მისი პატიმრობა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა

ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო, რითაც ერთი მხრივ, შიდა კონკურენტი მოიშორა და მეორე მხრივ, მისგან ისეთი პერსონის შექმნა სცადეს, რომლის ირგვლივაც საზოგადოება გაერთიანდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩემი შეფასებით, მხოლოდ მელიას არ მიუღია ეს გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მასთან ერთად მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა მისი პატიმრობა, რითაც ორი კურდღელი დაიჭირა – ერთი ის, რომ შიდა კონკურენტი მოიშორა და მეორე ის, რომ მელიასგან უნდათ ისეთი პერსონის გამოყვანა, რომლის ირგვლივაც საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება, რაც ასე არ მოხდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

23 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.
info9.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან