ჩვენ სასწაული მოვახდინეთ! ჩინეთში სიღარიბე აღარ არის” – რას წერს “ჩინურ ოცნებაზე” უცხოური მედია და რას გულისხმობს ის

“ჩვენ სასწაული მოვახდინეთ! ჩინეთში სიღარიბე აღარ არის – ეს ფაქტი კაცობრიობის ისტორიას დარჩება. უმნიშვნელოვანესი ამოცანა განვახორციელეთ”, – ეს სიტყვები სიამაყით წარმოთქვა სი ძინპინმა – ჩინელი კომუნისტების ხელმძღვანელმა 25 თებერვალს პეკინში გამართულ საზეიმო შეკრებაზე, რომელიც ქვეყანაში სიღარიბის აღმოსაფხვრისთვის მიმართული ბრძოლის შედეგებს მიეძღვნა. იმავე ღონისძიებაზე ამ საქმეში წარმატებული ადამიანებიც დააჯილდოვეს.
“ჩინეთმა სიღარიბის აღმოფხვრის “ჩინური მოდელი” შექმნა და ამით მთელ მსოფლიოში სიღარიბესთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ჩვენ ბოლო მოვუღეთ ამ სოციალურ უბედურებას”, –

-0:09

აღნიშნა სი ძინპინმა გამოსვლისას.

ჩინურმა მასმედიამ სოფელში სიღარიბეზე გამარჯვებას კომპარტიისგან “ხალხისადმი მიძღვნილი საჩუქარი” უწოდა. გაზეთმა “ჟენმინ ჟიბაომ” ეს მოვლენა ქვეყნის “ისტორიულ ნახტომად” შეაფასა, ჩინეთის ლიდერის – სი ძინპინის ხელმძღვანელობით.

“ჩინური ოცნების” თავისებურებები

ჩინელების შეძლებულ ადამიანებად გადაქცევა ჯერ კიდევ 1979 წელს დაისახა მიზნად “ჩინური რეფორმების არქიტექტორმა”

დენ სიაოპინმა. რა თქმა უნდა, ამ ამოცანის გადაწყვეტა ჩინეთის ხელმძღვანელობის ყურადღების ცენტრში მუდამ იყო, მაგრამ კომპარტია ფიქრობდა, რომ ჯერ მრეწველობა უნდა განვითარებულიყო, რომ ქალაქი სოფელს დახმარებოდა. სანამ სი ძინპინი ჩინეთის ლიდერი გახდებოდა, 2012 წლამდე, ვერ ვიტყვით, რომ სიღარიბის აღმოსაფხვრელად არაფერი კეთდებოდა. ცხადია, მთავრობა ცდილობდა, სოფლისთვისაც ეზრუნა, მაგრამ ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის მკვეთრი დისპროპორცია იყო შექმნილი.

2012 წლის ნოემბერში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარედ და კომპარტიის გენერალურ მდივნად ახლადარჩეულმა სი ძინპინმა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური კურსი გამოაცხადა “ჩინური ოცნების” სახელით, რომელიც გულისხმობდა “ჩინელი ერის დიდ აღორძინებას” (სხვათა შორის, 29 ნოემბერი ქვეყანაში “ჩინური ოცნების” დღედ აღინიშნება).

fb

2012 წლის დეკემბერში სი ძინპინი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჰებეის პროვინციას ეწვია და თაიხანის მთებში შეყუჟული ორი სოფელი მოინახულა. იგი გაოცდა ადგილობრივი მცხოვრებლების სიღატაკით და განაცხადა, რომ პარტია რამდენიმე წელიწადში სოფლად სიღარიბეს აღმოფხვრიდა. იმ დროისთვის ჩინეთში სიღარიბის მსოფლიო სტანდარტების ქვემოთ ჯერ კიდევ 99,98 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა. დაიწყო გეგმების შედგენა და მათი განხორციელება.

2017 წელს კომპარტიის მორიგ ყრილობაზე ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის ქვეყანაში სიღარიბე მოისპობოდა, ხოლო 2035 წლისთვის ჩინეთში უკვე “საშუალოდ შეძლებული” საზოგადოება ჩამოყალიბდებოდა. ამ ამოცანის ვადებში შესრულებას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა, თუმცა მუშაობა არ შეჩერებულა: 2020 წლის მარტში, ინფექციასთან გაგანია ბრძოლის პერიოდში, ჩინელმა ლიდერმა ბოლო წლებში უდიდესი თათბირი ჩაატარა სიღარიბესთან ბრძოლის მიმდინარეობაზე, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში.

ჩინეთის სახელმწიფოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები რეგულარულად იტყობინებოდნენ, რომ სი ძინპინი პირადად აკონტროლებდა სიღარიბესთან ბრძოლის პროცესს და თვალს ადევნებდა, რომ ყოველწლიურად სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესებულიყო, რომ ყველა ოჯახს ჰქონოდა სასმელი (არაყი “იანბო”) და საჭმელი (ღორის ხორცი, რომელიც ჩინეთში საყვარელ დელიკატესად მიიჩნევა).

ამ სტრიქონების ავტორი 2019 წლის ივნისში ჩინეთში იმყოფებოდა და პეკინში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდა. კონფერენციისგან თავისუფალ დროს მასპინძლებმა სტუმრებს ჩინეთის საწარმოები და სოფლის მეურნეობის რეგიონები დაგვათვალიერებინეს. ერთ-ერთ სოფელში მშენებლობა მიმდინარეობდა “ჩინური ოცნების” პლაკატის თანხლებით.

fb

ვინ არის “ღარიბ-ღატაკი ჩინელი”?

