დაუმორჩილებლობის მსვლელობა

დაუმორჩილებლობის მსვლელობა, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, კვლავ პარლამენტთან, საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულებით დასრულდა.+

სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებულ კარვებთან დაბრუნდნენ, სადაც აქტივისტების ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

როგორც ერთ- ერთმა აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აქციები კვლავ გაგრძელდება. მისი ინფორმაციით დაუმორჩილებლობის აქციას, ასევე პიკეტირებას გეგმავენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ისინი მათ შეუერთდებიან.

“აქციის მიზანი იყო კიდევ ერთხელ მოგვეხდინა დემონსტრირება, რომ ადამიანები, რომლებიც კარვებში ვაპროტესტებთ უკანონო ხელისუფლებას, არ ვეგუებით ხელისუფლების უკანონო მიტაცებას, პოლიტიკური პატიმრების არსებობას ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი შეგვემატა ირაკლი ფანგანი, ზუსტად იგივე ინციდენტზე გიგა მაქარაშვილთან დაკავშირებით, საჯარო მოხელე დააწინაურეს, ხოლო აქტივისტი დააკავეს. ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. დღეს შევხვდით ძალიან ბევრი დარგის წარმომადგენელს, ისინი აანონსებენ აქციებს, პიკეტებს, ასეთ დარღვევებს „კომენდანტის საათის“ და ჩვენ მათ აუცილებლად შევუერთდებით, ესენი არიან ხელოვანები, სამთო- ტურიზმის წარმომადგენლები და მათ ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა, ეს იქნება პიკეტები, ეს იქნება კომენდანტის საათის დარღვევები, სანამ „ქართული ოცნება“ არ დათმობს ძალაუფლებას, რომელიც აქვთ მიტაცებული”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, აქტივისტებმა საღამოს 9:00 საათზე დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტთან დაიწყეს, საიდანაც “ქართული ოცნების” ოფისისკენ, შემდეგ კი შს სამინისტროს შენობამდე გამართეს მსვლელობა, მოგვიანებით კი, კვლავ პარლამენტთან განთავსებულ კარვებში დაბრუნდნენ. მათ არჩევნების გაყალბება, დაწესებული შეზღუდვები და ირაკლი ფანგანის პატიმრობა გააპროტესტეს, რომელიც ბათუმში დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზეა დაკავებული დევნისა და ხულიგნობის მუხლით.