ის, რომ ვაქცინას თანამდევი უარყოფითი მოვლენები აქვს და “ასტრაზენეკათი” აცრის შედეგად მსოფლიოში 150-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ახალი ამბავი არ არის.

ვაქცინაციის დაწყებას საქართველოში,  სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა. 27 წლის ექთანი ვაქცინის აცრით  გამოწვეული რეაქციის შედეგად  ერთი დღე კომაში იყო, მეორე  დღეს კი გარდაიცვალა. როგორც  ამბობენ, სამედიცინო სფეროს კიდევ  ორ წარმომადგენელს ჰქონდა  “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიმართ  რეაქცია, მაგრამ, საბედნიეროდ,  მათი გადარჩენა მოხერხდა.  პანდემიის პირობებში, როცა ვირუსმა  2,7 მლნ ადამიანი იმსხვერპლა,  გარდაცვალება თითქოს სტატისტიკად  იქცა, რეალურად კი, ყოველი  გარდაცვლილი ადამიანის უკან  ოჯახი და პიროვნული ტრაგედია დგას. 27 წლის ექთანსაც ორი  მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და  მშობლები დარჩა.  ეს უდიდესი ტრაგედიაა.

ის, რომ ვაქცინას თანამდევი უარყოფითი მოვლენები აქვს და “ასტრაზენეკათი” აცრის შედეგად მსოფლიოში 150-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ახალი ამბავი არ არის. სამაგიეროდ, თითქმის არავინ იცოდა ის, რომ იანვარში საქართველოს პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, ვაქცინის თანამდევ უარყოფით მოვლენებსა და, შესაბამისად, უარყოფით შედეგზე მწარმოებელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება. სწორედ ახლა შევიტყვეთ,  რომ ეს იყო ერთ–ერთი პირობა იმისა, საქართველოსთვის  ვაქცინა გამოეგზავნათ და,  რაც მთავარია, გამოეგზავნათ  არა ის, რომელიც გვინდოდა,  არამედ ის, რომელსაც გვთავაზობდნენ.

ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობ.

“ასტრაზენეკას” თანამდევმა უარყოფითმა მოვლენებმა ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ გასულ კვირას გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და ევროპის ბევრმა ქვეყანამ მისი გამოყენება შეაჩერეს. როგორც ჩანს, იქ დამატებითი კვლევები ჩატარდა და რამდენიმე დღეში, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანამ მისი მოხმარება კვლავ განაგრძო. მიზეზი მარტივია: დასავლეთის ქვეყნებს  ორი არჩევანი  ჰქონდათ _ ან “ასტრაზენეკა”, ან  რუსული “სპუტნიკ V” და რუსულს ხომ  არ გაასაღებდნენ? ჰო, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. რუსულ ვაქცინასაც აქვს უკუჩვენება, მაგრამ არა ასეთი სიხშირით და არა ასეთი მასშტაბის. უფრო მეტიც, “ასტრაზენეკა” შვედურ–ბრიტანული ფარმაცევტული  კომპანიის ვაქცინაა და გასულ კვირას  შვედებმა მზადყოფნა გამოთქვეს,  მოსახლეობა… “სპუტნიკ V”-ით აცრან(!) და არა მხოლოდ  აცრან,  არამედ “სპუტნიკ V”-ს წარმოება შვედეთშიც დაიწყონ.  მოგეხსენებათ, რუსეთი ყველა მსურველს აძლევს უფლებას, წარმოების ლიცენზია აიღოს. რა გამოდის? შვედებს აქვთ საკუთარი  ვაქცინა, რომელსაც მსოფლიოში ყიდიან, და ამ დროს საკუთარი  ქვეყნის მოსახლეობას “სპუტნიკ V”-თი აცრას უპირებენ.  ეს დაახლოებით იმას ჰგავს,  ქართულ ნატურალურ პროდუქტს აზიის  ქვეყნებში რომ ვეზიდებით და  შემდეგ იქიდან შხამ–ქიმიკატებით გაჯერებული შემოგვაქვს.  ოღონდ ამ შემთხვევაში პირიქითაა,  შვედები დარწმუნდნენ რუსული  ვაქცინის სიკეთეში და საკუთარ  ქვეყანაში კარგი შეაქვთ.

მოდი, ამ ყველაფერს სხვა მხრიდან შევხედოთ. დაახლოებით მაინც  წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა,  ხელისუფლებას სწორედ “სპუტნიკ V”  რომ შეეძინა და ლეტალური შედეგი  სწორედ მისი გაკეთების შემდეგ  დამდგარიყო? მაშინვე შეთქმულების თეორია შეიკერებოდა, იტყოდნენ, რუსეთმა საქართველოში მოწამლული პრეპარატები გამოგზავნა, რათა მოგვკლას და გაგვანადგუროსო. ახლა კი, როცა “ასტრაზენეკათი” დაიღუპა  ახალგაზრდა ქალი, მინიშნებითაც  კი არავის უთქვამს, რომ  მწარმოებელმა კომპანიამ ან ქვეყანამ  პასუხი უნდა აგოს. თურმე ამას  ვერც იტყოდნენ, რადგან  იანვარში ის კანონი დააჩაქუჩეს,  რომელიც მწარმოებელს ყოველგვარი  პასუხის მგებლობისგან ათავისუფლებს.

ერთი შეხედვით, ვაქცინაცია მსოფლიო მასშტაბით ნებაყოფლობითია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სამედიცინო სფეროს  წარმოადგენლებს არჩევანს არ  უტოვებენ, სამედიცინო  დაწესებულებებში მიაქვთ  შესაბამისი ოდენობის დოზები და  ცრიან ყველას. პარალელურად,  ცივილიზებული სამყარო მუშაობს  იმ პროექტზე, რომლის მიხედვითაც,  აუცრელ ადამიანებს აეკრძალებათ  საჯარო სამსახურებში მუშაობა,  ტაქსის მძღოლობა და, რაც მთავარია,  ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობა.  ანუ, ძალიან მალე, თუ აცრილი არ იქნები, არ გექნება სამსახური, ვერსად წახვალ და შიმშილით სიკვდილისთვის იქნები განწირული. ჩვენთვის ეს, შესაძლოა, ახალი ამბავი არ იყოს, ისედაც დიდი ხანია, განწირულები ვართ, მაგრამ…

ყველაზე ცუდი ამ ისტორიაში არის ის, რომ არავინ იცის, ნებისმიერი ვაქცინა 2-3 წლის შემდეგ რა უკუჩვენებას გამოავლენს. შეთქმულების თეორიების არ გვჯერა, მაგრამ იმასაც ამბობენ, ვაქცინა  როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში,  გამრავლების უნარს მინიმუმამდე  დაიყვანს და მსოფლიოში  მოსახლეობის ზრდის ტემპი ამ  გზით შემცირდებაო.   ვიღაც უფრო შორსაც მიდის და ჯიუტად ამტკიცებს: ვაქცინის მიღების შემდეგ, 2-3 წელიწადში, ხანდაზმული მოსახლეობა მასობრივად დაიხოცებაო. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ რეალურად ძალიან ცოტა დრო არის გასული ვაქცინის გამოგონებიდან მის მიღებამდე _ ასეთ მოკლე დროში უკუჩვენებები ვერ იქნებოდა შესწავლილი და დროსაც ვერავინ ააჩქარებს.

უკვე საჯაროდ საუბრობენ, რომ მთავრობა კერძო კომპანიებს ვაქცინის შემოტანის უფლებას მისცემს. გვერწმუნეთ, ეს უფრო არევს ბაზარს და, რაც მთავარია, პასუხისმგებელი ისევ არავინ იქნება, რადგან სახელმწიფომ დააკანონა _ მწარმოებელი პასუხს არ აგებს არაფერზე და, შესაბამისად, როგორი ხარისხის ვაქცინაც უნდა შემოვიდეს, პასუხისმგებელი, უბრალოდ, არავინ იქნება. შემომტანი იტყვის: მე შემოვიტანე და მწარმოებელს მოჰკითხეთო, მწარმოებელი კი ქართულ კანონმდებლობას აგვაფარებს თვალზე. სამწუხაროა, რომ საუბარი არ არის რუსულ ვაქცინაზე, ანუ ვერავინ რისკავს, ხმამაღლა თქვას: “სპუტნიკ V”-ს შემოვიტანო. ძირითადი აქცენტი  ჩინურ ვაქცინაზე კეთდება,  რადგან იაფია, ქართული  ფარმაცევტული ბაზარი კი, ხომ იცით,  სულ ცოტა, 200%-იანი მოგება თუ არ დარჩა, ისე  წამალს არ ყიდის.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ვაქცინის მწარმოებლები მილიარდობით დოლარს თუ ევროს შოულობენ და ყიდიან იმას, რისი სარგებელიც ბოლომდე არავინ იცის. რაც მთავარია, ვაქცინით აცრა, რომელიც ერთი შეხედვით სავალდებულო არ არის, ნელ-ნელა აუცილებელი გახდება. დედამიწის ნახევარი რომ აიცრას, ხომ ხვდებით, კონკრეტული ადამიანებისა თუ სახელმწიფოების ჯიბეში რა თანხა წავა? და 2-3 წლის შემდეგ ეს აცრილი ხალხი რა მდგომარეობაში იქნება, მიახლოებითაც კი ვერავინ ამბობს, მაგრამ აცრა სრული სვლით მიდის, როგორც ერთადერთი გამოსავალი ვირუსისგან თავის დასაცავად.

ის ქართველი ექთანი რომ არ  აცრილიყო, როგორ გგონიათ, 27 წლის ქალს, ვირუსი რომ  შეჰყროდა, ვერ გადაიტანდა? ხომ  უფრო მეტი შანსი ექნებოდა გადარჩენის და ხანგრძლივი ცხოვრების? ისე არ გაიგოთ, თითქოს აცრის საწინააღმდეგო პროპაგანდას ვეწეოდე. არა, პირიქით _ თუ აცრა პანაცეაა და სხვა  საშველი არ არის, უნდა ავიცრათ,  მაგრამ ვინმე პასუხისმგებელი  ხომ უნდა იყოს შედეგზე? ვინმემ  ხომ უნდა თქვას, რომ თუნდაც  ერთეული გარდაცვალების შემთხვევაში,  პასუხის მგებლობას აიღებს საკუთარ თავზე  და მხოლოდ ორდღიანი ვაებითა  და წუხილით არ შემოიფარგლება  ეს ყველაფერი?! იმ ორმა მცირეწლოვანმა დედა ხომ სამუდამოდ დაკარგა და ვერც ვერასდროს ვერავინ შეუცვლის მის სითბოსა და ალერსს.

მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც  ძალიან გვინდა, დაცულები ვიყოთ,  მაგრამ მცირე გარანტია როცა არ გაქვს იმისა, რომ ეს ყველაფერი  ძალიან ცუდად არ დასრულდება,  ძალა უნებურად გიჩნდება სურვილი, არ  აიცრა და ვირუსს საკუთარი  ჯანმრთელობის ხარჯზე ებრძოლო.  მით უმეტეს იმის ფონზე,  როცა გესმის, რომ არაერთმა  ევროპულმა ქვეყანამ დაწესებული  სანქციებისა და, ერთი შეხედვით,  მტრული დამოკიდებულების მიუხედავად, რუსული ვაქცინის ყიდვა და  მოხმარება დაიწყო. საქართველოში  კი ამ თემას ტაბუ ადევს და თქმასაც  ვერავინ ბედავს, რომ რუსული  ვაქცინის შემოტანას აპირებს.  ეს იმიტომ, რომ მაშინვე ქვეყნის  მოღალატედ შერაცხავენ და ყველა  სწორედ ამ ვაქცინას ჩაუსაფრდება,  ვინმეს თითიც რომ წამოსტკივდეს,  მაშინვე ხმაური ატყდება და,  სამწუხაროდ, ამ ხმაურს ერთ  ხმაში აჰყვებიან ხელისუფლება,  ოპოზიცია, არასამთავრობოები…

არადა, საქმე ეხება ჩვენს სიცოცხლეს, ყველაზე ღირებულს, რაც ადამიანს აქვს და, წესით, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რომელი წამლით იმკურნალებ. ეს ხომ არ არის ქვეყნის ღალატი, ეს ხომ არ არის რაიმეს აღიარება ან პირიქით _ დამალვა? მაშინ, პურიც არ უნდა ვჭამოთ, იმიტომ, რომ ასი პროცენტით რუსული ხორბლისგან არის დამზადებული და მის მოყვანაში რუსი გლეხის ოფლია ჩაღვრილი. არც ელექტროენერგიის დიდი ნაწილი უნდა გამოვიყენოთ, არც საწვავი უნდა ჩავასხათ…

ნამდვილად არ ვიცით, რა იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ კიდევ გავიმეორებთ _ ადრე თუ გვიან, აცრის გაკეთება ყველას მოგვიწევს, რადგან სხვაგვარად არსებობის უფლება გექნება მხოლოდ და არა ცხოვრების. ჰოდა, უფლება მოგვეცით, თვითონ ავირჩიოთ, ვის ვენდოთ, ჩვენი სიცოცხლე პოლიტიკური ვაჭრობის საგანი არ უნდა გახდეს. ჩვენ, რიგით ადამიანებს, სიცოცხლე გვინდა!
Geworld.ge.