თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

“არა გიგანტურ ჰესებს”, “გაუფრთხილდით ბუნებას”-რიონის ხეობის მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები თბილისში, საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ნამოხვანჰესისა და ონის კასკადების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ჰესების მშენებლობის შემთხვევაში მათს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მათივე განმარტებით, ტერიტორია შესწავლილი არ არის და ხეობაში მშენებლობა საფრთხისშემცველია.

“არა რიონის ხეობის განადგურებას. ეს პროექტი თუ განხორციელდა, ეკოლოგია სრულად განადგურდება. იქ მეწყრული უბნებია და მშენებლობა წარმოუდგენელია. მთელი ლეჩხუმი დაიტბორება. პროექტები მავნებლური და დაუსაბუთებელია. ეს არის მოქმედება ერის წინააღმდეგ,”-ამბობენ აქციის მონაწილეები.

ორ თვეზე მეტია მოსახლეობა რიონის ხეობაში კარვებში ღამეს ათევს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კომპანია “ენკას” სამუშაოების განახლების საშუალებას არ მისცემენ.