ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, ჩვენ რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ და ვანიავებთ ჩვენს მიწებს და პასუხს არ ვთხოვთ დამნაშავეებს?

პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი ბატონი ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ალბათ აზერბაიჯანში შედგება, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა. მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმე უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მიერ ღალატის მაგალითია.

“ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან, ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან. მე მჯერა, რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებებს, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებასა და საერთო ენის გამონახვას. ჩვენ ეს არ გაგვიჭირდება. ის სიცრუის პროპაგანდა, რომელიც ამ საქმესთან მიმართებაში აწარმოეს, რა თქმა უნდა, არის თვალსაჩინო, კლასიკური მაგალითი. რომ თურმე დავით გარეჯის საქმე არის მოგონილი საქმე. ამ დროს თავად შემსრულებლებმა აღიარეს, რომ თურმე ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც არის პირდაპირი ღალატი, აბა რა არის? 

რომელი სახელმწიფო, რომელი თავმოყვარე ერი შეიწყნარებს ასეთ დამოკიდებულებას? ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ, თითო სანტიმეტრ მიწას. ჩვენ რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ და ვანიავებთ ჩვენს მიწებს და პასუხს არ ვთხოვთ დამნაშავეებს? ასე არ შეიძლება გაგრძელდება, მეგობრებო. ეს უნდა დასრულდეს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას”, – განაცხდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

კომენტარები ფეისბუქიდან