უმუშევრობა ელვისებური ტემპით გაიზარდა, დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა ვერ მოხერხდება

კორონავირუსის პანდემიამ და ეპიდემიის შესაჩერებლად შემოღებულმა რეგუცლაციებმა, ქვეყანაში უმუშევრობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. საქართველოს ახლა უამრავი უმუშევარი ადამიანი ჰყავს, რასაც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც ამტკიცებს. ქვეყანაში ამ მხრივ სახარბიელო ვითარება კორონავირუსის გავრცელებამდეც არ ყოფილა, თუმცა ახლანდელი სურათი ბევრად მძიმეა სანახავია.

გასული წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 53 000-ით გაიზარდა. ჯამურად, საქართველოში უმუშევართა რაოდენობამ 2020 წლის მეოთხე კვარტალში შრომისუნარიანი მოსახლეობის 20.4%, ანუ 308 000 ადამიანი შეადგინა. წლიურ ჭრილში უმუშევართა რაოდენობა 3.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში უმუშევრობის რეკორდული ზრდა იყო.

“საქსტატის” მიხედვით, შარშან შემცირდა როგორც მთლიანად დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე მთლიანად ქვეყნის სამუშაო ძალის მოცულობამაც იკლო. კერძოდ, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 1.278 მლნ ადამიანი ითვლებოდა დასაქმებულად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში კი მათი რაოდენობა 1.199 მილიონამდე ჩამოვიდა. 

შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობამ გასულ წელს 79 ათასი ადამიანით იკლო. ამ 79 ათასიდან 26 ათასი სამუშაო ძალას გამოეთიშა, 53 ათასმა კი, უმუშევართა რიგებში გადაინაცვლა. 

განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა დაქირავებით დასაქმებულების მიმართულებით. 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 879 ათასი ადამიანი ითვლებოდა დაქირავებით დასაქმებულად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში კი, ხელფასის მქონე მოსახლეობის რაოდენობა ამაზე 74.6 ათასით ნაკლები იყო და 805 ათასს შეადგენდა. 

თვითდასაქმებულთა კუთხით კი, საქსტატი დასაქმებულთა მხოლოდ 5000-იან კლებაზე წერს, თუმცა ამ სფეროში ფაქტობრივი დასაქმების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიება სტატისტიკის სამსახურისთვის, როგორც წესი, უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს, ვიდრე ოფიციალურად დასაქმებულთა რაოდენობის მოძიება.

მძიმედ აფასებენ სტატისტიკურ მონაცემებს სპეციალისტები და აცხადებენ, რომ 2020 წელი საქართველოსთვი ძალიან რთული გამოდგა. რასაკვირველია დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა ბოლომდე ვერ მოხდება, რადგან მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ბიზნესის ნაწილმა ვერ გაუძლო და საბოლოოდ დაიხურა. 

დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენას ახლა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების უშლის ხელს. როგორც კი, შეზღუდვებს შემსუბუქება მოხდება, უმუშევრობის შემცირება ნელ-ნელა დაიწყება. 

როგორც სტატისტიკოსი გივი მომცელიძე აცხადებს, საქართველო შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ქვეყნად ჩაითვალოს. 

„პანდემიის გამო, გასული წელი, რა თქმა უნდა, მძიმე აღმოჩნდა. რასაკვირველია, ასეთ ვითარებაში მხოლოდ ჩვენ არ ვართ, თუმცა ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულად მაინც შეიძლება საქართველო ჩაითვალოს, რადგან ეკონომიკაში ტურიზმის წილი, ძალიან ცოტა ქვეყანას თუ აქვს. რასაკვირველია, ქვეყანაში, როდესაც მილიონობით ადამიანი აღარ ჩამოვიდა, ადგილობრივი მოსახლეობა უმუშევარი დარჩა, თუმცა ვინც სამუშაო ადგილის შენარჩუნება შეძლო, შემოსავალი შეუმცირდა. 

ასეთი დიდ ჩავარდნას შემდეგ მოჰყვება ეკონომიკური აღმავლობა, ოღონდ რასაკვირველია მაშინ, თუ ქვეყანა სწრაფად გამოვა ეკონომიკური კრიზისიდან. ჩვენ, სამუშაო ადგლების სწრაფი ტემპით აღდგენა გაგვიჭირდება. ეს მოხდება იმ ქვეყნებთან შედარებით, რომელთაც ეკონომიკაში ტურიზმი დიდი წილი არ აქვს, რადგან ტურიზმის შეიძლება, რამდენიმე წელი არ დაუბრუნდეს ადრინდელ მაჩვენებელს. 

სამუშაო ადგილების სწრაფ აღდგენაც მაინც პესიმისტურად ვუყურებ, თუმცა ჩვენ რაღაც პლუსები გვაქვს და შეგვიძლია სწაფად გამოვიყენოთ, მაგრამ აქ ხელისუფლების მიდგომებიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა „რეზონანსთან“ გივი მომცელიძემ და დასძინა, რომ პოლიტიკურმა პროცესმა ქვეყანაში არასტაბილური გარემო შექმნა, რაც ყოველ მხრივ ხელის შემშლელი ფაქტორია. 

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა ინვესტორებისთვის ისევ მიმზიდველი გახდეს. ეს როგორ მოხდება არ ვიცი, ხელისუფლება რას იზამს, ამ მიმართულებითაც პესიმისტური დამოკიდებულება მაქვს. თანაც, ქვეყნის პირველი პირის, მოულოდნელი და დაუგეგმავი წასვლა ხელს უშლის ყველაფერს, რაც ქვეყნის არასტაბილურობაზე მეტყველებს. 

უცხოელებს, რომლებსაც საქართველოში ბიზნესი აქვთ ან მომავალში ინვესტიციის ჩადება უნდათ, რასაკვირველია კითხვები გაუჩნდებათ და უფრო მეტად დაფიქრდებიან, გააფართოვონ საქმიანობა ან ჩადონ თუ არა საქართველოში კაპიტალი. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ უცხოური ინვესტიციების მხრივ შევძლებთ ვითარების დადებითისკენ შეცვლას“, – აღნიშნა მომცელიძემ „რეზონანსთან“.
rezonansi.

კომენტარები ფეისბუქიდან