ამ შემთხვევაში ხდება სტატისტიკის გაყალბება.

ალიას“ ესაუბრება სახალხო მოძრაობა  „საზოგადოება და სახელმწიფოს“  საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, შორენა შანიძე.

– შორენა, კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მასშტაბები მატულობს საქართველოში. ვიდრე ჩვენთან ასე ძალიან გააქტიურდებოდა ვირუსი, მაშინ აცხადებდი, რომ ხელისუფლება აყალბებდა სტატისტიკას, ეს იყო ჩვეულებრივი ვირუსი, რომელიც კონკრეტული მიზნებისთვის, მათ შორის, ხალხის დაშინებისთვის შექმნეს გლობალისტებმა და საქართველოც ამ ფერხულშია ჩაბმული. ახლა, როდესაც ჩვენს გარშემო მრავალი დაავადებული და დაღუპულია, ბევრი ჩვენი ნაცნობი და ახლობელიც მათ შორის, მაინტერესებს, აზრი ხომ არ შეგიცვლია?

– არა, აზრი არ შემიცვლია, ისევ იმ პოზიციაზე ვარ. უფრო გამიმყარდა ჩემი შეხედულებები. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ვირუსები მუდამ იყო და მომავალშიც იქნება. ახალი კორონავირუსი გლობალისტებმა გამოიყენეს საკუთარი მიზნებისთვის და რა არის მათი მიზანი, ეს მოსახლეობის უმრავლესობამ უკვე გაიგო – ყველაფერი მიჰყავთ იქითკენ, რომ მიაღწიონ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას. კორონავირუსი, რასაკვირველია, არსებობს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა ვირუსი, ვისაც მძიმე ქრონიკული დაავადება აქვს, გართულების შემთხვევაში, ის  სასიკვდილოა. ასევე, გართულების შემთხვევაში, სასიკვდილოა სრულიად ჯანმრთელი ადამიანისთვისაც. ეს თვისება სხვა ვირუსებსაც ახასიათებს. თუ დროულად არ მიხედე, არ იმკურნალე, მოგკლავს სხვა ძლიერი ვირუსი და ენტეროვირუსი. თუმცა, ამ შემთხვევაში ხდება სტატისტიკის გაყალბება. ამ 3 დღის წინ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, პისიარტესტების უვარგისობა და მანიპულაცია და რომ პაციენტის მდგომარეობა,  მისი კლინიკური სურათით უნდა დაზუსტდეს და არა პისიარტესტით. ამის შესახებ არც ჩვენს მედიას უთქვამს არაფერი, არც ხელისუფლების, არც სამედიცინო წრეების წარმომადგენლებს. არადა, ამ პისიარტესტებით დგინდება ჩვენთან კორონავირუსით არის თუ არა ადამიანი დაავადებული. „ვირუსის არსებობა უნდა დადგინდეს პაციენტის კლინიკური სურათით და არა პისიარ ტესტებით,  რომლის მრავალჯერადი ციკლების გამოყენებას აქვს დიდი უზუსტობა – 97%. პისიარტესტები გამოიყენება ზოგიერთი მთავრობის მიერ შეუსაბამოდ და შეგნებულად სამეცნიერო უსაფრთხოების საბჭოების და მთავარი მედიის მხარდაჭერით გადამეტებული ზომების გასამართლებლად, როგორიც არის საკონსტიტუციო უფლებების დიდი რაოდენობით შესაზღუდად, ეკონომიკის გასანადგურებლად და საზოგადოების მთლიანი აქტიური ნაწილის ბანკროტისთვის, ჩვეულებრივი მოქალაქეების დიდი რაოდენობით საცხოვრებელი პირობების გაუარესებისთვის, ყალბი პანდემიის პრეტექსტით, დაფუძნებული პისიარტესტების რაოდენობაზე და არა პაციენტების რეალურ რაოდენობაზე“ – აი, ეს განცხადება გაავრცელა ჯანმო–მ და იმიტომ გაავრცელა, რომ მიხვდნენ, ხალხს თვალი აეხილა და იმ ზღაპრებისა აღარ სჯერა, რასაც დღემდე უყვებოდნენ კორონავირუსთან დაკავშირებით. ჩვენმა ხელისუფლებამ, ცხადია, არ შეიმჩნია ეს განცხადება, მაგრამ რეალობას მაინც ვერ გაექცა და ამ დღეებში,  24 საათში, დაინფიცირების  4 და 5 ათას შემთხვევას რომ აცხადებდნენ, ახლა ქვემოთ ჩამოვიდნენ. კი, ცხადია იტყვიან, რომ ეს კლება საგანგებო რეგულაციების შემოღებამ გამოიწვია, მაგრამ  ეს იქნება დიდი ტყუილი. ჩვენი ხელისუფლება, ის ხალხი, ვინც პანდემიას მართავს, ჯანმო–ს ამ განცხადებას ვერ გადაახტება და ახლა, ყოველდღიურად სდებენ ახალ, კლებად სტატისტიკას. შემდგომში როგორ განვითარდება  მოვლენები, ამას ვერ გეტყვით. რას და როგორ შეცვლის ჯანმო–ს ეს განცხადება ჩვენთან ვითარებას, მიჭირს პროგნოზირება, მაგრამ ეს უკვე გარღვევაა. სიმართლე განაცხადა იმ ორგანიზაციამ, რომელიც ამ ვირუსის სტატისტიკის გაყალბების, ხალხის დაპანიკების, დაშინების, უმრავი ტყუილის სათავეებთან იდგა. რასაც მე და ჩემი თანამოაზრენი ამდენი ხანი ვამბობდით, დადასტურდა – პისიარტესტები არის მანიპულაციის საშუალება, სტატისტიკის გაყალბების საშუალება. იმის საშუალება, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს „დაუდგინონ“ ვირუსი, შემდეგ ამ გაზრდილი სტატისტიკით დააპანიკონ ხალხი, ატარონ ქუჩაში პირბადით, ჩაკეტონ ბიზნესი, დასვან ხალხი სახლში და ათასი უბედურება აკეთონ. გლობალისტებს შორსმიმავალი და მასშტაბური მიზნები აქვთ, მაგრამ იმას ვერავინ უარყოფს, რომ ამ ყველაფრით, ჩვენში ზოგიერთებმა დიდი ფული იშოვნეს. იმავე კერძო კლინიკებმა, სადაც 150–დან 300 ლარამდე მერყეობდა ამ  პისიარტესტის გაკეთება და მე ვიცი ხალხი, ორჯერ და სამჯერ რომ იკეთებდნენ ტესტებს და უკეთებდნენ საკუთარი ოჯახის წევრებსაც. ხალხი ისე დაზაფრეს, ვისაც 37 სიცხე მისცა, ან რამდენმჯერმე წამოახველა  და ვისაც ფინანსური საშუალება ჰქონდა, ყველა გარბოდა გასატესტად.