ჩინეთში სიღარიბის თავისებური სტანდარტები არსებობს: ღარიბად მიიჩნევა მოქალაქე, რომელსაც წლიური სუფთა ფულადი შემოსავალი 3400 იუანი აქვს (დაახლოებით, 1800 ლარი). ეს თანხა მკითხველს შეიძლება მცირედ ეჩვენოს, მაგრამ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ, ამავე დროს, “ღარიბი იგი სარგებლობს უფასო კვებით, უზრუნვეყოფილია უფასო ტანსაცმლით, უფასო სამედიცინო მომსახურებით და რაც ჩინეთში მნიშვნელოვანია, უფასო სასმელი წყლით. ანუ, საბოლოო ჯამში, ჩინელი ღარიბ-ღატაკი ადამიანი, კაცმა რომ თქვას, მშიერ-მწყურვალი ნამდვილად არ არის, უფრო – პირიქით.

გეგმის მიხედვით, 2021 წელს, 2010 წელთან შედარებით, სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონე ორჯერ და მეტად გაიზარდა, სხვადასხვა შეღავათების შენარჩუნებით. ბოლო 9 წლის განმავლობაში ზემოთ ხსენებული 99 მილიონი ადამიანი სიღარიბის ჩარჩოებიდან გამოვიდა, ღარიბთა სიიდან ამოიღეს 832 მაზრის 128 ათასი სოფელი.

2020 წლის ბოლოდან ჩინეთში გაიყვანეს ან რეკონსტრუქცია გაუკეთეს 1,1 მილიონი კილომეტრის სოფლის გზას (ასფალტირებული ან ბეტონირებული სახით), უზრუნველყოფილი იქნა ყველა სოფლის მომარაგება ელექტროენერგიით, მაქსიმალურად გაფართოვდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით სარგებლობა და უსადენო 4G-ის ქსელი, რომლის წყალობითაც ამ სიგნალით ყოფილი ღატაკი სოფლების 98% იქნა მოცული. იმავე პერიოდში შეაკეთეს სოციალურად მცირედუზრუნველყოფილი 25 მილიონი სოფლის მცხოვრების სახლები, სუბსიდირება გამოუყვეს 7,9 მილიონ ფერმას, ხოლო 9,6 მილიონი ადამიანს მიწები უფრო ნაყოფიერ რეგიონებში მისცეს.

დენ სიაპინის დანაბარებიდან 40 წლის შემდეგ, ჩინური კრიტერიუმებით, სიღარიბის დონიდან გავიდა 770 მილიონი ადამიანი, რაც მსოფლიოს ღარიბ-ღატაკი მოსახლეობის 70%-ის ტოლფასია (მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების თანახმად).

ჩინური სოფელი
როცა გვესმის სიტყვები  “ჩინური სოფელი”, თვალწინ წარმოგვიდგება პატარა, დაბალჭერიანი ერთსართულიანი ფანზები (ქოხები) და კილომეტრებზე გადაჭიმული ბრინჯის ნათესები. შესაძლოა, ჩვენი წარმოდგენებიდან სადღაც რაღაც კიდევაა შემორჩენილი, მაგრამ თანამედროვე ჩინურის სოფელი ის აღარაა, რაც 10 ან 15 წლის წინ იყო.

დღეს სოფლებში ორ და სამსართულიანი სახლები მომრავლდა, აგურისაგან და ბეტონისაგან აგებული. სოფელს აუცილებლად აქვს სპორტული მოედანი, საკალათბურთო და საფეხბურთო ატრიბუტებით, ტრენაჟერებით. თითქმის ყოველ სოფელში არის თანამედროვე მინიმარკეტები, სკოლები, უზრუნველყოფილია კომუნიკაციებით და სატრანსპორტო მომსახურებით.

fb

სოფლებში ძალიან ბევრია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ჩინეთის ქარხნები უამრავ მინიტექნიკას (ტრაქტორებს, სხვადასხვა მოწყობილობებს) ამზადებენ, რაც ხელს უწყობს მიწების დროულად დამუშავებას. მთავრობა ფერმერებს სუბსიდიებით უზრუნველყოფს.

პერსპექტივა

ჩინეთის წარმატებები სიღარიბესთან ბრძოლაში გაერომ მაღალ დონეზე შეაფასა: გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა ჩინეთის მთავრობის ძალისხმევას “ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი” უწოდა სიღარიბესთან გლობალურ ბრძოლაში.

“ჩინეთმა ათი წლით ადრე შეასრულა გაეროს გეგმა სიღარიბის შემცირების სფეროში, რომელიც 2030 წლისთვის უნდა რეალიზებულიყო”, – ამაყად განაცხადა სი ძინპინმა, – “სოციალიზმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ხალხმა ბედნიერად იცხოვროს და რომ ყოველ ეროვნულ უმცირესობას, ყოველ ოჯახს და ყოველ ადამიანს ჰქონდეს ამის შესაძლებლობა”.
ჩინეთის ხელისუფლება ყოველწლიურად სულ უფრო მეტად უზრუნველყოფს ფინანსურად სოფლის განვითარებას. ერთ-ერთი პროექტია “სოფლის ტურიზმი”, რომელიც ტურისტებისთვის სოფლების კეთილმოწყობას ითვალისწინებს, ახალმშენებლობებს, ტურისტული ობიექტების აგებას, კულტურული და ისტორიული ძეგლების რესტავრაციას. 
მე-14 ხუთწლიანი გეგმის მიხედვით, ჩინეთში ყოველწლიურად იქნება სტიმულირებული საყოველთაო კეთილდღეობის ინდექსი. სიღარიბის ლიკვიდაცია ფინალი კი არ არის, არამედ – ახალი სტარტია კიდევ უფრო ბედნიერი ცხოვრებისკენ”, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ
kvirispalitra.

კომენტარები ფეისბუქიდან