საქართველოს მთავრობამ პირობა შეცვალა და მარტამდე არც ერთი დატოვებული შეზღუდვის მოხსნას აღარ აპირებს. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდებოდა და ამ კვირაში ყველაზე დიდი მოლოდინი კომენდანტის საათის გადაწევაზე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენასა და ზამთრის სეზონის გახსნაზე იყო, თუმცა დაპირება არ გამართლდა და, როგორც მინიმუმ, მარტის დასაწყისამდე საკმაოდ რთულ პირობებში გაგრძელდება ცხოვრება.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელი პოზიტიურია, მთავრობა მაინც „პაუზას“ იღებს, მიზეზად კი აქამდე გახსნილ სექტორებზე დაკვირვებას ასახელებს. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში საკმაოდ დიდი მობილობის მქონე მიმართულებები გაიხსნა, მათ შორის _ სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემდეგი 2 კვირა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ამუშავდეს დარჩენილი სფეროები.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიაზროთ პასუხისმგებლობა, რაც ამას მოჰყვება. ჩვენ, თუკი გვინდა, რომ, ასევე გაგრძელდეს შემდეგ, დავუშვათ, ორი-სამი კვირისთავზე, მარტში შევძლოთ, რომ კიდევ დანარჩენი ნაბიჯები გადავდგათ, ყველამ აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები. პირველ რიგში ეს არის პირბადე, რომელიც ერთ-ერთი მთავარია კონტროლისთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ნორმალური ეპიდვითარება და, რა თქმა უნდა, არის სხვა დაწესებული რეგულაციებიც.
შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა, რას ნიშნავს ეს? წინა სამი კვირის განმავლობაში კვირაში თითო ან ორი დიდი მიმართულება გავხსენით, ახლა, დაახლოებით, ორი კვირა მაინც უნდა დავაკვირდეთ. ეს არის ეპიდემიოლოგების ძალიან მყარი და არგუმენტირებული პოზიცია იმიტომ, რომ თავისი მოქმედების ციკლი აქვს ვირუსს, თავისი ინკუბაციური პერიოდი. თებერვლის ბოლოს უკვე გვეცოდინება შედეგი და თუ არაფერი გაუარესდა, მარტიდან რისი გახსნაც შეგვეძლება, ვისაუბროთ დამატებით შემსუბუქებაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ, ბიზნესის გახსნის პარალელურად, ეპიდვითარების კონტროლის მიზნით, დაწესდება ახალი შეზღუდვებიც, რომლებზეც მთავრობა უკვე მუშაობს, ეტაპობრივი გახსნა კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გახსნის გადაწყვეტილების შეცვლა და გადათამაშება არ მოხდეს.
შეზღუდვების გახანგრძლივებით ბიზნესს დამატებითი წნეხი ელის, განსაკუთრებით _ ზამთრის კურორტებს, რადგან მათი სამუშაო სეზონი მალე ამოიწურება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მთავრობა შეზღუდვებს არ ამსუბუქებს.
პრობლემები ელის ბიზნესის სხვა მიმართულებებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ ჩაკეტილია და უცნობია, მუშაობას როდის გააგრძელებენ. გაურკეველია უნივერსიტეტებისა და საბავშვო ბაღების გახსნის ბედიც, ასევე, კომენდანტის საათის გადაწევის საკითხიც. ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ეს ყველაზე დიდი პრობლემაა.
„მთავარი პრობლემა მაინც კომენდანტის საათია, რადგან, საბოლოო ჯამში, მგონია, რომ დღესდღეობით ასეთი ფორმით იგი უფრო მეტ პრობლემას ქმნის. ხალხი სამსახურებიდან ძალიან მოკლე მონაკვეთში ცდილობენ სახლში მისვლას, რაც საზოგადოებრივ ტრანპორტში დიდ ნაკადს ქმნის, ეს კი რისკია, ამიტომ უნდა ვიფიქროთ გადაადგილების შეზღუდვის ერთი საათით – 22:00 საათამდე გადაწევაზე, რადგან დრო გადანაწილდეს და არ შეიქმნას მგზავრთა გადაყვანის პრობლემები.
ყველა უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ წავა დინამიკა. იმედი მაქვს, შემსუბუქება იმაზე გაცილებით ადრე იქნება, ვიდრე ამაზე აქამდე ვსაუბრობდით. მთავარია, რომ ჩვენ თვითონ ვიყოთ პასუხიმგებლიანები“, – განუცხადა „რეზონანსს“ ლევან ვეფხვაძემ.
ამრიგად, არც მოსახლეობა და არც ბიზნესი, მინიმუმ, 2 კვირა, არანაირ შემსუბუქებას არ უნდა ელოდოს, რაც დამატებით პრობლემებს გამოიწვევს. პრობლემები შეიქმნა ეკონომიკაშიც, რომელიც განსაკუთრებით პირველი კვარტალის მონაცემებზე აისახება. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი, პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, არსებულ რეალობაში ქვეყანა ვერ შეძლებს დაანონსებული 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევას.
„შეზღუდვები მოიხსნება თუ არა, პირველი კვარტალის მონაცემებით, მშპ-ის ზრდა არ გვექნება, ანუ ეკონომიკა შემცირდება. ამის ფონზე, დაპირება, რომელიც 2021 წელს 4.3%-იან ზრდას გულისხმობს, არსებულ რეალობაში არის ფანტასტიკა. ასეთი მიდგომითა და ამ სახით ეკონომიკის ზრდას ჩვენ წელს საერთოდ ვერ მივაღწევთ. ეს დაკავშირებულია ძალიან ბევრ რამესთან – როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში, ჩვენს პარტნიორ და მეზობელ ქვეყნებში, რა შეზღუდვები მოიხსნება და ა.შ. სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული ტურიზმის სექტორზე. ამ დარგის კონტრიბუცია მთლიან ეკონომიკაში 12%-ია. აქედან გამომდინარე, ეს შეზღუდვები რომც არ ყოფილიყო, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი იქნებოდა და ახლა ხომ საერთოდ…
წინა წელს, დაახლოებით, 400 ათასი სამუშაო ადგილი დავკარგეთ. მეორეჯერ შეზღუდვები, რომლებიც გასული წლის შემოდგომაზე გამოცხადდა, დღემდე გრძელდება. მსგავსი დროით შეზღუდვები პრაქტიკულად არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა. ჩვენ ვართ მერვე სახელმწიფო შეზღუდვების სიმკაცრის კუთხით მაშინ, როდესაც მშპ-ის მიხედვით 108-ე ადგილზე ვიმყოფებით. წარმოიდგინეთ, რაოდენ მნიშვნელოვნად არის შეზღუდული ასეთი პატარა და სუსტი ეკონომიკა.
მთელი ეკონომიკური პროცესების მართვა მინდობილი აქვს სამ ადამიანს, რომელთაც არანაირი წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მუშაობს ქვეყანა. შეიქმნა პორტალი, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნიდან მასშტაბურად წასვლა და სხვა ქვეყანაში დასაქმება სურთ. გერმანიაში სამუშაოდ წამსვლელთა პორტალზე 24 საათში 50 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. ამ დროს ურთულეს ფიზიკურ სამუშაოებზეა საუბარი და, ამის მიუხედავად, მაინც ამდენი ადამიანი დარეგისტრირდა. ეს უდიდესი ტრაგედიაა ქვეყნისთვის.
rezonansi.