ბიძინა კულუმბეგოვი – შეზღუდვების გახანგრძლივება მაშინ, როდესაც პრაქტიკულად, ეპიდემიის დაღმართია და პიკი გადავლილია, არარაციონალურად მიმაჩნია

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ მას არარაციონალურად მიაჩნია შეზღუდვების გახანგრძლივება იმ დროს, როცა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურებულია და კორონავირუსის პიკი გადავლილია.

მისი თქმით, შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ქვეყანაში ჰუმანიტარულ პრობლემას გამოიწვევს.

„საერთოდ, შეზღუდვებთან მიმართებით მომხრე ვარ, რომ ზოგადად, თანმიმდევრული პოლიტიკა იყოს გატარებული. რასაკვირველია, შეზღუდვების შემოღების საწყის ეტაპზე მთლიანობაში დავუჭირეთ ჩვენ მხარი, რომ ყოფილიყო ეს შეზღუდვები, რადგან სხვანაირად გარდაუვალი იქნებოდა ეპიდემიის მართვის ასე ვთქვათ, ტრაექტორია. თუმცა ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეულწილად, არც თუ ისე სტაბილურ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში, ჩვენ მივეცით ნებართვა ასე ვთქვათ, სავაჭრო სივრცეებს, გახსნილიყვნენ და წინასაახალწლო პერიოდში ყოფილიყო ის, რაც ყოფილიყო.

არსებობს რაღაც ასეთი არაფარმაკოლოგიური ინტერვენციის სახეობები, რომლებიც ეპიდემიის ტრაექტორიაზე ძალიან ეფექტურად მოქმედებენ, მაგრამ საზოგადოებას ძალიან აზიანებს და აზარალებს. ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე სერიოზული გულისტკივილი ამ ტიპის რეგულაციებს შორის არის მაღალეფექტური, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დამაზიანებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა. რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს ახალგაზრდა თაობა და სარგებლობენ ისეთი ადამიანები, რომელთა შემოსავალი არის საკმაოდ დაბალი. ამ ადამიანებს უჭირთ გადაადგილება, მაღაზიამდე მიღწევაც კი, ხანდახან სასურსათო მაღაზიამდეც. აღარ ვამბობ საავადმყოფოში ახლობლის მონახულებაზე. ეს არის უზარმაზარი და უსერიოზულესი ჰუმანიტარული პრობლემა. ამიტომ ამ ტიპის შეზღუდვების გახანგძლივება მაშინ, როდესაც პრაქტიკულად, ეპიდემიის დაღმართია და პიკი გადავლილია, არარაციონალურად მიმაჩნია.

ვერ ვხედავდი იმ ტრაგედიასაც და თავის დროზე ამასაც დავუჭირე მხარი, რომ შაბათ-კვირის მობილობა, რაც ბუნებრივად იზრდება, აკრძალულიყო და ორშაბათიდან პარასკევამდე იმავე პრინციპის დაცვით, როგორც იყო დეკემბრის ბოლო კვირა და იანვრის სამამდე, გახსნილიყო ისევ და მისცემოდათ ადამიანებს თავისი ლუკმაპურისა და ხელფასის გამომუშავების შესაძლებლობა. ამიტომ, მე ამ თვალსაზრისით, ასეთი ფორმით ახლა შეზღუდვების გახანგძლივება არ მიმაჩნია რაციონალურად.

რეგულაციების დაცვით, რასაც ასე თუ ისე მიეჩვია მოსახლეობა, მეტ-ნაკლებად ბიზნესმაც სწორად მართა ეს და მენეჯმენტი კარგად იყო განხორციელებული, რიგები კონტროლდებოდა და ძირითადი ესენციალური საჭიროების დროს ადამიანები მიდიოდნენ. მესმის, ახლა შეიძლება ყოველდღიურად არ უდგას ადამიანს ტანსაცმლის შეცვლის საჭიროება, მაგრამ იგივე იქ დასაქმებულ ადამიანებს ხელფასის პრობლემა რომ დაუდგეთ, ეს ძალიან სერიოზული დანაკლისი იქნება. მესმის, სახელმწიფოს კომპენსაცია- 200 და 300 ლარი ეს არის ასე ვთქვათ, ერთ მაღაზიაში შესვლის თანხა. ამიტომ, მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვთქვათ, ახლა იყო აუცილებლობა. აი, ამ პრინციპებით შეგვეძლო, რომ ის დაპირებული შეზღუდვების მოხსნა შაბათი-კვირის გამოკლებით განხორციელებულიყო 16-დან“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კითხვაზე:„მოახდენდა თუ არა შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდვითარებაზე გავლენას“, კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ დრამატული გავლენა ვერ ექნებოდა, ვინაიდან მოსახლეობის 15-20-პროცენტიანი ინფიცირების შემდეგ ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ბუნებრივადაც იკლებს.

„ისეთ დრამატულ გავლენას ვერ მოახდენდა, რადგან გარკვეულწილად, საზოგადოებაში პანდემიის თუ ეპიდემიის გავრცელების დროს (ეს ესეა, ევროპის გამოცდილებამაც აჩვენა), ერთი ტალღის ჩათავებისთვის დაახლოებით მოსახლეობის 15-20-პროცენტიანი ინფიცირება საკმარისია ხოლმე, როდესაც ის ბუნებრივადაც იკლებს. ჩვენ მუდმივი შეზღუდვების პირობებში ხომ ვერ ვიცხოვრებთ. ამიტომაც, უნდა მივაჩვიოთ ადამიანები წესრიგს, ამ პრინციპებით ცხოვრებას, ბიზნესს უნდა დავავალდებულოთ უფრო მეტი ასე ვთქვათ, აქტივობა, პროაქტიურები უნდა ვიყოთ ამ მხრივ. ასევე, მაგალითად, ამერიკის ბევრ შტატში ადამიანები ადრე მიდიან რესტორანში და ნახევარი საათით ადრე ელოდებიან თავისი ანტიგენის ტესტის პასუხს. ასეთ პირობებში, თუ პასუხი ნეგატიურია, უშვებენ რესტორანში. ამიტომ, ჩვენ ასეთი გამოსავალი, ადაპტაცია თუ არ ვიპოვეთ, მუდმივად იქნება ეკონომიკური და არა მარტო რეცესია ქვეყანაში. განათლების რეცესია რომ არის უკვე, გასაგებია. სკოლა რომ არ მუშაობს, მესმის, ეს სერიოზული პრობლემაა“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება.
info9.ge

კომენტარები ფეისბუქიდან