დილიდან საღამომდე აპიარებენ მელიას, თითქოს ამ ქვეყანაში მეტი პრობლემა არ არის; ვიღას ახსოვს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი

გიორგი გახარიას გადადგომამ საქართველოს პრემიერის პოსტიდან,  რაც, როგორც ჩანს, უმრავლესობის  რიგებში ბევრისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,  მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით ისედაც დაბნეულ და ხელჩაქნეულ საზოგადოებაში უამრავი შეკითხვა გააჩინა. ვერსია იმის თაობაზე, რა შეიძლება, ყოფილიყო მთავრობის მეთაურის წასვლის რეალური მიზეზი,  ბევრია: საუბრობენ, რომ გახარიამ მოსალოდნელი სისხლისღვრა აიცილა თავიდან, რომ მას მელიას საქმის  მიმართ გუნდისგან განსხვავებული  პოზიცია ჰქონდა; რომ, რაც ახლა ხდება,  ოპოზიციისთვის ხელისუფლების გადაბარების პროცესია და ა.შ.  ამ ყველაფრის ფონზე პოლიტიკურ  სპექტრში დაძაბულობა პიკს აღწევს. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები უკვე  დაუფარავად აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან“ძალადობის” შემთხვევაში, ფიზიკურ წინააღმდეგობასა და დაუმორჩილებლობას მიმართავენ;  მინიშნებები რევოლუციურ სცენარსა და ცვლილებების ძალისმიერი გზით განხორციელების შესაძლებლობაზეც კეთდება. რა იყო პრემიერის  გადადგომის მიზეზი რეალურად და არის თუ არა ეს გარკვეული გარე ძალების მხრიდან სათავეში “ნაციონალური მოძრაობის”  დაბრუნების მცდელობა? “საქართველო და მსოფლიოს”  ესაუბრება პარტია “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, გახარიას  მოულოდნელმა გადადგომამ საზოგადოებაში უამრავი შეკითხვა გააჩინა. ბევრი ვერსიაა მისი წასვლის მიზეზებზე; ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების გადაბარების პროცესია და გარკვეული დასავლური ძალები ცდილობენ, ქვეყნის სათავეში “ნაციონალური მოძრაობა” მოიყვანონ;  საუბარია რევოლუციურ სცენარზეც  და არა მხოლოდ…

_ გახარიამ მთელი ცხოვრება უნდა ინანოს ქართული მიწების, რიონის ხეობის დიდი ნაწილის თურქებისთვის 99-წლიანი იჯარით გადაცემის გამო. მას, სანამ ბარგს ჩაალაგებდა, თავისივე ხელით უნდა გაეუქმებინა განკარგულება #2405. ივანიშვილისა და ახლა უკვე გახარიას წასვლაც მოსალოდნელი პროცესების მიმართ თავის არიდებას ჰგავს. ნაკლებად მჯერა, რომ მათ ასპარეზი დაუთმეს კობახიძე–თალაკვაძის ახალგაზრდულ, ნორჩ სოროსელთა ფრთას. უფრო ვფიქრობ, რომ ეს “ნაცმოძრაობის” დაბრუნების პროცესში მონაწილეობისთვის თავის არიდებაა და, აგრეთვე, თავის არიდებაა იმ შედეგებზეც, რომლებსაც არასწორი საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მივიღებთ ამ ზაფხულიდან. ეს, ფაქტობრივად, გაქცევაა.

ე.წ. პროდასავლური ოპოზიციის პირდაპირი თუ ირიბი მუქარები რევოლუციის მოწყობაზე და ბოლოს გახარიას გადადგომა ცხადყოფს ერთადერთ რამეს: კოაბიტაცია,  ფაქტობრივად, გადამწყვეტ ფაზაშია და მიდის ხელისუფლებაში ნაცების დაბრუნების პროცესი. როგორც ჩანს,  შეთანხმება იყო, რომ ორი ვადის  გასვლისშემდეგ “ოცნება”  ხელისუფლების სათავეში ნაციონალებს დააბრუნებდა და ეს გეგმა ხორციელდება.

_ და, თქვენი აზრით, ხელისუფლებაში  მალე შეიძლება ვიხილოთ ბოკერია, უგულავა,  მერაბიშვილი და სხვები?

_ რა თქმა უნდა, ეს სავსებით რეალურია და ყველაფერი სწორედ აქეთ მიდის. სახელისუფლო არხებიც დილიდან საღამომდე აპიარებენ მელიას, თითქოს ამ ქვეყანაში მეტი პრობლემა არ არის; ვიღას ახსოვს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც, ფაქტობრივად, გაყიდულია და აზერბაიჯანელებს საავტომობილო მაგისტრალი გაჰყავთ ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტერთან, სადაც 6000 ბერი აწამა შაჰ–აბასმა! ვის ახსოვს რიონის ხეობის გასხვისება… არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობის ფონზე ტოტალური შიმშილია.  ხელისუფლებამ მოსახლეობა ჯერ ბანკებით დააკაბალა. ამას  მოაყოლეს პანდემიის მომიზეზებით ხალხის  სახლებში გამოკეტვა და, ვისაც მცირე  ბიზნესი _ სასტუმრო ან  საწარმო _ ჰქონდა კრედიტით გახსნილი, ისინიც გააკოტრეს.  ხალხი ისეთ უკიდურეს გაჭირვებაში ჩააგდეს, გერმანიაში კარტოფილის ამოსაღებად წასვლის მსურველთა უკვე 50 000 განაცხადია შესული. იმის მაგივრად, რომ ჩვენს სოფლის მეურნეობასა და ქართულ წარმოებას მივხედოთ, ქვეყნის შრომისუნარიან რესურსს უცხოეთში მივერეკებით, რომ სხვისი ეკონომიკის გაძლიერებაზე იმუშაონ. სამწუხაროდ, ეს სწორედ ის ხალხია, ნაცების დაბრუნების შიშით “ოცნებას” რომ აძლევდა ხმას _ არადა, სწორედ მათი რჩეულები ემუდარებიან ნაცებს პარლამენტში შესვლას…

