ქვეყნის მასშტაბით, 10 დიდ ქალაქსა და აჭარის რეგიონში 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი, 18 იანვრიდან დისტანციურ ფორმატში განახლდა. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში, რომლის ოდენობაც 1700-მდეა, სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყო. კვლავ იზოლირებულნი არიან სტუდენტები, რომელთა ნაწილს აუდიტორია სულ რამდენჯერმე აქვს ნანახი. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზით, ქვეყნის მასშტაბით, დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესის დაწყება კვლავ გადაიდო. მოსწავლეები ისევ სახლიდან გააგრძელებენ განათლების მიღებას. რა შედეგი ექნება სახლში ორწლიან ყოფნას მოზარდების განათლებასა და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობაზე, ,,ბიზნეს-რეზონანსმა” სპეციალისტებს ჰკითხა. რეალობა რომ საკმაოდ მძიმე იქნება, ეს აქედანვე ჩანს.

ქვეყნის მასშტაბით, 10 დიდ ქალაქსა და აჭარის რეგიონში 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი, 18 იანვრიდან დისტანციურ ფორმატში განახლდა. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში, რომლის ოდენობაც 1700-მდეა, სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყო. კვლავ იზოლირებულნი არიან სტუდენტები, რომელთა ნაწილს აუდიტორია სულ რამდენჯერმე აქვს ნანახი. 

ამგვარ ჩაკეტილობას უკვე ინფექციონისტებიც კი ეწინააღმდეგებიან. მაია ბუწაშვილი ბავშვებზე ონალიან სწავლების გავლენისას მოსალოდნელ სავალალო შედეგებზე საუბრობს:

“ვიცი, რომ ძალიან არაპოპულარულ რამეს ვამბობ და ტყვიებს გამოისვრიან, მაგრამ ჩემი აზრი სკოლების/უმაღლესი სასწავლებლების შესახებ, რომელიც ხშირად მაქვს დაფიქსირებული, არ შემიცვლია. ჩვენ მომავალში მოვიმკით ბავშვების სახლში გამოკეტვის ძალიან მავნე შედეგს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ასეთი რამ გარდაუვალია, მაგრამ იმის მაგიერ, რომ ეს იყოს უკიდურესი ზომა, რატომღაც სწორედ სასწავლო დაწესებულებების მიკეტვა ეადვილება ყველას. გასაგებია, რომ განსაკუთრებით გართულებულ ეპიდსიტუაციაში (ისიც მხოლოდ შესაბამის ადგილებში) სწრაფად შეიძლება ხოლმე დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება – უსასრულო დროით, ყველაფერი რომ ღიაა ხოლმე და ყველა თავის ნებაზე დადის, სასწავლო დაწესებულებები მაინც დაკეტილია.

ბოლო დროს ონლაინ საახალწლო ზეიმები და კომპიუტერის ეკრანთან კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები გულსაკლავი საყურებელი იყო. მშობლებისგან ისეთი ისტორიები მესმის, ბევრ ოჯახს ტანჯვად აქვს გადაქცეული პანდემიის მთელი ეს პერიოდი. ზუსტად ვიცი ვიღაც გამოხტება ახლა და მეტყვის, რა დროს ამაზე ლაპარაკია, ხალხი იღუპებაო. ამის შეხსენება მე ნამდვილად არ მჭირდება. კორონავირუსის შედეგებს ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ვუყურებ. უბრალოდ მაინცდამაინც სასწავლო დაწესებულებების მუდმივად მიკეტილ მდგომარეობაში ყოფნა ამ საკითხს რომ ვერ წყვეტს, ამას ხომ ვხედავთ?

წარმომიდგენია, სასწავლო დაწესებულებები რომ არ ჩაკეტილიყო და მთლიანად მათ დაბრალდებოდა შემთხვევების რაოდენობის ასეთი სწრაფი აღმავლობა“, – აღნიშნა მაია ბუწაშვილი. 

მოსწავლეების გარდა, არიან სტუდენტები, რომლებმაც 2 სემესტრი ისე დახურეს, აუდიტორია თვალით არ უნახავთ. შარშანდელი პირველ კურსელები მხოლოდ ერთი სემესტრი იყვნენ აუდიტორიებში და წლევანდელ ნაკადი უნივერსიტეტის შენობაშიც კი არ შესულა. სავარაუდოა, რომ შეზღუდვა საგანმანათლებლო წლის ბოლომდე გაგრძელდება, ონლაინ  სწავლის ხარისხიდან გამომდინარე კი, შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ორი წელი დაიკარგა. 

