მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდება?

გერმანიაში დასაქმების მსურველთა რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა. ანუ, სოფლის მეურნეობის სექტორში სამუშაოდ საქართველოდან წასვლა 60 ათასზე მეტ ადამიანს სურს… მიწის თემაზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებთ,რომ უდიდესი ალბათობით, გაზაფხულიდან მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდება.

სამწუხაროა, მაგრამ ქართული მიწისადმი ინტერესს ძირითადად სწორედ უცხოელები იჩენენ, აქ მოყვანილი მოსავალი თითქმის ასი პროცენტით გადის აზიის ქვეყნებში, სანაცვლოდ კი იქ მოყვანილი ბოსტნეული თუ ბაღჩეული შემოდის და აქ იყიდება. მორატორიუმის გაუქმების თაობაზე შიდა კონსულტაციები მმართველ გუნდში დიდი ხანია დაწყებულია და ეს ყველაფერი პანდემიის გამო დაპაუზებულ ეკონომიკას უკავშირდება. წესით, უცხოელებმა არამარტო მიწები უნდა იყიდონ, არამედ ინვესტიციებიც ჩადონ, რითაც ხელისუფლება, საერთო ჯამში, 200 მილიონ დოლარზე მეტის მოზიდვას აპირებს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ქვეყნისთვის კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივამდე მისვლაა საჭირო, დღეს არსებული ეკონომიკური მაჩვენებლით კი ეს წარმოუდგენელია. აკი თქვა კიდეც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, მთავარი საზრუნავი უახლოეს 3-4 წელიწადში საგარეო ვალის შემცირებააო. ეს იმას ნიშნავს, რომ მაჭავარიანმა არაპირდაპირ მიანიშნა, თუ საგარეო ვალს რამეს არ მოვუხერხებთ, ქვეყანა შესაძლოა დეფოლტისკენ წავიდეს.

საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე 3.8%-ით გაიზარდა და 20.4% შეადგინა. ეს დაახლოებით 308 ათასი შრომისუნარიანი ადამიანია. ხელისუფლება კი გვეუბნება, ეს ციფრები საგანგაშო არ არისო, მაგრამ თითოეული ადამიანის უკან ოჯახი რომ დგას, კარგად მოგეხსენებათ და 308 თუ არა, 250 ათასი ოჯახი მარჩენალის და შემოსავლის გარეშე რომ არის დარჩენილი, საგანგაშო კი არა, კატასტროფაა. უხეში დაანგარიშებით, მილიონამდე ადამიანი გამოდის და რაც მთავარია, უმუშევრობის ინდექსში არ შედიან პენსიონერები. თუ ვინმეს პენსია საკმარისი ჰგონია საარსებოდ, შეეცადოს და იარსებოს. მართლა სასწაულია ის, როგორ ახერხებენ პენსიონერები თვიდან თვემდე თავის გატანას და რეალურად, ეს ყველაფერი ხელისუფლებამაც იცის, ამიტომაა, ყოველ წელს ზამთარში, კომუნალურ გადასახადებს რომ ასუბსიდირებს, სხვაგვარად პენსიონერები არსებობას უბრალოდ ვერ შეძლებდნენ.

ის, რომ ეკონომიკური მიმართულებით სრული კრახი გვაქვს, კულუარულად არც ნათია თურნავა მალავს. მინისტრი კატეგორიულად ითხოვს, რომ ხელისუფლებამ როგორმე მოახერხოს და ჰესების მშენებლობის საქმე კვლავ წინა პლანზე წამოსწიოს, რადგან ინვესტიციების გარდა, სამუშაო ადგილებიც გაჩნდეს.

„ჩათვალე, რომ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები ტყუილად დგას. მოსახლეობამ ამოწურა ყველა დანაზოგი, გამოიტანა ყველაფერი რაც ჰქონდა. მათ უბრალოდ აღარ აქვთ ფული რომ გადაცვალონ. იყო დრო, როცა დღეში 10-დან 12 ათას დოლარამდე ვახურდავებდი, ახლა კი დღეში 200-300 დოლარი თუ მოაქვთ და ისიც 10 და 20 დოლარიანები, შენახული, ალბათ ბავშვის ყულაბაში ჩაგდებული“, – გვითხრა სავალუტო ჯიხურის ერთ-ერთმა მფლობელმა.

ანი დვალიშვილი, ალია

კომენტარები ფეისბუქიდან