პოლონეთში ვაქცინირებულ ადამიანებს “კოვიდპასპორტებს” გადასცემენ

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა გოლავსკის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ, პოლონეთში „კოვიდპასპორტებს“ გადასცემენ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის შემდეგ, მოქალაქე მიიღებს QR-კოდს, რომლის ჩამოტვირთვაც ელექტრონული მთავრობის ვებგვერდზე, პირადი კაბინეტიდან იქნება შესაძლებელი.

„ეს იქნება ე.წ. კოვიდპასპორტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ადამიანმა ნამდვილად გაიკეთა აცრა და შეუძლია ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც ვაქცინირებულებს აქვთ“ – განაცხადა ანა გოლავსკამ.

მთავრობის ინციციატივით, ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ, ჯანდაცვის მომსახურებით დამატებითი ტესტირების გარეშე ისარგებლონ, და მათ ასევე აღარ მოუწევთ კარანტინის გავლა კოვიდინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ.

გარდა ამისა, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა, მათ შორის კვიპროსმა და საბერძნეთმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ „კოვიდპასპორტის“ მქონე მოგზაურები კარანტინის გავლისა და სხვა შეზღუდვებისგან გათავისუფლდნენ.

წყარო: bm.ge

კომენტარები ფეისბუქიდან