ონლაინკაზინოებს წელს კოლოსალური ბრუნვა და მაღალი მოგება ექნებათ

ქვეყანაში ბიზნესი დახურულია, მოსახლეობა უმუშევრადა არის დარჩენილი ვირუსის პირისპირ, ხოლო ეკონომიკა რეცესიაშია. ამ რეალობაში ერთადერთი სფერო, რომელიც ბედს მაინცდამაინც არ უჩივის სათამშო ბიზნესია. როგორია ხელისუფლების პოლიტიკა და რატომ არ აპროტესტებენ უმსხვილესი ლობისტური კონტინგენტით წარმოდგენილი სათამაშო ბიზნესის მესვეურები, რომ  8 თვეა კაზინოები სრულად დახურულია? საქმე ისაა, რომ მათ შემოსავლებს არაფერი დაკლებიათ, პირიქით არსებობს ვარაუდი, რომ პანდემიის პირობებში გაიზარდა კიდეც. 

ჯერჯერობით არ არსებობს ბრუნვის მოცულობის წლევანდელი მაჩვენებლები, მაგრამ სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პანდემიურ ვითარებაშიც კი სათამაშო ბიზნესს, კონკრეტულად კი ონლაინკაზინოებს, კოლოსალური ბრუნვა და მაღალი მოგება ექნებათ. მაგალითად, თუ მიმდინარე წლის 8 თვეში პანდემიის გამო მთლიანად სათამაშო ბიზნესის შენატანები ბიუჯეტში 81%-ით შემცირდა და შარშანდელი 66 მლნ-ის ნაცვლად,  მხოლოდ 12 მლნ შეადგინა, ეს ნაკლებად ითქმის ონლაინკაზინოებზე. შარშანდელივით, მათ წლეულსაც ბიუჯეტში 6 მლნ ლარი შეიტანეს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი, გიორი კაპანაძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ იმ გზებზე საიბრობს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს აზარტული თამაშების დაბეგვრის წესი და რა პრობლემას უქმნის არსებული სახით ონლაინ კაზინოები მოსახლეობას და ეკონომიკას. 

,,სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ბიუჯეტში წარმოქმნილი დეფიციტი აზარტული თამაშებიდან დაბალანსებულიყო, მათთვის გაგვეზარდა დაბეგვრის ტვირთი. მთლიანად აზარტული თამაშების ბიზნესის გადასახადების 10%-ც კი არ მოდის ონლაინკაზინოებზე და ეს მაშინ, როცა ონლაინთამაშები წამყვანია მთლიანად აზარტული თამაშების ბრუნვაში. 

მეტსაც გეტყვით, კაზინოების გარდა, თითქმის ყველა ბიზნესი გახსნილია და ამის მიუხედავად, ხელისუფლების კრიტიკას, საყვედურს მათგან ვერ გაიგონებთ. იცით, რატომ? კაზინოები უფრო უცხოელ მოთამაშეებზე მუშაობენ, ისინი კი ვეღარ ჩამოდიან, ხოლო აქაური მოთამაშეები უმეტესად ონლაინთამაშებში არიან ჩართული. შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის მესვეურები, რომლებიც ფლობენ როგორც ჩვეულებრივ, ასევე ონლაინკაზინოებს, როგორც იღებდნენ შემოსავალს ადგილობრივი მოთამაშეებისგან, ისევ ისე იღებენ. საერთოდ ასეა, გაზრდილი უმუშევრობისა და შემცირებული შემოსავლების გამო, უფრო იზრდება მოთამაშეთა რიცხვი ე.წ. ელიოზის სინდრომით – იქნებ რამე მოვიგოო, თუმცა რითუც მთავრდება ეს, კარგად ვიცით. 

აზარტული ონლაინთამაშების ბიზნესის დაბეგვრის წესი მოძველებულია. თითქმის ყველა ქვეყანაში ეს ბიზნესი ბრუნვიდან იბეგრება, ჩვენთან კი კვარტალურად ვახდევინებთ 400 000 ლარს და თუ ჯეკპოტი გათამაშდება, დამატებით ვბეგრავთ. შესაბამისად, ერთადერთი მაჩვენებელი, რაც ქვეყანაში იზრდება, აზარტული თამაშების ბრუნვაა და მერე გვიკვირს, რატომ ვერ ვამარცხებთ სიღარიბეს“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისი აზრით, საქართველოში  სათამაშო ბიზნესი პარაზიტად იქცა, რომელსაც არც ეკონომიკისთვის მოაქვს სარგებელი, ხოლო  მოქალაქეებს საშინლად აზარალებს.

“აზარტული თამაშები ქვეყანაში ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს სექტორად იქცა, არადა იგი არ ქმნის არანაირ ეკონომიკურ დოვლათს, ბიუჯეტში მინიმალურ გადასახადებს იხდის და ამ დროს მოსახლეობისგან ბოლომდე იღებს იმ საარსებო მინიმუმსაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შექმნილ კრიზისულ ვითარებაში. თუ, მაგალითად, კაზინოები სამუშაო ადგილებს მაინც ქმნიან, ონლაინ კაზინოებს ეს დატვირთვაც არა აქვთ. ამიტომ, როცა ლაპარაკია ამ ბიზნესისთვის რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე და ლობისტებს არგუმენტად მოჰყავთ, თითქოს საბიუჯეტო შემოსავლები შემცირდება და სამუშაო ადგილები დაიკარგება, ეს აბსურდია. პირიქით, ონლაინაზარტული თამაშების დაბეგვრის გაზრდითა და რეგულაციების გამკაცრებით ბიუჯეტი გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებს და აღარც ამდენი მოთამაშე გვეყოლება.

რეგულაციების გამკაცრების წყალობით ფული, რომელიც დღეს მოთამაშეების ჯიბიდან აზარტული თამაშების ბრუნვას ზრდის, ეკონომიკის სხვა დარგებში გადაინაცვლებს და განსაზღვრული ციკლის შემდეგ მათვე გაზრდილი შემოსავლის სახით დაუბრუნდებათ. დღეს კი ამ ფულს ოფშორის შავ ხვრელებში ვისვრით. მარტივი პრინციპია – როცა სხვადასხვა რისკის შემცველი ბიზნესი ლეგალიზებული გაქვს, დაინტერესებული უნდა იყო, რომ სანაცვლოდ სახელმწიფომაც სოლიდური შემოსავალი მიიღოს, რათა ამ ფულით თავისი მოქალაქეებისთვის სხვა, მეტი სიკეთის შექმნა შეძლოს. ჩვენთან კი სათამაშო ბიზნესი ეკონომიკის პარაზიტად იქცა – არც ქვეყანას არგია, არც ეკონომიკას და მოქალაქეებსაც ბოლომდე აზარალებს. ხელისუფლების პოზიცია აბსურდულია და კრიტიკას ვერ უძლებს“, – დასძინა კაპანაძემ.

აღსანიშავია ისიც, რომ 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიიდან, 2019 წლის მონაცემებით,  6 სათამაშო ბიზნესს წარმოადგენს. სავარაუდოდ იგივე განმეორდება 2020-შიც. 

მოძრაობა ,,ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ხალხს პანდემიის პირობებში წაართვა გადარჩენის ყველა საშუალება და განგებ დატოვა აზარტული თამაშების ამარა. 

„დღევანდელ პირობებში, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს თითოეული ლარი საშოვარი აქვთ, როდესაც ყველა ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ სიდუხჭირეს განვიცდით, ონლაინ აზარტული თამაშები ხელისუფლებამ მოსახლეობას განგებ დაუტოვა, როგორც „გადარჩენის“ ერთ-ერთი მთავარი საშუალება. 

პანდემიამ პირდაპირ დაარტყა ჩვენი მოქალაქეების შემოსავალს და ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაღარიბებისკენ წაიყვანა, ხოლო ონლაინ აზარტულმა თამაშებმა ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. ერთწლიანი გეგმის ფარგლებში მთავრობამ უნდა შემოგვთავაზოს თამაშდამოკიდებულ ადამიანთა სარეაბილიტაციო გეგმა, მაგრამ ამის იმედიც უკვე ნაკლებადაა“, – აღნიშნა ანა დოლიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.
rezonansi.