ნაცებმა გახარია გააქცია, ამან კი შეზღუდვების მოხსნა გააქცია…

ორი დღის წინ ბიზნესასოციაციებმა საქართველოს აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს 7-პუნქტიანი გეგმით მიმართეს, თუმცა ქვეყანას დღეს მთავრობის მეთაური უკვე აღარ ჰყავს, მხოლოდ კანდიდატი – ირაკლი ღაბირაშვილი. გიორგი გახარიას წასვლით, ბიზნესი დამატებითი წნეხი ქვეშ აღმოჩნდა, რადგან მათ მოთხოვნების შესრულება გადაიდო, რადგან ახალი პრემიერის გუნდის ჩამოყალიბება საკმაო დროსა და პროცესებთან არის დაკავშრებული. 

„ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, თუმცა მისი პრემიერად ოფიციალური დანიშნვას ორი კვირა სჭირდება. შესაბამისად, ბიზნესი, რომელიც მათი შეზღუდვების შემსუბუქებას უახლოეს დღეებში მოითხოვდა, ამ ეტაპზე ვერაფრით დაკმაყოფილდება. 

გიორგი გახარიას გადადგომა მოულოდნელი და გაუგებარია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. მათი ნაწილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის წასვლა ბიზნესს დამატებით პრობლემებს შეუქმნის, რადგან მათ მოთხოვნებს ჯერჯერობით ვერავინ შეასრულებს. როგორც საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, დღევანდელი ვითარება სტაბილური ნამდვილად არ არის. 

„ძალიან ცუდი ამბავია, რა თქმა უნდა. ზოგადად, ბიზნესი ყოველთვის დამყარებულია სტაბილურობაზე. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სტაბილურობა არ არის. ამიტომ, ჩვენ მუდმვივი რყევის რეჟიმში ვართ. გარკვეულწილად, გიორგი გახარია ქმნიდა იმის შეგრძნებას, რომ შედგებოდა კომუნიკაცია საკოორდინაციო საბჭოსთან. ახლა სრული გაურკვევლობაა. ალბათ, 1-2 დღეში ჩამოვყალიბდებით, თუ როგორ იქნება ჩვენი ნაბიჯები. სამწუხარო ის არის, რომ დროის შეზღუდულ მონაკვეთშია საჭირო იმ ღონისძიებების გატარება, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ. 

ცოტა დაბნეულებიც ვართ. ვხედავთ, რომ საკითხი ეხება მთლიანად ეკონომიკურ გუნდს, მაგრამ საკითხის გადაწყვეტა კრიზისების საბჭოსთან განხილვით და მთავრობის მეთაურთას შეთანხმებით ხდებოდა. სამწუხაროდ, დღესდღეობით აქ გვაქვს სიცარიელე და ალბათ, 1-2 დღეში უფრო კონკრეტული პასუხი გვეცოდინება“, – განაცხადა „რეზონანსთან“ ლევან სილაგავამ და დასძინა, რომ მეორე ტალღისას შემოღებულმა შეზღუდვებმა ბიზნესს სერიზული პრობლემები გაუჩინა. მან გიორგი გახარიას საქმიანობა 10-ბალიანი სისტემიდან 6-7 ქულით შეაფასა. 

„საერთოდ, გიორგი გახარიას მეც და ბიზნესიც არა ერთი და ორი წელია ვიცნობთ. საკმაოდ აქტიური იყო, განსაკუთრებით პირველი ტალღის დროს. გადაწყვეტილებები, რომლებსაც მისი თავმჯდომარეობით იღებდა მთავრობა, იყო სწორი, რადგან საჭირო იყო შეზღუდვები, რათა  პროცესები განვითარებულიყო სწორად, თუმცა მეორე ტალღის პერიოდში იყო ხარვეზები. ბიზნესსაც სხვადასხვა მიმართულებით სერიოზული პრობლემები გაუჩნდა. 

სამწუხაროდ, გიორგი გახარიას მხრებზე გადავიდა ძალიან ბევრი პრობლემა, ეკონომიკური თუ პოლიტიკური და ალბათ ყველაფრისთვის ვერ მოიცალა. მთავრობაში, როგორც ჩანს, საშუალო და ქვედა რგოლებში არის პრობლემები, გადაწყვეტილების აღსულების მხრივ. 10-ბალიანი შეფასებისას, გიორგი გახარია 6-7 ქულას დავუწერდი, რადგან ხშირად გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება განხორციელებულიყო, იკარგებოდა ქვედა რგოლებში”, – დასძინა „რეზონანსთან“ ლევან სილაგავამ.

ბიზნესი ახლა სრულ გაურკვევლობაშია. პანდემიას და ეკონომიკურ კრიზისს, პოლიტიკური პროცესებიც დაემატა, რაც მათზე გავლენას მოახდენს. ბიზნეს ასოციაცისს წარმომადგენლები ახლა დაბნეულები არიან და არ იციან რა მოჰყვება მთავრობის შეცლას, თუმცა მათი მოთხოვნა კვლავ ძალაშია და იმედოვნებენ, რომ დაკმაყოფილდება კიდეც, თუმცა ფაქტია, დროში ნამდვილად გაიწელება. ბიზნესისთვის კი შეზღუდვების მეტად გაგრძელება დამატებით პრობლემებს შექმნის. 

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, ნებისმიერ სიტუაციაში, ვინც არ უნდა იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ძალაში რჩება ის მოთხოვნები, რომელიც ორი დღის წინ 10-მა ბიზნეს გაერთიანებამ დააყენა.

„გადაწყვეტილებები მიმღები პირი უნდა არსებობდეს, რომ ვინმეს რამე მოვთხოვოთ და შედეგს მივაღწიოთ. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ პრემიერი გადადგებოდა. ყველა ვარიანტში, ჩვენი მოთხოვნები მოთხოვნებათ რჩება. ვაგრძელებთ მათთან ურთიერთობას, ვისთანა აქამდეც ვქონი კომუნიკაცია. ეკონომიკის სამინისტრო არსებობს, ჯანდაცვის შრომის უსაფრთხეობის სამსახური არსებობს. მათ ახლა მოვალეობის შემსრულებლები თუ კანდიდატები ჰქვიათ, მაგრამ ეს სამსახურები პარალიზებული არ არის და მუშაობენ. რამდენად საბოლოო გადაწვეტილებების მიმღები არიან, თუ დაელოდებიან ახალი პრემიერის დანიშვნას, ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვფიქრობთ, რომ ეს ორი კვირა უნდა გავჩერდეთ.

პრობლემები ნამდვილად არსებობს. გიორგი გახარიას ბიზნესის შეგრძნება ჰქონდა, მაგრამ ბევრი გადაწყვეტილება იყო დაგვიანებული. უფრო ადრე რომ მომხდრიყო ჯობდა. ყოველთვის გვინდა, რომ უკეთესობა იყოს, მთავარია უარესი არ მოხდეს“, – განუცხადა კოტე გაბრიჩიძემ „რეზონანსს“.

გიორგი გახარიამ წასვლამ გაუგებრობა გამოიწვია ბისნესის წარმომადგენლენში. მათი ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყნის ყოფილ პრემირს ასეთ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა და მიმდინარე ამბებს განიხილავდა. „სავაჭრო ცენტრების ასოციაციის” ხელმძღვანელი ლევან ყარალაშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთან მათ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების გარანტიები არ ჰქონდათ, თუმცა მას ესმოდა ბიზნესის.

„დღეს ქვეყანაში სამი კრიზისია – ეკონომიკური, პანდემიური და პოლიტიკური. სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა გავლენას ახდენს ბიზნესზე. გუშინ 10 ასოციაციის სახელით გავაკეთეთ განცხადება, მივმართეთ პრემიერს და დღეს პრემიერი აღარ არის. ძალიან რთულია, როდესაც გადაწყვეტილების მიმღების გარეშე რჩება გემი, რომელიც შტორმშია,  აქეთ-იქით ენარცხება და უცებ კაპიტნის გარეშე რჩება… გამაოგნებელი იყო ჩვენთვის ასეთი გადაწყვეტილება… თუნდაც ის პროგრამა, რასაც მეტ-ნაკლებად მიჰყვებოდა ხელისუფლება – ეს იყო ყოველკვირეული კომუნიკაცია და მდგომარეობის განხილვა – ეს ყველაფერი კვლავ რისკის ქვეშაა.

არ ვიცით ვის ველაპარაკოთ, იმიტომ რომ არ ვიცით ვინ არის საჭესთან, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები. პრემიერი ამავე დროს იყო საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც კვირაში 2-ჯერ იკრიბებოდა და ყველაფერი ეს დღეს ჰაერში რჩება. ახლა ეპიდემიოლოგების იმედზე უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ყარალაშვილმა „საქმის კურსში“. 

გიორგი გახარიას წასვლის გაოგნებულები არიან ექსპერტებიც. მათი თქმით, ახლა ყველა გადართულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და პრობლემების მოსაგვარებლად არავის სცალია. შესაბამისად, გიორგი გახარია წასვლა და ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება შეზღუდვების მოხსნას გაახანგრძლივებს, რითაც ბიზნესს დამატებითი წნეხი ელის. ყოფილ პრემიერს ბიზნესთან კონუმიკაცია ჰქონდა და ასე თუ ისე, მათ მოთხოვნებს ითვალისწინებდა კიდეც. 

„კავკასიის უნივესტიტეტის“ ეკონომიკური სკოლის დეკანის სოსო ბერიკაშვილის აზრით, ბიზნესისითვის რამდენიმე დღეც კი (სანამ ახალი მთავრობა დამტკიცდება) შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს. 

„ზოგადად, პრემიერის გადადგომა ართულებას ისედაც არსებულ კრიზისს, მაგრამ რეალურად უკვე წარდგენილი ახალი პრემიერი და მაგ კუთხით დიდად არაფერი შეიცვლება. ითქვა კიდეც, რომ იგივეს გააგრძელებენ, ამიტომ მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ სიტუაციის ცუდისკენ ან კარგისკენ შეცვლას ველოდები. თან, ცუდისკენ შეცვლის შესაძლებლობა არც არსებობს, რადგან ყველაფერი ისედაც რთულადაა. 

რამდენიმე დღე, რა თქმა უნდა, შეიძლება აღმოჩნდეს პრობლემური. კი, არსებობს პრემიერის მოვალეობის შემსურულებელი, მაგრამ ის  ხომ დროებითია და არ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი. 

გიორგი გახარიას მოღვაწეობა დადებითად არასოდეს შემიფასებია. ყველაზე ლოგიკური იქნება, რომ დამდგარი შედეგებით შევაფასოთ. იმ პირობებშიც კი, როდესაც შეზღუდვები იყო საკმოზე მეტად მკაცრი გვქონდა, ძალიან მაღალი სიკვდილიანობა თუ ინფიცირების მაჩვენებელი და პლუს ამას უდიდესი ეკონომიკური ვარდნა მივიღეთ. კარგი არაფერი მომხდარა და შესაბამისად, დადებითად ვერ შევაფასებს მის მოღვაწეობას“, – აღნიშნა ბერიკაშვილმა „რეზონანსთან“.
rezonansi

კომენტარები ფეისბუქიდან