ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანია, შპს სერპანტინი, წლებია აქტიურად იგებს ტენდერებს. 

ფლანგვის დეტექტორი, მორიგ ფოტოს ავრცელებს სოციალურ ქსელში და წერს:

ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანია, შპს სერპანტინი, წლებია აქტიურად იგებს ტენდერებს. კომპანიას 2011 წლიდან მოგებული აქვს 158 ტენდერი, რის შედეგადაც ბიუჯეტიდან ჯამში 112,144,059 ლარი მიიღო, ხოლო გამარტივებული შესყიდვების შედეგად კომპანიას 2012 წლიდან დღემდე 6,327,216 ლარი აქვს მიღებული.

კომპანია ჯერ კიდევ 2000 წელს დაარსდა, თუმცა ტენდერებში მონაწილეობას 2011 წლიდან იწყებს. შპს სერპანტინს თავდაპირველად შემდეგი სამი მესაკუთრე ჰყავდა: ვახტანგ ჩიკვაიძე, ნიკოლოზ კობეშავიძე და ვლადიმერ ჩიკვაიძე. წლების განმავლობაში კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად იცვლებოდნენ მესაკუთრეებიც. საჯარო რეესტრის 2010 წლის ჩანაწერებში კომპანიის მესაკუთრეებს შორის ჩნდება თამარ ჯანყარაშვილი, რომელიც დღემდე რჩება მესაკუთრეთა შორის. მიმდინარე მონაცემებით, შპს სერპანტინის წილები ორ მესაკუთრეს შორის არის გადანაწილებული. კომპანიის 69%-იანი წილის მესაკუთრე თამარ ჯანყარაშვილია, ხოლო 31%-ის მესაკუთრე ნუგზარ ხუცაიძე. კომპანიის დირექტორის პოზიციას ზურაბ ფეიქრიშვილი იკავებს.

შპს სერპანტინის 69% წილის მფლობელი თამარ ჯანყარაშვილი ქართულ ოცნებასთან და ირაკლი ღარიბაშილთან დაკავშირებული პირია. ერთის მხრივ თამარ ჯანყარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედაა, ხოლო მეორეს მხრივ ის ამავდროულად ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის მამიდაა.

ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა ირაკლი ღარიბაშვილის ნათესაური კლანი და ნათესავების საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევები. აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ კითხვების დასმის დროს ღარიბაშვილმა განაცხადა რომ “მეუღლის ნათესავი ნათესავი არ არის”.

კომპანია სერპანტინის ირგვლივ რამდენიმე კორუფციული რისკი არსებობს. პირველ რიგში კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრის, თამარ ჯანყარაშვილის კავშირი ირაკლი ღარიბაშვილთან, რაც გამოიკვეთება თამარ ჯანყარაშვილის კავშირში ღარიბაშვილი ყოფილ მოადგილე დავით ზედელაშვილთან და სიმამრ თამაზ თამაზაშვილის ოჯახთან.

ასევე აღსანიშნავია კომპანიის მიერ ტენდერებში აქტიურად მონაწილეობის დაწყების თარიღი, ისევე როგორც ტენდერების შესწავლისას გამოკვეთილი ტენდენციები. მიუხედავად იმისა რომ კომპანია 2000 წელს დაფუძნდა, ტენდერში მონაწილეობას 2011 წლიდან იღებს, ამავე წელს ტენდერებიდან 3,696,374 ლარი მიიღო, ხოლო ქართული ონების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2012 წელსვე თანხები 6,520,426 ლარამდე გაიზარდა და 2012 წლიდან დღემდე მხოლოდ ტენდერების შედეგად მიღებული აქვს 108,447,685 ლარი. გამარტივებული წესით კი სახელმწიფოს ორგანოებმა შპს სერპანტინთან ხელშეკრულებების გაფორმება 2012 წლიდან დაიწყეს და დღემდე შპს სერპანტინს ამ გზით 6,327,216 ლარი აქვს მიღებული.

მოგებული 157 ტენდერიდან 70 შემთხვევაში კომპანია უკონკურენტოდ მონაწილეობდა, ხოლო 14 შემთხვევაში ტენდერიდან ყველა იმ კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა, რომლებმაც უფრო დაბალი შეთავაზება განახორციელეს. შესაბამისად 14 შემთხვევაში კომპანიამ კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა. მხოლოდ 74 შემთხვევა ფიქსირდება როდესაც კომპანიამ დაბალი შეთავაზების გამო გაიმარჯვა ტენდერში, თუმცა აქაც რამდენიმე ისეთი შემთხვევაა, როდესაც კონკურენტთან შედარებით შპს სერპანტინმა 1 ლარით დაბალი შეთავაზება განახორციელა და შედეგად ლარის სხვაობით მოიგო. აღსანიშნავია ტენდერების ტერიტორიული გადანაწილება, უმრავლეს შემთხვევაში კომპანია კახეთის მასშტაბით იგებს ტენდერებს, ჯამში კახეთში მოგებული აქვს 90 ტენდერი.
alia.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან