ეროვნული ბანკი ემსახურება სავალუტო სპეკულანტებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამსახურშია ჩამდგარი!

სებ-ის ხელშეწყობით ე.წ. უცხოელი ინვესტორები ანგრევენ ფულად-საკრედიტო ბაზარს და აუფასურებენ ლარს.
ირაკლი ლომიძე

არარეზიდენტი უცხოური ინვესტორებისთვის გზის გახსნით მთავრობა და ეროვნული ბანკიც ლარის გაუფასურებას უწყობენ ხელს. უცხოელი ინვესტორების საკუთრებაში გადასული ფულის მოცულობა წლიდან წლამდე რეკორდულად მატულობს, რაც დამატებითი წნეხია ლარზე და კურსზე მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს. ცხადია, ამ სიტუაციაში მოგებული რჩება მხოლოდ ე.წ. უცხოელი ინვესტორი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით  ვაჭრობს და მიღებული მაღალი სარგებელი უცხოურ ვალუტით გააქვს ქვეყნიდან, რაც წელიწადში რამდენჯერმე სავალუტო კოლაფსს იწვევს.

ადგილი აქვს  ფასიანი ქაღალდებით  სპეკულაციას, რაც სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს, რადგან ლარზე წნეხი მატულობს და სანამ ეს მიდგომა არ შეიცვლება, მუდმივად გაუფასურების რეჟიმში ვიქნებით. ცნობილია, რომ ლარის მორიგ გაუფასურებას ექსპერტები თებერვლიდან ელიან. ეს ის პერიოდია, როცა სახელმწიფოსგან მიღებული ფასიანი ქაღალდების თანხას არარეზიდენტი უცხოური ფირმები აკონვერტირებენ დოლარში და მაღალი სარგებლით გააქვთ ქვეყნიდან.

რაც შეეხება თანხის მთლიან მოცულობას, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, უცხოელი ინვესტორების საკუთრებაში 2020 წლის დეკემბრისთვის 657.6 მილიონი ლარის მოცულობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები იყო, რაც ნოემბერთან შედარებით – 45 მილიონი ლარით მეტი, ხოლო 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 277 მილიონი ლარით, ანუ 72%-ით მეტი იყო.

გამომდინარე აქედან, როგორც  ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკა შენგელია განმარტავს, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მავნებლურია, რომელიც ლარის გამყარების ნაცვლად, გაუფასურებას და უცხოური ფინანსური ორგანიზაციების ინტერესებს ემსახურება.

 ,,2020 წლის თებერვალში არარეზიდენტმა უცხოურმა ორგანიზაციებმა სწორედ ასეთი ინტერვენციებით დიდი ფული იშოვეს და ქვეყნიდან სერიოზული კაპიტალი გავიდა. წელსაც იგივე ხდება. მაშინაც ამის გამო აღნიშნულ პერიოდში ლარი გაუფსურდა და ახლაც იგივეს ველით.  ცხადია, რეზიდენტებს უნდა დაუბრუნდეს სარგებელი და თუ  ისინი  გადაწყვეტენ, რომ ეს ფული თავის ქვეყანაში გაიტანონ,  მოუწევთ დოლარის შესყიდვა, ეს კი ლარზე ზეწოლას გააძლიერებს. შესაბამისად, დაახლოებით 10 თებერვლიდან დაიწყებს ოდნავ ისევ გაუფასურებას. მაღალ საპროცენტო განაკვეთს ეროვნული ბანკი ინარჩუნებს იმტომ, რომ იზიდავს ასეთ სპეკულაციურ კაპიტალს. 

შეიძლება თქმა, რომ ადგილი აქვს  კაპიტალის გატანას ქვეყნიდან მაღალი მოგების სახით. მით უმეტეს, ამ თანხასთან დაკავშირებით ზღვარი არ არის, ღია ეკონომიკაა და არ იზღუდება ფულადი რესურსის მოცულობა. რა თქმა უნდა,  სჯობდა ეს ფული ადგილობრივ დარგებს მოხმარებოდა, მაგრამ რატომღაც  სებ-ი ყოველთვის კარს უღებს ე.წ. ცხელ ფულს, ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც შემოდიან მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები გვაქვს. 