_ დავუბრუნდეთ მიმდინარე  მოვლენებს. ვთქვათ, ნელ–ნელა,  ნაბიჯ–ნაბიჯ შეძლეს დაინტერესებულმა ძალებმა ხელისუფლებაში ოპოზიციის _ “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი პოლიტიკური განაყოფების წარმომადგენლების რაოდენობის გაზრდა, როგორ ფიქრობთ, საზოგადოებაში რა რეაქცია მოჰყვება ამას? როგორ შეფუთავენ ამ ყველაფერს დემოკრატიად, როცა მოსახლეობის უმრავლესობისთვის სრულიად მიუღებელია ეს ე.წ.  პროდასავლური ოპოზიცია?

_ ვფიქრობ, არანაირი რეაქცია არ ექნება საზოგადოებას. რეაქცია, სამწუხაროდ, მხოლოდ “ფეისბუკში” ექნება რამდენიმე კომენტარით ან პოსტით და მორჩა. აი, ეს არის დღევანდელი ჩვენი სავალალო მდგომარეობა.

რაც შეეხება შეკითხვას, როგორ შეფუთავენ ამ ყველაფერს დემოკრატიად, ვფიქრობ, ეს ძალიან მარტივია: ზუსტად იმ ფორმით, რომლითაც ეს არჩევნები ჩაატარეს. ჩაატარებენ რიგგარეშე არჩევნებს და გაიყვანენ მათთვის მისაღებ, უფრო სწორად, დასავლეთისთვის მისაღებ პარტიებს. ესენი იქნებიან არა მხოლოდ ნაციონალები, არამედ მისი განაყოფებიც _ “გირჩი”, “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და ა.შ. აი, ამის შემდეგ უკვე თავისუფლად დააკომპლექტებენ ხელისუფლებას და გვეყოლება ვითომ კოალიციური მთავრობა. 
სინამდვილეში გვეყოლება სახელწოდება შეცვლილი, რეინკარნირებული ცხრა წლიანინაცრეჟიმი, რომლის  დაბრუნებასაც“დემოკრატიული”  დასავლეთი ქართული“დემოკრატიის”  გამარჯვებად გამოაცხადებს.

_ საუბრებენ იმაზეც, რომ გადამდგარი გახარია, შესაძლოა, მალე ოპოზიციის რიგებში ვიხილოთ. რეალურად  მიგაჩნიათ ეს?

_ ვფიქრობ, ნებისმიერი მოლოდინი, რომ ახლა გახარია შექმნის ახალ მძლავრ პარტიას და მხსნელად მოგვევლინება, არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ჩვენი საზოგადოების საგრძნობი ნაწილი ზომბირებულია “ნაც-ქოცური” სატელევიზიო პროპაგანდის მიერ. გახარია, ვთქვი  და კიდევ გავიმეორებ, “ქართულ ოცნებაში” იყო თითივით  გალოკილი მარტო კაცი, რომელიც მიხვდა, რომ ამ  ხელისუფლების დღეები დათვლილია და ჩასაძირად განწირული გემიდან გადახტა.  სხვათა შორის, ახლა ძალიან მეცოდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამ ჩასაძირად განწირული გემის კაპიტნად დააყენეს. თუ დააკვირდით, ფერი არ ედო სახეზე, როცა პრემიერობის კანდიდატად წარადგინეს.

_ რაც შეეხება “დემოკრატიული”  დასავლეთის რეაქციას, რამდენიმე დღის წინათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა აქ მიმდინარე მოვლენებს,  რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობა ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად უნდა მოიქცეს… ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს უკვე არის ერთგვარი მუქარა მარიონეტი “ოცნებისადმი”,  რომ, ხელს თუ ახლებენ მელიას,  რომელიც საზღვარგარეთ გაქცეული სააკაშვილის მითითებებით მიზანმიმართულ პროვოკაციებზე მიდის, ევრომაიდანი გარანტირებულია?

_ ზუსტად მაგას ნიშნავს. ეს უკვე პირდაპირი მუქარაა “ოცნების” ხელისუფლებისადმი: თითი არ დააკაროთ მელიას, თორემ  თავზე დაგამხობთ ყველაფერსო. საერთოდ, დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ის, პოლიტიკურმა ელიტამ, უკვე დიდი ხანია, ყველას დაგვანახვა, რომ ქართული დემოკრატია მათი დირექტივების უსიტყვოდ შემსრულებელი პოლიტელიტის ხელშეუხებლობას ნიშნავს. ეს ხელშეუხებლობა რაღაც მომენტში შეიძლება მოითხოვდეს კანონის უგულებელყოფასაც, აშკარად დამტკიცებული დანაშაულის დაუსჯელობასაც და ა.შ. როგორც, მაგალითად, უგულავას შემთხვევაში იყო.  რეალურად საქმე გვაქვს შუასაუკუნეობრივ კოლონიალიზმთან, როცა ფორმალურადაც კი არ იწუხებენ თავს იმისთვის, რომ გარეგნულად მაინც დაამსგავსონ ეს ყველაფერი დემოკრატიას.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია
Geworld.ge.