– რატომ გააკეთა ჯანმო–მ ეს განცხადება? ჯანმო ირწმუნებოდა, რომ ეს ტესტები ეფექტური იყო და ლამის ყველა ქვეყანა იყენებდა, ძირითადად, პისიარტესტებით დგინდებოდა ვირუსის მატარებელი იყო თუ არა ადამიანი. ახლა ადგნენ და ამ ტესტების არაეფექტურობაზე ალაპარაკდნენ. რატომ დაუპირისპირდა ჯანმო საკუთარ თავს?

– ბევრი ვიფიქრე მაგ საკითხზე. ვფიქრობ, სხვა და სხვა ქვეყნებში, ძალიან ბევრი სამედიცინო კვლევა დაიდო პისიარტესტების არაეფექტურობაზე, მათ შორის, ავტორიტეტული მეცნიერებისა და საზოგადოებამ სიმართლე გაიგო. ამის გამო, ჯანმო იძულებული გახდა, სიმართლე ეღიარებინა. თუმცა, ჯანმო–ს მესვეურთა კეთილსინდისიერებისა არ მჯერა, ამას ვერსიად განვიხილავ. ასევე, მგონია, რომ ამით ჯანმო ცდილობს, საზოგადოებაში ნდობის მოპოვებას, ერთი დიდი ტყუილი აღიარა იმის გამო, რომ სხვა უფრო დიდი ტყუილები დააჯეროს ხალხს. სამწუხაროდ, აჯერებს კიდეც. ჯანმო–ს რეკომენდაციებით მოქმედებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა. პირბადეები ქუჩაში, დისტანცირება, ჯანმო–ს რეკომენდირებული მედიკამენტების წარმოება და გაყიდვა, რითიც მილიარდები იშოვნეს ფარმაცევტულმა კომპანიებმა, ქვეყნების ჩაკეტვა… რაც მთავარია, ხალხის იმ ზომამდე დაპანიკება, რომ მათი დიდი ნაწილი მზად იქნება, ნებისმიერი ვაქცინა გაიკეთოს, ოღონდ ვირუსისგან დაცულად იგრძნონ თავი. თუმცა, დღემდე შექმნილი არც ერთი ვაქცინა არ იძლევა ვირუსისგან დაცვის 100 პროცენტიან გარანტიას და ვინც ვაქცინას გაიკეთებს, ის რეალურად დაცული არ იქნება. აქ ფსიქოლოგიური ფაქტორი იმუშავებს, ხალხი, უბრალოდ, დაცულად იგრძნობს თავს, მაგრამ ვირუსი,  ვაქცინაზე აცრილ ბევრ ადამიანს მაინც შეხვდება.  

– სიკვდილიანობა გაიზარდა ჩვენთან. შენ არც ის გჯერა, რომ ეს სტატისტიკაც რეალურია, არ გჯერა, რომ ვისაც კოვიდ-19-ით დაღუპულებად აცხადებენ, ის ხალხი მაინც კორონამ შეიწირა?!

