შეზღუდვების მოხსნა თითქოს თებერვლამდე, სინამდვილეში კი გაურკვეველი ვადით გადაიდო

“პირველი თებერვალი არის ნამდვილად საბოლოო თარიღი თუ კიდევ რამე შეიცვლება, ეს არავინ იცის.

ინფიცირებულთა რაოდენობის მაქსიმალურად შემცირების მიუხედავად, 16 იანვრისთვის დაპირებული რეგულაციების მოხსნა ისევ გადაიდო. ამჯერად მთავრობა ამბობს, რომ ეკონომიკის ამუშავება 1-ლი თებერვლიდან დაიწყება, თუმცა ესეც იმ მომენტისთვის არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს და ამის დიდი შანსი არსებობს

საუკეთესო შემთხვევაში, თებერვლიდან ამოქმედდება ის, რაც 16 იანვრიდან უნდა გახსნილიყო, ხოლო შეზღუდვების ფართომასშტაბიანი გაუქმება ალბათ მინიმუმ გაზაფხულამდე მოსალოდნელი არც არის. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, როგორია მრავალგზის დაზარალებული ბიზნესის პოზიცია და მოლოდინი.

მთავრობის უწყებათაშორისი საბჭომ სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ეკონომიკის გახსნა თებერვლამდე გადადო. საბჭოს მიერ ნოემბერში გაცხადებული გეგმის მიხედვით, 16 იანვრიდან სავაჭრო ობიექტები უნდა გახსნილიყო და მუშაობა უნდა განეახლებინა საზოგადოებრივ ტრანსპორტს. არც ერთი პირობა არ შესრულდა.

“პირველ  თებერვლამდე შევინარჩუნებთ იმ რეჟიმს, რაც დღეს არის”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ და დასძინა, რომ მის მოადგილეებს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს და მთავრობის წარმომადგენლებს ბიზნესებთან აქვთ კომუნიკაცია და მსჯელობენ ეკონომიკის უსაფრთხო გახსნაზე.

„ახალი წლის წინა პერიოდმა აჩვენა, რომ სავაჭრო სექტორი კარგად უმკლავდება ყველაფერს. შეიძლება იყოს დამატებითი მოთხოვნები სრულფასოვანი გახსნისთვის და იმედია, ეს 1-ლი თებერვლიდან მოხდება“, – აღნიშნა თურნავამ.

კითხვაზე – შეიძლება თუ არა კონსულტანტების ტესტირება იყოს მთავარი მოთხოვნა – მინისტრმა უპასუხა, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

ბიზნესის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ კომუნიკაცია პოსტ ფაქტუმ, ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ცნობილი გახდა. ,,ისტ ფოინთის“ წარმომადგენელი თეიკო ლომინაძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მანაც ტელევიზიით მოულოდნელად შეიტყო. 

,,ვერაფერს ვეიტყვი, მიჭირს კომენტარის გაკეთება, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ან რა იქნება შემდეგში, რადგან მეც ტელევიზიით გავიგე რომ 16 იანვრიდან არ გვექნება მუშაობის განახლების საშუალება. მთავრობის ადმინისტრაციასთან იგეგემბა შეხვედრა და ამის შედეგ მეტი ინფორმაციის მოწოდებას შევძლებ. გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა“, – განაცხადა ლომინაძემ.

იგივეა “თბილისი ცენტრალის” დირექტორის პოზიციაც. არც მან იცოდა რომ მუშაობის განახლების უფლება არ მიეცემოდათ. 

კერძო სექტორის გარდა, დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ ვერც  საქართველოს ავიაციის სააგენტოში. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ყველაფერი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 

,,ვიცით, რომ რეისები განახლდება პირველი თებერვლიდან. ყცვლილება არ არის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას გადაწყვეტს საკოორდინაციო საბჭო, ისინი იტყვიან საბოლოო სიტყვას“, – განუცხადეს “ბიზნეს-რეზონანსს” სააგენტოში. 

როგორ იღებს საბჭო გადაწყვეტილებებს, ეს არის ახლა მთავარი კითხვა, რადგან მათი ქმედებაში ლოგიკა არ ჩანს. ე.წ. შეზღუდვების ამოქმედების დროს ინფიცირებულთა რიცხვი 5000-ს აღწევდა. ამ დროისათვის კი სტაბილურად 2 000-ზე ნაკლებია (ბოლო დღეებში 1500-ის ფარგლებში, ისიც ფართომასშტაბიანი ტესტირების ფონზე). სწორედ ამ რიცხვს ასახელებდნენ დეკემბერში ეპიდემიოლოგები და ხელისუფლების წარმომადგენლები ეკონომიკის გახსნისათვის აუცილებელ ფაქტორად და ინფექციის გავრცელების დასტაბილურების მთავარ ნიშნად. 

“რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი „ბიზნეს-რეზონანსთან“ პირდაპირ ამბობს, რომ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გაიხსნება თუ არა სავაჭრო ცენტრები პირველი თებერვლიდან. 

„ჩვენთან, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. ველოდებოდით, რომ  გეგმის მიხედვით, 18-ში დავიწყებდით მუშაობას. დახურვისას იყო ორი წინაპირობა: წინასაახალწლო  გახსნის დროს როგორ შევძლებდით რეგულაციების დაცვას, რაზეც არაერთი კომპლიმენტი მივიღეთ და მეორე, რომ წერტილოვანი შეზღუდვები ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას გააუმჯობესებდა, რაც ნამდვილად მოხდა. მიუხედავად ამისა, დაანონსებული თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე ვიგებთ, რომ მუშაობას ვერ დავიწყებთ. 

როდესაც იცი, რომ შემდეგი 2 თვე მოქმედებს კონკრეტული სცენარი, როგორღაც ეგუები, თუნდაც ეს მძიმე იყოს. ახლა უკვე აღარაფერი არის მართვადი. არავინ იცის, რა იქნება თუნდაც 2 კვირის შემდეგ. შეიძლება არაფერიც არ გახსნან. არადა, ამაზე ბევრი რამ არს გადაჯაჭვული. მაგალითად, ახლა არ ვიცით, გაზაფხულის სეზონისთვის საქონელი უნდა ვიყიდოთ თუ არა. პირველი თებერვალი არის ნამდვილად საბოლოო თარიღი თუ კიდევ რამე შეიცვლება, ეს არავინ იცის. ერთი სიტყვით, ბევრ რამეზე გვექნება მთავრობასთან საუბარი“, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” მაღალაშვილმა.

საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებით, წერტილოვანი შეზღუდვები, როგორც ამას მთავრობა უწოდებს, მინიმუმ თებერვლამდე გახანგრძლივდა. დაახლოებით 2 კვირის შემდეგ კი საკოორდინაციო საბჭო ახალ გადაწყვეტილებას მიიღებს.
rezonansi.