რას მოგვიტანს ეკონომიკურად მძიმე გაზაფხული

“მთავრობის სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებები საკმარისი არ არის და ისევ ხანძრის ჩაქრობის ეფექტი ექნება”

“როგორმე ზამთარს თუ გადავურჩით…” ზამთარს ავად თუ კარგად, მგონი, მართლაც გადავურჩით, თუმცა ყველა პროგნოზით მძიმე გაზაფხული გველოდება, სანამ ეკონომიკა კრიზისის შემდეგ აღდგენას დაიწყებს და შეძლებს დაუბრუნდეს ზრდის პლუსიან ნიშნულს. მთავრობა სოციალური დახმარების ახალ პაკეტს იწყებს – პანდემიის დროს სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები და სოციალურად დაუცველი ოჯახები სახელმწიფოსგან ექვსი თვის განმავლობაში ფულად დახმარებას მიიღებენ. ნათქვამია, თუ მშვიდობა გინდა,

ომისთვის ემზადეო, ჩვენც შევეცადეთ, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისგან, პროფესორ რამაზ ოთინაშვილისგან გაგვერკვია, რას მოგვიტანს ეკონომიკურად მძიმე გაზაფხული.

– ყველა პროგნოზით, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების, მსოფლიო და მათ შორის საქართველოს ეკონომიკა გამოცოცხლებას და ზრდას დაიწყებს, თუმცა მანამდე რთული გაზაფხული გველის. როგორი იქნება წლევანდელი გაზაფხული ერთი საშუალოსტატისტიკური

ოჯახისთვის? თუნდაც მისი წევრები დასაქმებული იყვნენ, რა სირთულეებთან მოუწევთ გამკლავება?

– როცა სახელმწიფო ეკონომიკურად ძლიერია, მისი მოსახლეობა მდიდარი და თავისუფალია, სუსტი ეკონომიკის შემთხვევაში – ღარიბი და სხვაზე დამოკიდებული. სწორედ ეკონომიკა განსაზღვრავს როგორც თითოეული ოჯახის, ისე საზოგადოებრივი საქმიანობის ნებისმიერი სფეროს ნორმალურ ფუნქციონირებას. თუ ეკონომიკის ამოქოქვას დრო დასჭირდა, ოჯახების კეთილდღეობაც დაიგვიანებს.

ეკონომიკური აქტიურობის მხრივ, ტრადიციულად, ყოველი წლის დასაწყისი რთულია, მაგრამ განსაკუთრებით რთული იქნება წლევანდელი გაზაფხული. ექსპერტთა შეფასებით, 2020 წელს მშპ-ის ვარდნამ 6-7% შეადგინა.

კორონაკრიზისის გამო ბევრი სამუშაო ადგილი დროებით კი არ დაპაუზდა, არამედ კრიზისმა შთანთქა. მაგალითად, ტურისტულ, სასტუმრო და სარესტორნო მომსახურების სფეროში დასაქმების ადგილები გაქრა. ისინი მხოლოდ ეკონომიკური აღმავლობის დროს აღდგება, მაშინ, როცა ჩვენი ბიზნესაქტივობა 2019 წლის დონეს მიუახლოვდება. ამას კი, სულ ცოტა, ორი წელიწადი მაინც დასჭირდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე იძულებით დასაქმებული იყო საზღვარგარეთ. ყოველთვიურად მათ ოჯახებში გადმორიცხული ათობით მილიონი დოლარი ეხმარებოდა როგორც ოჯახების, ისე ჩვენი ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებას. ეს გზავნილები მკვეთრად შემცირებულია და სწრაფად ვერ აღდგება.

ბევრი ემიგრანტი საქართველოში დაბრუნდა. მოვლენების უკეთესი სცენარით განვითარების შემთხვევაშიც კი მათ უკან გამგზავრებას, ახალი სამსახურის მოძიებასა და იმ შემოსავლებზე გასვლას, რომ ოჯახებში იმავე ოდენობის თანხა გამოგზავნონ, ასევე ორი წელიწადი მაინც დასჭირდება.

ამიტომ ნამდვილად რთული გაზაფხული გველის. კარგი იქნება, თუ ბევრი ჩვენი თანამემამულე სოფელს დაუბრუნდება. ამ დროს მთავრობამ საჭირო ყურადღება უნდა გამოიჩინოს. ჩვენთან არსებობს ბევრი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანის ტრადიციები. საჭიროა დამუშავდეს და დაინერგოს სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია, რომლის ძირითადი მიმართულებები ასე უნდა განისაზღვროს: მკაცრად დადგინდეს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტანილი იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელსაც ადგილობრივი ბაზარი ვერ აწარმოებს, და პირიქით, განისაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომელსაც ადგილობრივი ბაზარი აწარმოებს. ეს ხელს შეუწყობს ეროვნული ბაზრის დაცვის მექანიზმის სრულყოფას და ზომიერი პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას.

