რა საკითხები განიხილა ზარიფმა თბილისში საქართველოს პირველ პირებთან

მოსკოვში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფ 28 იანვარს თბილისში ჩამოვიდა და დღის განმავლობაში ქვეყნის პირველ პირებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მედიასთან ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა, ამიტომ მედიისთვის მხოლოდ სამთავრობო უწყებების მიერ გავრცელებული რელიზებია ხელმისაწვდომი.

როგორც საქართველოს მთავრობის მიერ შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ მოკლე რელიზში ვკითხულობთ, საუბრის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის – ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ასევე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

რელიზის მიხედვით, შეხვედრაზე ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს:

„ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ორი ქვეყნის სატრანზიტო, სატრანსპორტო კომუნიკაციის განმტკიცებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის გამოყენებას, ასევე ამ სფეროებში არსებული სირთულეების დროულად მოგვარების მნიშვნელობას“.

ოფიციალური ცნობით, საუბარი ასევე შეეხო პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებს.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“,– ვკითხულობთ რელიზში.

accent.com