– ეს არც გაზაფხულზე მჯეროდა, როდესაც ჩვენთან სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი იყო  და არც ახლა მჯერა, როდესაც ეს მაჩვენებელი ძალიან გაიზარდა. ვისაც კორონავირუსი შეხვდება, თითოეულ ადამიანს უნდა ინდივიდუალური მკურნალობა. ჩვენთან, ყველა ადამიანს, ერთნაირი პროტოკოლით მკურნალობენ და ეს იწვევს სიკვდილიანობის მატებას. ექსპერიმენტული წამლებით მკურნალობენ კლინიკებში ხალხს, ეს ხომ ყველამ იცის?  როგორ შეიძლება, ადამიანს იმ წამლით უმკურნალო, რომლის ეფექტურობაც სამეცნიერო კვლევებით და ექსპერიმენტებით დადასტურებული არ არის? იგივე „რიმდესივერი“, რომლითაც ჩვენთან მკურნალობენ, რამდენიმე სახელმწიფომ ამოიღო კოვიდდაავადებულთა მკურნალობიდან. გარდა მაგისა, ამ მცდარ პისიარტესტებზე დაყრდნობით, ადამიანს დაუდასტურებენ კორონას და რეალურად, სხვა დაავადება აქვს, სხვა ვირუსი. მკურნალობენ, როგორც კორონავირუსს, აძლევენ ამ რეკომენდირებულ მედიკამენტებს, რეალურად კი ადამიანს სულ სხვა მედიკამენტები, სხვა ტიპის მკურნალობა სჭირდება. მას ის სხვა სახეობის ვირუსი უვითარდება, უმძაფრდება, იწვევს სხვა და სხვა გართულებებს და კვდება. მით უფრო ადრე იღუპებიან ჩვეულებრივი ვირუსით ისეთი ადამიანები, რომელთაც მძიმე ქრონიკული დაავადებები სჭირთ. მერე ამ დაღუპულებს აცხადებენ კორონავირუსით დაღუპულებად. ამას ჰაერიდან ხომ არ ვლაპარაკობ? გერმანიაში ხომ მისცეს საშუალება სამედიცინო ექსპერტებს, რომ  კორონავირუსით დაღუპულთა ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარეს და დადგინდა, რომ არც ერთი მათგანი არ იყო კოვიდით დაავადებული? იტალიელმა და ესპანელმა ექიმებმა ხომ განაცხადეს, რომ კორონას სიმპტომებით კლინიკებში მისულ ყველა პაციენტს კორონავირუსის დიაგნოზს უსვამდნენ და ამ ვირუსისთვის განკუთვნილი მედიკამენტებით მკურნალობდნენ? ამ დროს, ბევრს სხვა სახის ვირუსი ჰქონდა, ბევრს, უბრალოდ, ბრონქებისა და ფილტვების ანთება, ამიტომ ჰქონდათ სიცხე, მშრალი ხველა, ცხელება, სისუსტე, თავბრუსხვევა და ის სიმპტომები, რაც კორონასაც ახასიათებს და სხვა ვირუსებსაც, სხვა დაავადებებსაც, მაგრამ  ინდივიდუალურად არ იკვლევდნენ ამ ხალხს. შესაბამისად, ყველას ისე მკურნალობდნენ, როგორც კოვიდ–პაციენტს და არასწორი დიაგნოზისა და შესაბამისი მკურნალობის შედეგად, იხოცებოდა ხალხი. რა ვქნა, არ მჯერა, რომ ჩვენი ექიმები, იტალიელ და ესპანელ ექიმებზე უფრო კეთილსინდისიერები არიან. გარდა მაგისა, ხელოვნურად ხდება პაციენტების მდგომარეობის დამძიმება, მერე, უკვე განწირულ პაციენტს შეაერთებენ სასუნთქ აპარატზე და კვდება. მე ვიცი