უნდა დაიხვეწოს და გაიზარდოს აგრარულ ბიზნესში კომერციული რისკების დაზღვევის სისტემა. ყველა ფერმერს უნდა შეეძლოს დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხის აღება; შეიქმნას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საინჟინრო და აგროსერვისული მომსახურება; განვითარდეს საკონტრაქტო ურთიერთობების სისტემა, სადაც განსაკუთრებული როლი დაეთმობა სასურსათო პროდუქტებზე სახელმწიფო შეკვეთებს და მოხდება ფერმერთა პროდუქციის გარანტირებული შესყიდვა; დაიხვეწოს საბითუმო ვაჭრობის საშუამავლო სისტემა, რომელიც გააღრმავებს კავშირებს სოფლის საქონელმწარმოებლებსა და რეალიზატორებს შორის; საჭიროა ანტიდემპინგური კანონის რეალური ამოქმედება, რომელიც იმპორტიორებს აუკრძალავს შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით დაბალი ფასების დაწესებას, რადგანაც ასეთი ქმედების მიზანი ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი ბიზნესების ჩაძირვაა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მრავალი ქართული კომპანიისა და ნაწარმის კრიზისი დემპინგის გამო, თუნდაც ჩაის ინდუსტრია. 

– ფიქრობთ, რომ ლარი და მისი კურსი დოლარის მიმართ 2021 წელსაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება? რა იქონიებს გავლენას ლარის მერყეობაზე და რა უნდა დაუპირისპიროს ეროვნულმა ბანკმა, რათა დევალვაციამ მძიმე შედეგები არ მოუტანოს როგორც ბიზნესს, ისე მოსახლეობას?

– ეროვნული ბანკის პრეროგატივაა ლარის კურსის მართვა, მაგრამ თუ პრობლემას მასშტაბურად, მაკროეკონომიკურ ჭრილში განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ღონისძიებები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ატარებს, მოკლევადიანია. დრომ და პრაქტიკამაც აჩვენა, რომ მსგავსი სპეკულაციური ოპერაციები არა მარტო ვერ უწყობს ხელს ლარის კურსის გამყარებას, არამედ მის შენარჩუნებასაც ვერ ახერხებს. ამას მხოლოდ ხანძრის ჩაქრობის ეფექტის როლის შესრულება შეუძლია და ასრულებს კიდევაც. მაგრამ როდემდე? ქვეყნის საგარეო ვალი კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ იმპორტი ორჯერ და მეტად აღემატება ექსპორტს. ქვეყნიდან გაედინება ბევრად მეტი (ვიდრე შემოედინება) კონვერტირებადი უცხოური ვალუტა. ამ დროს ლარის კურსის გამყარებასა და თუნდაც სტაბილურობაზე საუბარი გულუბრყვილობაა.

იმპორტზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხი მთავარი გამოწვევაა, რომელიც ემუქრება ქვეყნის ეკონომიკასა და თითოეულ ოჯახს, ვინაიდან სწორედ მაღალი იმპორტი განაპირობებს ადგილობრივი ბიზნესის დათრგუნვას, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, მცირე მშპ-სა და ბიუჯეტს, საბოლოოდ კი მოსახლეობის დაუსაქმებლობასა და მწირ შემოსავლებს.

ასეთ გამოწვევას მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გაუმკლავდება, საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს იზრდება ჩრდილოვანი ეკონომიკა, ვინაიდან ჩრდილოვანი ურთიერთობების მაღალი მასშტაბი არის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის იძულებითი რეაქცია მთავრობის უმოქმედობაზე ან არაადეკვატურ პოლიტიკაზე.

– ახალ წელს ახალი გაზრდილი კომუნალური ტარიფებით შევხვდით. მოსახლეობა ტარიფების ზრდას ერთი წლის განმავლობაში პირდაპირ ვერ იგრძნობს, რადგან მთავრობა აბონენტების უმეტესობას ნაზარდ ტარიფს ერთი წლის განმავლობაში დაუფინანსებს. მიუხედავად ამისა, ტარიფების ზრდა, ალბათ, წაახალისებს ფასების ზრდას ბიზნესის წარმოებულ პროდუქციაზე თუ გაწეულ მომსახურებაზე, რაც ირიბად მოსახლეობისთვის ფასების ზრდის ახალ ტალღას ნიშნავს. უნდა ველოდოთ, რომ ფასების ზრდა 2021 წელსაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება?

