ჰესი არ უნდა აშენდეს იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რაც საქართველოს მთავრობამ უცხოელ ინვესტორთან გააფორმა.

ნამოხვანჰესთან დაკავშირებით პროტესტი პიკშია. არც რიონის ხეობის მცველები და არც მთავრობა აპირებს დათმობას. ,,რეზონანსი“ დაინტერესდა, რამდენად გადაჭარბებულია პოზიცია ჰესის მშენებელთა და მოწინააღმდეგეთა მხრიდან, არის თუ არა სინამდვილეში კაბალური პირობები, რა მოსაზრებებია თუნდაც სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებით და არის თუ არა რისკები იმ “სიმძიმის”, რასაც აქციის მონაწილეები წარმოგვიდგენენ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ორი განსხვავებული მოსაზრება მოვისმინეთ. თუკი სპეციალისტების ნაწილი მომხრეა, რომ დიალოგი წარიმართოს და პროექტი სამომავლოდ შედგეს, ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რაც საქართველოს მთავრობამ უცხოელ ინვესტორთან გააფორმა.

ამ მოზიციას ემხრობა ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე, რომლის შეფასებითაც, პროექტი ეჭვქვეშ აყენებს როგორც გამომუშავებული ტარიფის თემას, ასევე დასაქმებასა და სასარგეობლო წიაღისეულთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც აშკარად ქართული მხარის საზიანო გადაწყვეტილებაა.

,,პროექტი ნამოხვანიჰესი, როგორც ნენსკრა ეკონომიკურად გაუმართლებელია. ეს ტარიფის ზრდას გამოიწვევს და მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიაც იმპორტირებულზე ბევრად ძვირი გამოვა. ეს არაფრით არ უნდა დავუშვათ. მიუღებელია ტერიტორიების გასხვისებაც, რომელსაც ჰესთან არანაირი შეხება არ აქვს და აბსოლუტურად სხვა თემაა. 

საპროტესტო აქციების მომხრე არ ვარ, მაგრამ ნებისმიერ ქართველს უნდა ადარდებდეს და აწუხებდეს ეს საკითხი. ამისთვის დიალოგის ფორმა სავსებიოთ მისაღებია. თურქები საუკუნეები იბრძოდნენ ამ მიწების დასაუფლებლად და ახლა დაუსაბუთებლად ვაძლევთ. ვერც ერთი მყარი არგუმენტი ვერ მოვისმინე. ტარიფის ნაწილში, 6 წელი გარანტირებულად, 3%-იანი ყოველწლიური მატებით, დენის შესყიდვა მიუღებელია, ამით  საბედისწერო შედეგამდე შეიძლება მივიდეთ. ჰესების მშენებლობა ნებისმიერ ქვეყანაში ხდება იმისთვის, რომ ტარიფი გაიაფდეს, აქ საპირისპიროდაა. ამიტომ ვერ დავუჭერ მხარს. 

ცხადია, არ ვეხები ეკოლოგიას, არ  ვიცი სეისმურად რა კვლევები დაიდო, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ასეთი გათვლა რეალურად არც არსებობს და ამ პერიოდშიც კი არ მაქვს სეისმოლოგების დასკვნები“, – განაცხადა ჭიჭინაძემ ,,რეზონანსთან“ და დასძინა, რომ სჯობს, ნამოხვანჰესის მშენებლობის საკითხი რეფერენდუმით გადაიჭრას.

,,მთავრობის მხრიდანაც მეტ უფრო ობიექტურობას ვისურვებდი, არავითარ შემთხვევაში არ ვარ ამ დაპირისპირების მომხრე, უფრო მშვიდ გარემოში, დიალოგის რეჟიმში უნდა გადაწყდეს პრობლემა, თუნდაც რეფერენდუმის ფარგლებში. ერთპიროვნულად არ უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები, რომელიც ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. 