კონკრეტული ფაქტი, ერთ–ერთ კლინიკაში, 3 დღე დერეფანში ეწვათ ადამიანი, რომელსაც მაღალი სიცხე ჰქონდა და ყურადღებას არ აქცევდნენ. როდესაც დამძიმდა, მერე უთხრეს, რეანიმაციაში უნდა გადაგიყვანოთ და აპარატზე შეგაერთოთო. ექიმების, მედპერსონალის უყურადღებობით თუ დაგვიანებული და არასწორი მკურნალობით, ბევრი ადამიანი დაიღუპა და ამ კონკრეტული ფაქტების შესახებ, ჩვენმა მედიამაც ამოიღო ხმა და არაერთი ასეთი ფაქტი გაშუქდა. ახლა ამ შემთხვევებს ჯანდაცვის სამინისტროს კომისია სწავლობს. იმის საფუძველი რომ არ არსებობდეს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, რომ იმ მიზეზით დაიხოცა ეს ხალხი, ეს კომისია ამ შემთხვევების შესწავლას ხომ არ დაიწყებდა? მე არ მჯერა არც ჯანდაცვის სამინისტროსი და არც ამ კომისიის მესვეურებისა, მაგრამ ის ხომ ფაქტია, თავად აღიარეს, რომ რამდენიმე პაციენტი, შესაძლოა, დაიღუპა დაგვიანებული, არაეფექტური ან არასწორი მკურნალობის შედეგად? აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენს კლინიკებს, უმთავრესად აქვთ „გეითსის“ ფირმის მეორადი სასუნთქი აპარატები. ისიც ვერ მოახერხეს ამდენ ხანს, ახალი აპარატები შეეძინათ. გამოჟონა ინფორმაციამ და სოციალურ ქსელში არაერთი ინფორმაცია დაიდო, რომ თუ უპატრონო პაციენტი შეაერთეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ფაქტობრივად, განწირულია სასიკვდილოდ. ამირან გამყრელიძემ გამოგვიცხადა, 400 პაციენტია აპარატებზე შეერთებული და ახლო მომავალში, სიკვდილიანობის ზრდა გვექნებაო. ჯერ რატომ გვიანონსებს სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს,  თუ იმ პაციენტების უმეტესობა განწირული არ ჰყავთ? რა იცის, იქნებ იმ პაციენტების უმეტესობა გადარჩეს?  თუმცა, ეტყობა, იცის, რომ ვერ გადარჩებიან. უფრო სწორად, არ გადარჩებიან. ჰო, აქვე ვიტყვი, რომ  მედიკოსთა დეფიციტის ბრალიც არის სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. ბევრი მედიკოსი დაავადდა ვირუსით, თავად გახდა სამკურნალო. არაერთი კვალიფიციური ექიმი და ექთანი გარდაიცვალა.

– შორენა, იმ ადამიანებს, ვისაც სასუნთქი გზების ან ფილტვების დაავადებები სჭირთ, ქუჩაში პირბადით გადაადგილებას აიძულებენ, რაც, ჩემი აზრით, სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ ხალხისთვის სუფთა ჰაერი აუცილებელია, ამის რეკომენდაციებს ექიმები აძლევენ. ბევრი ინჰალატორს ხმარობს, იმიტომ რომ მათ ფილტვებს  საჭირო რაოდენობის ჰაერი არ მიეწოდებათ და ინჰალატორით აკომპენსირებენ. ამ დროს მათ აიძულებენ, რომ ქუჩაში პირბადით გამოვიდნენ. ამით, ამ ხალხის სიკვდილს აჩქარებენ.

– კი, ბატონო, გეთანხმები. ამ ტიპის დაავადების მქონე  ადამიანებმა, უნდა მოითხოვონ, რომ კლინიკებმა მათზე გასცენ ცნობა, რომ პირბადის ხმარება მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ამის შესახებ არსებობს კანონი და ამ კანონის საფუძველზე, უნდა მოითხოვონ ეს აუცილებელი შეღავათი. ზოგადად, პირბადე არ  გიცავს ვირუსისგან და ამის შესახებ, არაერთმა სანდო და კვალიფიციურმა ექიმმა თუ სამედიცინო სფეროს მეცნიერმა განაცხადა. რაც ეს პანდემია დაიწყო, პირბადე არსად არ მკეთებია. არც ქუჩაში, არც დახურულ სივრცეში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში – მარკეტში, აფთიაქში,  ბანკში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში… არც დისტანციას ვიცავ და ადამიანებსაც ისე ვეხუტები, როგორც ადრე, ყველასთან ისევ ძველებური, პანდემიამდელი ურთიერთობა მაქვს. არც ხელებს ვიბან პანიკიურად დღეში ასჯერ, როგორც ამას ზოგიერთი აკეთებს და არც  ანტისეპტიკურ საშუალებებს ვიყენებ უაზროდ. ჰიგიენის ნორმებს,  როგორც ადრე ვიცავდი, ისევე ვიცავ. რატომ არ შემხვდა ვირუსი? მე რატომ არ მეკარება, როდესაც, ექიმებს თუ დავუჯერებთ, კორონა უკვე დიდი ხნის  მოხდილი უნდა მქონდეს? ჩვენი ორგანიზაციის  წევრები ყველა ასე ვცხოვრობთ, ძველებურად და არანაირ რეგულაციებს არ ვიცავთ  და არც ერთს არ შეგვხვედრია ვირუსი. ათეულობით ადამიანზე ვლაპარაკობ. რა ვიცი, ჩვეულებრივ ცხოვრებას ვაგრძელებ.

– ყველგან პირბადის გარეშე რომ დადიხარ, არ გაჯარიმებენ?

– ახლა მე ძალით არ ვეფეთები საპატრულო პოლიციას და არც თავად გავუჩერებივარ. ჯერჯერობით, არ დავუჯარიმებივარ. სხვათა შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ შემქმნია პრობლემა. ზოგისგან გამიგია, ავედი ავტობუსში პირბადის გარეშე და ლამის შემჭამა  ხალხმაო. ამგვარი შემთხვევა არ მქონია. ტრანსპორტში, ყველგან ვაცხადებ, რომ არ ვატარებ პირბადეს და ხალხს განსაკუთრებული რეაქცია არ აქვს ამაზე. ჩვეულებრივად იღებენ. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ მე და ჩემი თანამოაზრენი, რომ რაიმე ახირება გვაქვს. არა, ჩვენს ქმედებას მყარი  სამეცნიერო დასკვნები უდევს საფუძვლად. სამედიცინო პირბადის შრეების ზომა  ვირუსის ბირთვის ზომაზე ბევრად დიდია და ვირუსი მაინც აღწევს პირბადეს ყველა შრეში. აღარაფერს ვამბობ არასამედიცინო პირბადეებზე, რომლებიც ვერანაირი ვირუსისგან ვერ გიცავს. ასევე, ეს ვირუსი არ არის ჰაერში, როგორც გვიმტკიცებენ. ეს არის წვეთოვანი ვირუსი და  გადადის  ხველებით. დახველებისა და დაცემინების დროს ნებისმიერი ვირუსი შეიძლება გადავიდეს ერთიდან მეორე ადამიანზე და რატომ ადრე და სხვა ვირუსებისგან თავდასაცავად არ გვეკეთა პირბადეები? ვირუსით თუ სურდოთი დაავადებული ადამიანი თუ ახველებს და აცემინებს, ჩვენ ისედაც გვქონდა კულტურა, რომ ხელს ან ცხვირსახოცს ავიფარებდით, დაავადებული სხვებთან კონტაქტს ერიდებოდა, იზოლირებული იყო. სახლს ვანიავებდით და კიდევ მრავალი. სხვა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, მთელი სამუშაო დროის განმავლობაში, 8 საათი და მეტი უკეთია ხალხს პირბადე და ეს უფრო აავადებს ამ ადამიანებს. მუშაობის პროცესში, თუ ჩამოუვარდათ პირბადე, ცხვირის ქვემოთ არ ჩამოდის, პირით  მაინც ვერ სუნთქავენ ჰაერს და  ჰკითხეთ ექიმებს, თუ ადამიანი  პირით ვერ სუნთქავს,  ორგანიზმისთვის აუცილებელ ჟანგბადს არ იღებს და თან ეს გრძელდება თვეების განმავლობაში,  რა დაავადებებს იწვევს?  ძალიან დიდი ჩამონათვალია. ეს ჩაკეტვები და კომენდანტის საათი ხომ სრული უაზრობა იყო. აქ საზოგადოების არაინფორმირებულობის პრობლემაა. მთელი მედია იმას გაჰყვირის, რაც ამ ექიმებს, ამ დიდი აფიორის შემომგდებებს აწყობთ. მიზამნიმართულად აპანიკებენ ხალხს და რა ქნას ხალხმაც, ზოგს  ალტერნატიულ  ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება, ზოგს კი არ სჯერა მისი, რადგან ტელევიზიებს უყურებენ, ექიმებს უჯერებენ და არ უნდათ იმის დაშვება, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა. თუმცა, ბევრს აეხილა თვალი და ჩასწვდა ამ აფიორას. ადრე თუ ათეულები ვიყავით, ახლა ასეულ ათასობით ვართ ის ადამიანები, ვინც ამ სიცრუეში გაერკვა და ამ ტყუილის საფუძველზე დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებს.

– მოდი, ვაქცინაზე ვისაუბროთ, უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლება ვაქცინას ყიდულობს. რამდენად ეფექტურია ეს ვაქცინა?

