პანდემია და თხილამურები

ტურიზმი და კურორტები ვითომ დაკეტილია, მაგრამ ყველა ხედავს და ყველას აქვს ინფორმაცია, რომ სამთო-სათხილამურო კურორტები ხალხით მაინც სავსეა. რეგულაციების დარღვევა აშკარაა, მთავრობა თვალს ხუჭავს. სტუმრიანობა კურორტებზე მაინც ხერხდება. ზაფხულში შიდა ტურიზმის წახალისებამ ქვეყანა არნახული ეპიდაფეთქების წინაშე დააყენა. ახლა ვის დაბრალდება ჩუმ-ჩუმად მომუშავე კურორტებიდან ინფექციის მასშტაბის ზრდა?

წლევანდელ სამთო-სათხილამურო კურორტებზე მუშაობა საოჯახო ტიპის სასტუმროებსაც ეკრძლებოდა, მაგრამ ფაქტია, დაწესებული შეზღუდვები არ გაუთვალისწინებიათ და დამსვენებლების მიღებას მაინც აგრძელებენ. მაშინ, როცა ზაფხულში მთელ ქვეყანაში შიდა ტურიზმი გაიხსნა, კატასტროფის წინაშე დავდექით – ვირუსი მთელ ქვეყანას სწორედ აჭარიდან მოედო. საინტერესოა, ისედაც მძიმე ეპიდსიტუაციაში რატომ არავინ არაფერს ამბობს გადაჭედილი ბაკურიანისა და გუდაურის შესახებ და რატომ გვიწევს ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება?

როგორც ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი თეა ჩაჩანიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები დაკეტილია, ხოლო თუ ვინმე საოჯახო სასტუმროს აქირავებს, ამის აკრძალვა შეუძლებელია.

„კერძო ბინები ვისაც აქვთ, მათ ვერ აუკრძალავ მუშაობას. რეალურად, სამთო-სათხილამურო კურორტებზე  სასტუმროები არ მუშაობს, რაც ხალხის დიდ ნაკადს ვერ გამოიწვევს. ამასთანავე, არ არის არც საბაგიროები და ესეც საკმაოდ აფერხებს ხალხს.

მართალია, ზაფხულში გახსნილმა შიდა ტურიზმმა გამოიწვია ასეთი მძიმე ეპიდსიტუაცია, მაგრამ მაშინ გახსნილი იყო კაფე-ბარები და ა.შ. ახლა ასე არ არის. ადამიანს, რომელიც მიდის საკუთარ სახლში, ამას ვერ აუკრძალავ, იმის მიუხედავად, რომ დაუშვებელია ყველანაირი სახის აქტივობა“, – განუცხადა „რეზონანსს“ ჩაჩანიძემ.

სპეციალისტების რეკომენდაციით, აუცილებელია, მოსახლეობამ დისტანცია დაიცვას და პირბადე აქტიურად მოიხმაროს. გაზრდილი კორონავირუსის შემთხვევების გამო შეზღუდვების დიდი ნაწილი ისევ გახანგრძლივდა და სავაჭრო ობიექტებს გახსნის საშუალება ისევ არ მიეცა. აუცილებელი საჭიროების ბიზნესი გაჩერებულია და ამ დროს სამთო კურორტებზე დამსვენებელი უპრობლემოდ დადის. 

ახლა, როცა ეპიდსიტუაცია თითქმის დასტაბილურდა, მოსახლეობის ნაწილი გათამამდა და თავს აღარ იკავებს მოგზაურობისგან. დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, სასტუმროების მუშაობა აკრძლულია, მაგრამ საინტერესოა, სად არიან მოთავსებული დამსვენებლების ის ნაწილი, რომლებიც კურორტებზე მრავლად არიან ან რა დააშავა იმ ხალხმა, რომლებიც რეგულაციებს იცავენ და არ მოგზაურობენ?

როგორც ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან” აღნიშნავს, ყველანაირი მობილობის გაზრდა საფრთხის შემცველია, ამიტომ აუცილებელია, ყველა ადამიანმა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და მოიქცეს ისე, როგორც დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას სჭირდება.

„ყველანაირი აქტივობის გაზრდა, ეს იქნება საოჯახო სასტუმრო თუ ნებისმიერი დაწესებულება, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის ისედაც მძიმე სიტუაციას, ამიტომ მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ის რეკომენდაციები, რომლებსაც სპეციალისტები იძლევიან. აუცილებელია, თავი შევიკავოთ ხალხმრავალი თავშეყრისგან და დავიცვათ წესები იმისთვის, რომ ინფექცია შევაკავოთ.