ტერიტორიების გასხვისებას  ვეწინააღმდეგები. რამდენი წიაღისეული უნდა გაიცეს ულიცენზიოდ! ინვესტორს  ყველაფრის უფლება ეძლევა, ასევე ულიცენზიოდ ამდენი ხე-ტყე. ბევრი ისეთი დეტალია, რაც ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. წიაღისეულიდან შემიძლია დავასახელო ურანი, რომელიც ძალიან ძვირადღირებული ნედლეულია და ნამდვილად მოიპოვება იმ ტერიტორიაზე, რაც ასევე თურქული კომპანიის ხელში აღმოჩნდება. ჩვენ თვითონ მოვიპოვოთ და მოვიხმაროთ ეს ნედლეული. 

ძალიან ბევრ კითხვას ბადებს ხელისუფლების პოზიცია, არანაირი ახსნა-განმარტება არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ მიუღია საზოგადოებას, როგორიცაა ტარიფი, ტერიტორიების გასხვისება, დასაქმება, წიაღისეულების მოპოვება და სხვა. პასუხები რომ არსებობდეს, ასეთი პროტესტიც არ იქნებოდა“, – აღნიშნა თემურ ჭიჭინაძემ.

სახელმწიფოს მხრიდან ელემტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ვალდებულება დაკავშირებულია ფისკალურ რისკებთან, რაზეც მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას ადრეც აფრთხილებდა და  ეუბნებოდა კიდეც, რომ ამ ვალდებულების შესრულება ბიუჯეტს ვალდებულებად დააწვებოდა. 

,,ნენსკრას და ნამოხვანის პროექტები იდენტურია. რისკებია გარანტირებული შესყიდვების ნაწილშიც, ტყუპებივით არის, თითქოს ერთი ჯგუფის ინტერესების სასარგებლოდ. დასაქმების მხრივაც არ ვართ უპირატეს მდგომარეობაში. მოგებულ პოზიციაში არ ვართ. დასაქმებულების უმრავლესობა თურქები იქნებიან და ასეც  რომ არ იყოს, მხოლოდ დასაქმება ღირს კი იმად, რომ  ამხელა ტერიტორია გაჩუქდეს?“ – განუცხადა ,,რეზონანსს“ ენერგეტიკოსმა.

განსხვავებულ პოზიციაზეა ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ყველა დეტალი კომპლექსურად იყოს განხილული სპეციალისტების მიერ, რამაც კითხვის ნიშნები უნდა მოხსნას.

,,სწორი განხილვაა საჭირო კვალიფიციური კადრების მონაწილეობით, რომლებმაც იციან ამ სექტორის სპეციფიკა, მათ შორის, ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხები.  ასეთი დიდი მნიშვნელობის პროექტები პოპულისტური განცხადებების დონეზე არ უნდა წყდებოდეს. რამე თუ გამოსასაწორებელია, უნდა გაირკვეს.   მართლა თუ არის პრობლემა, რა თქმა უნდა, მთავრობამ მის გამოსასწორებლად ყველა ღონე უნდა იხმაროს. სპეციალურად ვერიდები ჩემი პოზიციის დაფიქსირებას ჰესის მშენებლობის მიმართ. ორივე მხარეს მოვუწოდებ, რომ ბრძოლიდან გადავიდეთ მუშაობაზე. ბრძოლა ადვილია, მუშაობა – რთული. 

რაც შეეხება წიაღისეულთან დაკავშირებულ საკითხს, სინამდვილეში ეს არის ინერტული მასალა, თუმცა არ მგონია, ახლა ამაზე  ლაპარაკი იყოს. ლოგიკურად გასარჩევია დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხებიც.  

საერთოდ კი ყველაფერს უნდა ვაშენდებდეთ, მცირე ჰესებსაც და დიდ ჰესებსაც. ეს უნდა მოხდეს მხარეთა შეთანხმებით. არ არის საჭირო პროტესტით ენერგოუსაფრთხოება დავაზარალოთ, ლოგიკური დასკვნები უნდა გაკეთდეს და ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადაინაცვლონ მხარეებმა“, – განუცხადა ,,რეზონანსს“ მურმან მარგველაშვილმა.
rezonansi.