– 4 მილიონი დოლარი გადარიცხა ჩვენმა მთავრობამ ვაქცინების შესაძენად. იმედოვნებენ, რომ გაზაფხულზე შემოიტანენ. პირველ ეტაპზე მოსახლეობის 20 %–ის აცრას აპირებენ – ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისა და მედპერსონალის. ჯერჯერობით, 4 სხვა და სხვა ვაქცინა არსებობს და არც ერთია სანდო. ამერიკაში, მოხალისეებს გაუკეთეს „ფრაიზერის“ წარმოებული ვაქცინა და ოთხ მათგანს ბელის დამბლა განუვითარდა. ასევე საგულისხმოა, დიდი ბრიტანეთის მონაცემებიც: დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ ურჩია სერიოზული ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანებს, რომ თავი შეეკავებინათ ვაქცინაციისგან და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ორ ადამიანს გვერდითი ეფექტი გამოუვლინდა. ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სამედიცინო დირექტორმა სტივენ პოუისმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ორ თანამშრომელს ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური რეაქცია ჰქონდა. არ შეიძლება არც ერთი ამ ვაქცინის გაკეთება ალერგიის მატარებელი ადამიანებისთვის, ორსულებისთვის, ბავშვებისთვის. მერე, რა უკუჩვენებები აქვს ამ ვაქცინას, ეს არ იციან. ამ ვაქცინაციის მიზანი მოსახლების ვირუსისგან დაცვა არ არის. მთავარი მიზანია, ადამიანის დნმ–ის შეცვლაა. ეს არ მოხდება ერთ და ორ წელში, ეს ეტაპობრივად მოხდება. ვინც გაიკეთებს ვაქცინას, ის ადამიანები შეიცვლებიან, მათი გენური უჯრედები შეიცვლება, შესაბამისად,  მათი ფსიქიკა შეიცვლება. შენ შენ აღარ ხარ, მოკლედ, სხვა ადამიანად იქცევი. ცხადია, ისეთად, მათ რომ სურთ – მორჩილი და შეშინებული, მუდმივად პანიკაში მყოფი. ასევე, ექიმები ამბობენ, რომ ეს ვაქცინები, პერსპექტივაში იწვევს უშვილობას, კიბოს, გულსისხლძარღვთა და სხვა დაავადებებს. ახლა მიდის იმის პროპაგანდა, რომ თუ ვაქცინას არ გაიკეთებ, პანდემია არ გაჩერდება. ეს იმიტომ ხდება, რომ სოციალური ქსელებით აქტიურად მიმდინარეობს ანტივაქცინაციის კამპანია და დაინახეს, რომ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი არ აპირებს აცრას. ცხადია, სოციალურ ქსელებს თვალს ადევნებენ, საზოგადოების განწყობას სწავლობენ და რომ დაინახეს, რომ ბევრად იმატა  ვაქცინის მოწინააღმდეგეთა რიცხვმა, ახლა ადგნენ და ეს სატყუარა შემოაგდეს, ამით აშინებენ  ხალხს. მერე, აქ მეორე მომენტია. აგერ, ბრიტანეთში გამოჩნდა კორონავირუსის ახალი სახეობა თუ მუტირებული კორონავირუსი, ჯერ არ დაუდგენიათ. ამ ხალხის ვაქცინაციას რომ აპირებენ და ამ დროს, ეს ახალი ვირუსი გავრცელდეს, რა აზრი აქვს? ამბობენ, ის უფრო ძლიერი და სახიფათოა და ხალხი ექსპერიმენტული ვაქცინით აცრან და მერე ის ახალი ვირუსი რომ შეეყრებათ, იმას როგორ გადაიტანენ? რომელს ებრძოლოს ადამიანის ორგანიზმმა, ვაქცინის გვერდით ეფექტებს თუ ახალ ვირუსს? ჯერ ის ვირუსი შეისწავლონ, იმის ვაქცინაც შექმნან და მერე ილაპარაკონ საყოველთაო ვაქცინაციაზე. თუმცა, ამას არ გააკეთებენ, ჩქარობენ საყოველთაო ვაქცინაციას. ბოლოს ასე იქნება, ვინც ვაქცინას გაიკეთებს, იმ ადამიანებს გვერდითი მოვლენები გამოუვლინდებათ, შეაწუხებთ სხვა და სხვა დაავადებები, მუდმივად ცუდად იქნებიან. მერე ეტყვიან, რომ ამ მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი შანსია ჩიპის ჩადგმა, ამაზე კი ბევრი წავა, ვისაც ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა. ჩიპით კი ნებისმიერი ადამიანის კონტროლი შეიძლება, ნებისმიერი ადამიანის დამონება შეიძლება. ბოლოს სავალდებულოს გახდიან ჩიპიზაციას და თუ ჩიპი არ გექნება ჩადგმული, უბრალოდ, ადამიანი, იურიდიულად არ იარსებებ. ვერ ისწავლი, ვერ  იმუშავებ, გადასახადებს ვერ გადაიხდი, ვერსად ვერაფერს იყიდი, რადგან ჩიპზე იქნება მიბმული შენი საბანკო  ბარათები, ქვეყანას ვერ დატოვებ, რადგან უპასპორტოდ ვერ გადაკვეთ საზღვარს, თუ გექნება პასპორტი და ისიც ჩიპზე იქნება მიბმული…  რატომ არის, ფაქტობრივად, იძულებითი ვაქცინაცია? ამ კითხვაზე არ ფიქრდება ბევრი. ფიზიკის კანონია ელემენტარული – რაც მეტია დაწოლა, მით მეტია წინააღმდეგობა. რაღაცას რომ მთავაზობენ, რომ არ მინდა და მაიძულებენ, ხომ უნდა ვიკითხო – რატომ? ამ კითხვის დასმის უფლებასაც არ გვაძლევენ, ამაშია საქმე.

– და მაინც, როგორ ფიქრობ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?

– გლობალისტები, ის ხალხი, ვინც მსოფლიოს მართვას  ესწრაფვის, ვისაც მსოფლიოს ფარულ მთავრობას ეძახიან და ვისი ნების საწინააღმდეგოდაც, უკვე ათწლეულებია, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი ხელისუფლება, არც ერთი პრეზიდენტი არ არჩეულა. მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს მეთაური მათი ხელდასხმული და მათი მარიონეტია.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

კომენტარები ფეისბუქიდან