საპატრიარქო ვაქცინაციის პროპაგანდაში არ ჩაერთვება

საპატრიარქომ დააფიქსირა პოზიცია, რომ არ ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ – განაცხადა ჯანდაცვის მინისრტმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა და მასთან ეპიდვითარებისა და ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, შეხვედრის ინიციატივა ორმხრივი იყო, თუმცა იგი თავს ვალდებულად თვლის, საპატრიარქოს მიმდინარე მოვლენებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

“შეხვედრის მიზანი იყო პატრიარქის ინფორმირება დეტალურად, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი. მათი მხრიდან აღქმული არის ის პრობლემები, რაც გლობალურად გააჩნია სამყაროს კოვიდ პანდემიასთან მიმართებაში და საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რაც იქნება გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად”, – განაცხადა ტიკარაძემ.

რამდენიმე დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სინოდსა და მღვდელმთავრებს მიმართა და ვაქცინაციის პროცესში “გვერდში დადგომა” სთხოვა.

მისი თქმით, ხალხს ხშირად სასულიერო პირების უფრო სჯერა, ვიდრე ექიმების, ამიტომ მათი როლი ამ პროცესში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია.

გამყრელიძის განცხადებას წმინდა სინოდიდან მხოლოდ მეუფე ანანია გამოეხმაურა. მეუფის თქმით, მას მიაჩნია, რომ ვაქცინაცია საჭირო და აუცილებელია:

“მრევლთან დაკავშირებით სინოდმა მიიღო დადგენილება და იმის მიხედვით უნდა იმოქმედონ. აუცილებლად [გავიკეთებ ვაქცინას]. ველოდები, სად არის ვაქცინა? მოაღწიოს ჩვენამდე და გავიკეთებ”.

საქართველომ COVAX პლატფორმის საშუალებით ასტრაზენეკას ვაქცინის 43,200 დოზა 13 მარტს მიიღო. ვაქცინა AstraZeneca-SKBio-ს (კორეის რესპუბლიკა) მიერ არის დამზადებული. უშუალოდ ვაქცინაცია კი 15 მარტს დაიწყო.

ეს ვაქცინის პირველი პარტიაა, რომელიც ქვეყანამ მიიღო.

აღნიშნული ვაქცინის შეძენაში ქვეყნის მთავრობას გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) დაეხმარა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შერჩეულია ის 82 სამედიცინო დაწესებულება, სადაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.
saqinfo.