ეროვნული ბანკი თავისი ფულად-საკრედიო პოლიტიკით, საერთოდ არ ფიქრობს  საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, ძირითადად ემსახურება ვიწრო ინტერესებს, სავალუტო სპეკულანტებს, ხელს უწყობს ფულის შემოსვლა-გასვლას და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამსახურშია ჩამდგარი“, – განაცხადა ,,რეზონანსთან“ ნიკა შენგელიამ.

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე სპეკულაციურ  ფაქტებსა და ლარის შესაძლო გაუფასურებაზე გააკეთა აქცენტი საბანკო სფეროს  ექსპერტმა მიხეილ თოქმაზიშვილმაც. მისი აზრით, ნებისმიერი ასეთი მოვლენა ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის შესუსტებას და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მავნებლობაზე მიგვანიშნებს.

,,ადგილობრივ ფასიან ქაღალდებს თუ იყიდის უცხოელი სხვა ქვეყანაში, ეს ფული, ცხადია, საქართველოში რეალურად არ შემოვა. გამოდის, რომ ფული გადადის ერთი ჯიბიდან მეორეში. თუმცა, ადგილობრივ რეზიდენტებზეც გაყიდვის შემთხვევაში, კაპიტალი ქვეყნიდან გაედინება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვინ არის მისი მყიდველი. ცხადია, რომ ფული ფული ეროვნულ ვალუტაში ანუ ლარში ვერ გავა ქვეყნიდან, კონვერტაცია უნდა მოხდეს დოლარში. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს საქართველოდან  საინვესტიციო კაპიტალის გადინებას. ამით  ეკონომიკური აქტივობა მცირდება. 

ცხადია, ძალას ვერავის დაატანენ, თუ სად უნდა წავიდეს ფული და რამდენი უნდა გაიტანონ. არარეზიდენტების შემოყვანას სჯობს, ხელისუფლებამ იზრუნოს იმაზე, რათა ეკონომიკაში ჩაიდოს ფული, პროექტების პროპაგანდა, შეთავაზება უნდა მოხდეს ინვცესტორებისთვის. თუკი მთავრობა ინერტულობას გამოიჩენს, კაპიტალი გავა და ლარიც მეტად გაუფასურდება“, – განაცხადა თოქმაზიშვილმა ,,რეზონანსთან“ და დასძინა, რომ ტენდენცია გაგრძელდება, რაც ეკონომიკაზე მკვეთრად ნეგატიურ ასახვას მოახდენს.

,,ტენდენცია გაგრძელდება, შესაბამისად, მეტი ქმედითი ნაბიჯია ხელისუფლებისგან საჭირო, რომ შეარბილოს და შეანელოს ასეთი საინვესტიციო აქტივობა. გაცილებით მეტი  საფრთხეა, რაც შეიძლება საქართველოს მომავალში დაატყდეს თავს.  ჩვენი ქვეყნის გლობალური როლი  სუსტდება და ფუნქციებს თანდათან ვკარგავთ, შეიძლება ეს უჩინარი შემოსავალია საქართველოსთვის, მაგრამ  თუ ყველაფერი დათმეს და არ იაქტიურებენ, ეკონომიკა ჩამოიშლება, ზრდის რა ტემპითაც არ უნდა ხასიათდებოდეს”, – აღნიშნა მიხეილ  თოქმაზიშვილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფო ობლიგაციების საშუალო სარგებელი 8.17% იყო. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობა 5.8 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამ ვალდებულებების 11.3% უცხოელი ინვესტორების საკუთრებაშია.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები მთავრობის მიერ გამოშვებულ სახაზინო ობლიგაციებსა და სახაზინო ვალდებულებებს წარმოადგენს. მათი მეშვეობით საქართველოს მთავრობა შიდა ვალს იღებს.
rezonansi.

კომენტარები ფეისბუქიდან