მშობლები, სკოლების გახსნის მოთხოვნით, მზიურში საპროტესტო აქციას მართავენ.  მათი თქმით, ხელისუფლება მშობლების და ბავშვების ინტერესებს და საჭიროებებს არ ითვალისწინებს. 

უკვე მესამე სემესტრია, ბავშვები დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ. მართალია, სკოლები ევროპაშიც დახურულია, თუმცა, დასავლეთის ქვეყნებმა სასწავლო დაწესებულებები ბოლოს დახურეს და მის გახსნას სხვა დაწესებულებებზე ადრე გეგმავენ, საქართველოში კი პირიქითაა. 

“დემოკრატიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლება, გადაწყვეტილებების მიღების დროს, ერთი მხრივ, რთავდეს დაინტერესებულ მხარეებს და მეორე მხრივ, მიღებული გადაწყვეტილების განმარტავდეს და მიზეზ-შედეგობრივ კავშირებსაც უნდა ხსნიდეს. ჩვენს შემთხვევაში არის იმპერიალისტურ-ტოტალიტარული მიდგომა, თითქოს შუა საუკუნეების ქვეყანა ვიყოთ. გვაცნობენ მხოლოდ გადაწყვეტილების შინაარსს. უფრო გამჭვირვალე თუ იქნება ეს პროცესი, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უკეთესი იქნება”. – თქვა რევაზ აფხაზავამ. 

დღეს განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ 15 თებერვალს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეფასდება და იმ შემთხვევაში, თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, შემდგომი შემსუბუქება განიხილება. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, 1-ლი თებერვლიდან ახლდება. 

“რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელება დაგეგმილია 1 მარტიდან. 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, მოხდება შემდგომი შემსუბუქებების განხილვა”. – აცხადებს უწყება.

კომენტარები ფეისბუქიდან