ოფიციალურად ჯარიმის დაწესება ყველაფერზე რამდენად შესაძლებელია, არ ვიცი, თუმცა ყველაფერზე გადასახადს ვერ შემოიღებს სახელმწიფო. ფაქტია და ყველამ იცის, რომ ხალხი კურორტებზე მაინც მიდის. ეს არის მათი თვითშეგნების ამბავი. აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა ავიღოთ ის პასუხისმგებლობა, რაც ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას სჭირდება და მოვიქცეთ შესაბამისად. ჩვენი წილი რეკომენდაციების დაცვით შევინარჩუნებთ სტაბილურ მდგომარეობას“, – განაცხადა გოგინავამ.

ზაფხულში, როდესაც ქვეყანა კოვიდ-19-ის ინფექციას სამაგალითოდ უმკლავდებოდა, სეზონი მაინც ჩავარდა და თანაც ინფექციის გავრცელების მხრივ კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდით. როდესაც შეზღუდვები გამკაცრებულია, სავაჭრო ობიექტებს გახსნის უფლება არ აქვს, ხოლო ტრანსპორტის მუშაობა აკრძალულია, რატომ არავინ რეაგირებს გავსებულ კორორტებზე, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ახალი ეპიდაფეთქება? თუ ასე მოხდება, სავარაუდოდ, შეზღუდვები გახანგრძლივდება და არალეგალურად მომუშავე სასტუმროების გაფუჭებული საქმე ისევ სხვებს დაბრალდებათ. მთავრობაში ზუსტად იციან, რომ ხალხი ზამთრის კურორტებზე აქტიურობს, მაგრამ თვალს ხუჭავენ.

როგორც ტურიზმის ექსპერტი ნიკო კვარაცხელია აღნიშნავს, დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები არ უნდა მუშაობდეს, რადგან ეს დიდი საფრთხის შემცველია.

„ადამიანები, ვისთანაც მაქვს კონტაქტი და რომლებსაც სახლი აქვთ სამთო კურორტებზე,  ყველანი თავიანთ სახლებში იყვნენ და თქვეს, რომ არც საბაგირო მუშაობს და არც სასტუმროები. კურორტზე არიან მხოლოდ ადგილობრივები, რის შედეგადაც ხალხის მცირე ნაკადია.

შესაძლებელია, საოჯახო სასტუმროებმა ჩუმად იმუშაონ, რადგან მთავრობამ ვერ გააკონტროლოს, მაგრამ მაინც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სასტუმროები ღია და არ უნდა ტრიალებდეს ხალხი. რა თქმა უნდა, შეზღუდვებს დიდი ზარალი მოაქვს  ეკონომიკისთვის, ხალხისთვის, ტურიზმისთვის, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ მას და წამიერი სიამოვნების გამო არ უნდა გავწიროთ საკუთარი თავი და სხვები“, – აღნიშნა „რეზონანსთან“ კვარაცხელიამ.

შიში ვირუსისადმი არც ისე დიდია, განსაკუთრებით _ ახალგაზრდებში. როგორც ექსპერტი ამბობს, აუცილებელია, მოვითმინოთ, რადგან ვაქცინა უკვე გამოჩნდა, რაც გვაძლევს იმედს, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება და როგორც ადამიანები, ასევე ტურიზმიც განაგრძობს ძველებურად მუშაობას.

„ახალგაზრდობაში არ არის ვირუსის მიმართ ძლიერი შიში და კარგია, რადგან ახალგაზრდა გულადი უნდა იყოს, მაგრამ როცა ეს კარგავს ზომიერებას და ვერ აცნობიერებს საშიშროებას, ძალიან სამწუხაროა, რადგან ისინიც ხდებიან ვირუსის მსხვერპლნი.

ვფიქრობ, უკვე გამოჩნდა რაღაც კონტურები და, კორონავირუსის ვაქცინაციის შემდეგ, ზაფხულის სეზონის მეორე ნახევარში მაინც გვექნება საშუალება, ვიმოგზაუროთ. ტურიზმი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ავიამიმოსვლაზე. თუ აღდგა ფრენა,  ტურიზმიც აღდგება. ვხედავ, თავს ვიკავებთ ახლობლებთან მისვლისგან, რაც არანორმალური მდგომარეობაა, მით უმეტეს _ ტურიზმისთვის, მაგრამ როცა ვირუსი მძვინვარებს, ტურიზმი აუცილებლად უნდა გაჩერდეს“, – დასძინა „რეზონანსთან“ ნიკო კვარაცხელიამ.
rezonansi.