ჩვენთვის სულერთია კორონა მოგვკლავს თუ შიმშილი” – გარემოვაჭრეების პროტესტი ნავთლუღში

ახალი წლის დადგომამდე ოთხი დღე რჩება და მოსახლეობა პანდემიის მიუხედავად ემზადება  მის შესახვედრად. ყველასთვის ცნობილია, რომ წინასაახალწლო სამზადისი ასოცირდება ვაჭრობასთან, შესაბამისად, შეზღუდვების მოხსნასა და მის შემსუბუქებას მყიდველი და გამყიდველი ერთნაირად ელოდებოდა.

24 დეკემბრის შემდეგ, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა და 2 იანვრამდე მუშაობის უფლება მიეცათ მაღაზიებსა და აგრარულ ბაზრებს. ეს საკითხი განხილვის საგანი გახდა, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე თავად გარემოვაჭრეებისათვის, რომლებსაც შეზღუდვების მიღებამდე შესაძლებლობა ჰქონდათ გაეყიდათ თავიანთი პროდუქტი და მიეღოთ შემოსავალი.

გარდა იმისა, რომ გარემოვაჭრეებს წინასაახალწლოდ არ აქვთ საშუალება პროდუქტის რეალიზების, დიდ სავაჭრო ცენტრებში, ბოლო რამდენიმე დღეა, ხალხმრავლობაა.

დღეს, თბილისის ერთ-ერთი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოვაჭრეებსა და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს შორის შელაპარაკება მოხდა. გარემოვაჭრეებს, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ და გამოსულები იყვნენ პროდუქტების გასაყიდად, მერიის თანამშრომლებისგან ჯერ უარი, ხოლო შემდეგ გაფრთხილება მოჰყვა. მათი გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ადამიანებს, ერთი დღე აქვთ იმისათვის, რომ გარეთ გამოტანილი საქონელი გაყიდონ და შემდგომში ფაქტის განმეორების შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან.

გარემოვაჭრეებმა ჟურნალისტებთან საუბრისას, აღნიშნეს, რომ აკრძალვა არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ მათ, რადგან მათთვის ეს არის ერთადერთი გზა, რითიც შეუძლიათ არჩინონ ოჯახი:

„წლებია ჩვენ ნავთლუღში ვმუშაობთ, ჩვენი სატკივარი ეს არის. მე მყავს ორი ობოლი შვილი და საჭმელს რომ მომთხოვენ, მე იძულებული ვარ დანაშაული ჩავიდინო. საქართველოში მაინც კანონი არ კანონობს. ქურდებს და ყაჩაღებს მაინც არ იჭერენ და მხოლოდ ბანკებს იცავს სამმართველო. ბანკს არ გავქურდავ, მაღაზიას გავქურდავ, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. 20 000 ლარის „ხლაპუშკები“ მაქვს ნაყიდი ვალად მოტანილი. სად წავიღო ან ვის მივცე? თუ პანდემიაა, სულ დაკეტონ მაშინ ყველაფერი და თვითონაც არ გამოვიდნენ. თუ ჩვენ უნდა დავწყდეთ, თვითონაც დაწყდნენ ყველა ერთად“,– საუბრობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

მათი ნაწილი თვლის, რომ თუ ქვეყანას არ აქვს იმისა საშუალება, რომ შეინახოს მოსახლეობა, მათ ამის უფლება უნდა მისცეს:

„როდესაც იკრძალება მუშაობა, მაშინ, სახელმწიფოსგან ჩვენ უნდა გვქონდეს დახმარება. თითოეულ ბენეფიციარს, უნდა გამოეყოს დახმარება, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყნებში ხდება. როდესაც, ჩვენს ქვეყანას არ აქვს საშუალება და მათხოვარია, თავისი მათხოვარი ხალხი, თვითონვე უნდა გაიტანოს. ჩვენ ასეთი მოთხოვნა გვაქვს. ჩვენთვის სულერთია კორონა მოგვკლავს თუ შიმშილი. სიკვდილი, სიკვდილია, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ, მეტი გზა არ გვაქვს“, – აღნიშნავს ჟურნალისტებთან გარემოვაჭრე.

შეგახსენებთ, რომ ვაჭრობის საშუალება პანდემიის გამო არ მისცეს გარემოვაჭრეებს და მხოლოდ ერთი დღე აქვთ უფლება გამოტანილი საქონლის რეალიზებისთვის.

კომენტარები ფეისბუქიდან