენტით ღებულობს მოგებას? ვერ დამისახელებთ ნარკოტიკების და იარაღის ბიზნესის გარდა, მაგრამ ჩვენთან მოხდა „სასწაული“ და სამედიცინო სფეროში, რეკორდი დავამყარეთ! ბატონი სერგეენკო თავად არ კარნახობდა კერძო კლინიკებს მომსახურების პირობებს, არამედ, კერძო კლინიკების მეპატრონეების შემოთავაზებულ ფასებს თანხმდებოდა და ამიტომაც გავიდნენ ამხელა მოგებაზე! რად უნდა ამას დიდი მკითხაობააა? რამეს ხომ არ ვიგონებ? თავად რაც თქვა ტიკარაძემ და განათავსეს ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე, იმას ვიმეორებ!

სხვათაშორის, ტიკარაძე ვერ გაბედავდა ამ მონაცემების გამოქვეყნებას, მაგრამ იქამდე, როგორც ეტყობა, „ზევიდანაც“ იყვნენ ჩარეულები სუსი და სხვა  სამსახურები, ამ და სხვა ფინანსური მაქინაციების გამო და მოხსნეს სერგეენკო უხმაუროდ! იქამდე კი, გემახსოვრებათ, 4 მილიონის ღირებულების  ფსიქოტროპული  მედიკამენტების უკონტროლო შემოდინებისა და რეალიზაციის  საქმის შესახებაც გახდა ცნობილი, რის გამოც სამინისტროს თანამშრომლები დააპატიმრეს სამართალდამცავებმა!

– ეგ საქმე ძალიან კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ გია თვალავაძე სწორედ სერგეენკოს  გაუმაძღრობისთვის მოხსნეს! არა, ბიჭოდა, ან კერძო კლინიკებს და თუნდაც იმ უკონტროლო ფსიქოტროპულების საქმეებს მხოლოდ მათი მეპატრონეების კეთილი თვალების გამო ტოვებდა თავისი ყურადღების მიღმა! სერგეენკოზე ბევრჯერ მსმენია, რომ დიდი მექრთამე იყო და რომ არ დაიჭირეს, ბიძინას უმადლოდეს….

– ნუ, ახლა დეპუტატია კაცი და ყველაფერი ეპატიება, მაგრამ ვიმეორებ -სერგეენკოს დროს მოხდა ჩვენს მიერ დაწერილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასახიჩრება, მთლიანად შეცვლა და კონკრეტულად, ვინ მიიღო  დიდი სარგებელი – სახეზეა!

ისიც ფაქტია, რომ ტიკარაძემ 520-ე ბრძანებულებით შეუწყვიტა კერძო კლინიკებს ძველი ხელშეკრულებები და ამას დიდი დაპირისპირება მოჰყვა სამედიცინო წრეებში იმიტომ, რომ 7 წლის განმავლობაში, სერგეენკოს წყალობით, დიდ ფულს შოულობდნენ და ახლა შეუმცირდათ შემოსავალი! იყო შეხვედრები მასთან, ერთი ალიაქოთი, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო ახლა მიხვდა საკუთარ შეცდომას, თუმცა უკვე გვიანია….

წარმოიდგინეთ, რომ ომია, სხვა უბედურებების შემოტევაა და კერძო საავადმყოფო დაჭრილების ანდა სხვა ინფექციური დავადებების მატარებელ ადამიანებს არ ღებულობს საკუთარ დაწესებულებაში! ეს ხომ, ადამიანურად, აბსურდია? მაგრამ ბიზნესის ენაზე, კერძო საკუთრებაა და მას უფლება აქვს უარი განაცხადოს  მომსახურებაზე!

მე ვერ წარმომიდგენია, თუ სახელმწიფო გქვია, როგორ უნდა გაგიბედოს ეს ვინმემ? ხომ ვნახეთ, რომ გაბედეს? კიდევ გაბედავენ და ეს არის არანორმალური, ანტისახელმწიფოებრივი და საბოტაჟოს სუნი უდის! რას ქვია გინდა მიიღებ პაციენტს და გინდა – არაააა? ანუ თუ კერძო კლინიკა თავს იმის უფლებას აძლევს, რომ ამ პანდემიის პირობებში, ვირუსით დაავადებულ ადამიანებს არ იღებს და გეუბნება – გახსენი საველე საავადმყოფოები, შეიყვანე სასტუმროებში და ა.შ. მაგრამ მე მაინც უნდა ჩამირიცხო ფულიო, რა გამოდის, ის არის ხელისუფლება და სახელმწიფოო? საგიჟეთია, საგიჟეთი და სრული სიგიჟე ასეთი ულტიმატუმებით ურთიერთობა, მაგრამ როგოც ვთქვი, სწორედ სერგეენკოს მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი ამგვარ ულტიმატუმებს და ჯანდაცვის სისტემაც ამიტომ ჩამოიშალა ხუხულასავით!

არადა, ჩვენს მიერ დაწერილ პროგრამაში პირიქით იყო, სახელმწიფოს უნდა ეკარნახა პირობები კერძო სექტორისთვის! არ უნდოდათ? ჰოდა, მიიღეს ის, რასაც ჩვენ ადრევვე ვეუბნებოდით, მაგრამ არ დაგვიჯერეს!

ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც არაფერი არ გააჩნია საკუთრებაში, ასეთ ვითარებაში რომ ჩავარდებოდა, ცხადზე უცხადესი იყო და ათასი მინისტრი რომ შეიცვალოს, ვერც ვერაფერს შეცვლის!

– ქვეყანას, რომელსაც ინფექციური საავადმყოფო არ გააჩნია, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?

– როგორ არ გააჩნია, მაგრამ რაც გააჩნია, ისიც სრულიად ამორტიზირებულია, წყალი ჩასდით და ქირას უხდიან „ავერსის“ მესაკუთრეს იმიტომ, რომ მან შეისყიდა მთელი ის ტერიტორია მილიონ დოლარად! კი ბატონო, იყიდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა მეპატრონესთან მოლაპარაკება და პირობის ჩადება დოკუმენტაციაში, რომ “ავერსსს” აეშენებინა ინფექციურისთვის ახალი შენობაა?

– რატომ არ ჩადეს ეგ მოთხოვნაა?

– მე რას მეკითხებით,სერგეენკოს შეეკითხეთ რატომ არ მოითხოვა? თუ ვინმე უშლიდა ხელს, გამოვიდეს და თქვას, მითუმეტეს, რომ ახლა უკვე დეპუტატია! ხომ გახსოვთ, ვინც სერგეენკოზე ხმა ამოიღო, იყო ბატონი თენგიზ ცერცვაძე და ყველაფერი მართალი თქვა! ვირუსების საუკუნეში, შეიძლება, ინფექციური საავადმყოფო არ გაგახსენდეს ჯანდაცვის მინისტრს და მისი შენობის აუცილებლობაზე არ იზრუნოო? დამისახელოს ვინმემ 1 ინიციატივა, ერთი საქვეყნო საქმე, რომელიც 8 წლის განმავლობაში დავით სერგეენკომ გააკეთა და გავჩუმდები! ასეა, ჩემო კარგო, სიმართლე ისაა, რაც მოგიყევით და რაც ვერ მოგიყევით! იმედია, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს… სათქმელი კიდევ ბევრია…

ირინე გოგოსაშვილი, ალია