ფსიქოლოგი და განათლების ფსიქოლოგიის დოქტორანტი მეგი საჯაია 2020 წელს აფასებს და ამბობს, რომ ონალაინ სწავლებისთვის მზად არავინ იყო. 

„სკოლა, გარდა იმისა რომ მოსწავლეს აძლევს განათლებას, ის ავითარებს სოციალურ-ემოციურ მიმართულებას. ძალიან მნიშნველოვანია პირისპირ ურთიერთობა გვქონდეს ადამიანებთან. ხშირად მოისმენდით, რომ ბავშვებს ენატრებათ კლასელები, ენატრებათ მათთან ერთად თამაში, ჩახუტება.

დისტანციურ სწავლებას აქვს თავისი აურყოითი ასპექტები. დაბალი კლასის მოსწავლეებში კიდევ უფრო რთულად გვაქვს საქმე. მათ უწევთ ახალი როლის, მოსწავლის როლის მორგება თან არარელევანტურ გარემოში, ხშირად ამას მოჰყვება პროტესტი, გუნება განწყობისა და სწავლის მოტივაციის დაქვეითება. პირველკლასელი მოსწავლე არ იცნობს გარემოს, თანატოლებს, მასწავლებელს, კლასის და სწავლების სტრუქტურას. ეს ძალიან სტრესულია მისთვის.

რაც შეეხება მასწავლებლებს აქაც ურთულესი პროლემებია. მათი დიდი ნაწილისთვის ამ დოზით ციფრულ ტექნოლოგიებთან შეხება პირველად მოხდა. პედაგოგებს დასჭირდათ დისტანციურ სერვისებში გარკვევა, კლასის მართვის გადაწყობა სრულიად ონლაინ სივრცეში, რაც არ არის მარტივი. გულწრფელები რომ ვიყოთ, მზად არავინ იყო ამისთვის“, – განუცხადა მეგი საჯაიამ ,,ბიზნეს-რეზონანსს“. 

გარდა იმისა რომ მოსწავლეები ვერ დადიან სკოლაში, ისინი სრულფასოვნად ვერ ემზადებიან რეპეტიტორებთან, არ არიან ჩართული სპორტულ აქტივობებში, სახელოვნებო წრეებში. უწევთ ფორტეპიანოს, ბალეტისა და ხატვის ონლაინ გაკვეთილების გავლა. ბუნებრივია, ასეთი მეთოდი შეუძლებელია ხარისხით მიახლოებული იყოს ფიზიკური დისტანციის გარეშე სწავლასთან. პრობლემას ქმნის ისიც, რომ დისტანციური მეთოდით ბავშვები კიდევ უფრო მეტად ეჯაჭვებიან კომპიუტერს და მობილურ ტელეფონს, რაც აქამდეც დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ონალინ სწავლება სკოლას აზარალებს:

“უამრავი აბიტურიენტი ზის სახლში და კერძო მასწავლებლებთანაც კი ვერ დადის. ხალხი დიდ გაურკვევლობაშია. არც ხელისუფლება ამბობს, რას უპირებენ ამ ბავშვებს. უკვე მეორე წელი წავიდა და როგორ აპირებენ კლასიდან კლასში ბავშვების გადაყვანას? 

სტუდენტებთან უფრო ადვილად არის საქმე. ამ შემთხვევაში არსებობს ელექტრონული სწავლების პრაქტიკა. ადრეც იყო ლექციები, სემინარები თუ პრაქტიკული სამუშაოები, რომელსაც  ელექტრონულად ასრულებდნენ. სკოლის მოსწავლეები კი ამ მხრივ ძალიან დაზარალდნენ. ამ დროს კი განათლების სამინისტროს ისევ არ აქვს აღრიცხული, 600 000 მოსწავლიდან, რამდენს აქვს სახლში კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა”, – დასძინა “ბიზნეს-რეზონანსთან” მანანა ნიკოლაიშვილმა.
Rezonansi.

კომენტარები ფეისბუქიდან