– ფასების ზრდას ლარის კურსის დაცემა აძლევს სტიმულს. მისი მდგრადობის შენარჩუნება კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაღალი იმპორტის გამო ძალზე რთულია. შეიძლება ითქვას, ქვეყანას ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისი პროტექციონისტული პოლიტიკა თითქმის არ გააჩნია. მნიშვნელოვანია საბაჟო-სატარიფო განაკვეთების ისე დაბალანსება, რაც ადგილობრივ ბიზნესს უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უნდა გამოიყოს საქონელთა ჯგუფი, რომლის შემოტანა (იმპორტი) საქართველოს არ ესაჭიროება. თუნდაც სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი პროდუქცია და ამ ჯგუფის მიმართ განისაზღვროს მაღალი სატარიფო განაკვეთები. მეორე ჯგუფში უნდა გაერთიანდეს საქონელი, რომელიც არ იწარმოება საქართველოში. მაგალითად, ავტომობილები, კომპიუტერული და ვიდეო-აუდიოტექნიკა, და ა.შ. ამ ჯგუფის საქონელზე უნდა დაწესდეს შედარებით დაბალი ან ნულოვანი ტარიფი. მესამე ჯგუფში – საქონელი, რომელიც საქართველოში იწარმოება, მაგრამ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით საჭიროა მისი იმპორტი. მაგალითად, ენერგომატარებლები, სამკურნალო საშუალებები და ა.შ. 

– ცნობილია, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებულია დახმარება მოსახლეობისთვის და შეღავათები ბიზნესისთვის, თუმცა ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არ არის საკმარისი და მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ეკონომიკის აღდგენის გრძელვადიანი გეგმა. თუ არსებობს რამე ეფექტური ფორმულა, რითაც შეიძლება ამ მძიმე პანდემიური და ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის სწრაფად გამოყვანა?

– მთავრობის სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებები საკმარისი არ არის და ისევ ხანძრის ჩაქრობის ეფექტი ექნება. ქვეყნის კრიზისიდან სწრაფი გამოყვანა შეუძლებელია. შეიძლება ითქვას, საქართველოს განვითარების ისტორიის ყველაზე რთულ და გადამწყვეტ პერიოდებშიც კი ჯერ ისე აქტუალური არ ყოფილა უსაფრთხოების პრობლემა, როგორც დღეს. უნდა დამუშავდეს ეკონომიკური უსაფრთხოების სახელმწიფო სტრატეგია, სადაც განისაზღვრება უსაფრთხოების არსებითი მახასიათებლების (ინდიკატორების) ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების სისტემა, რაც წინასწარ მიგვანიშნებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. 

აღნიშნული სტრატეგია ორიენტირების განსაზღვრით უნდა გახდეს სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველი, ხოლო ეს უკანასკნელი დასახული მიზნების მიღწევისა და რეალიზაციის საშუალება. საერთო ჯამში ეკონომიკური უსაფრთხოების სახელმწიფო სტრატეგია და სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა ურთიერთკავშირში უნდა იყოს.

ბიზნესის უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკაში აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი კონკურენტული უპირატესობები – გეოპოლიტიკური მდებარეობა, ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი, განსაკუთრებით კი ინტელექტუალური რესურსი. ჩვენი შეფასებით, ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8-10% შეადგინოს, საუკეთესო შედეგი იქნება 12-14%, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის 5-6 წელიწადში გაორმაგებას.

ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და რეალურად შეუწყოს ხელი ეროვნული ბიზნესის აღორძინებას, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების საფუძველი იქნება. ამასთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მოსაზრებები და რეკომენდაციები.

ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანას ჰყავდეს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც აღჭურვილი იქნება მტკიცე პოლიტიკური ნებით და ექნება ჩამოყალიბებული ბიზნესის უსაფრთხოდ განვითარების გონივრული სტრატეგია. აუცილებლად უნდა გვქონდეს რეფორმების გატარების მკაცრი ალგორითმი, რაც გულისხმობს მკაფიოდ დასახულ მიზანს, ეტაპების განსაზღვრას, კავშირს, მათ შორის პასუხისმგებლობას შესრულებაზე და ა.შ. უნდა განმტკიცდეს მართლწესრიგი. მოხდეს ჩრდილოვანი ეკონომიკის დეკრიმინალიზაცია. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბიზნესისა და კერძო საკუთრების უსაფრთხოება, ჯანსაღი კონკურენციისა და საბაზრო ეკონომიკის სხვა ფუძემდებლური პრინციპების დაცვა. აუცილებელია მოსახლეობის ადამიანისეული კაპიტალის პოზიტიური რეალიზაცია.

არ ვეთანხმებით აზრს, რომ საქართველოს მოსახლეობა ზარმაცია. თუ გავაანალიზებთ ჩვენი ერის კულტურულ მემკვიდრეობას, ვაზისა და ხორბლის მრავალრიცხოვანი კულტურების მოშენებას, ხუროთმოძღვრების ძეგლებსა და ხელოვნების სხვა ნიმუშებს, ისინი ვერ შეიქმნებოდა შრომის მაღალი კულტურის გარეშე. 
kvirispalitra.