თუ 1 ტომარა ფქვილი 50 ლარი ეღირება, მაშინ ჩავეტევით ახლანდელ ფასში, წინააღმდეგ შემთხვევაში 10 თეთრით მაინც მოიმატებს.

პურზე სუბსიდირება 2 კვირაში დასრულდება. “რეზონანსის” ინფორმაციით, მთავრობა პროგრამის გახანგრძლივებას აღარ აპირებს. ასეთ შემთხვევაში კი, არსებობს რისკი, რომ პურის ღირებულება გაიზრდება და შეიძლება 10-15 თეთრითაც კი.

საქართველოს მთავრობამ აპრილიდან პურის ფასის შენარჩუნების მიზნით, ფქვილის სუბსიდირების მესამე ეტაპი დაიწყო, რომლის მიხედვით, 1 ტომარა პურის ფქვილი, სამიზნე ფასის – 53 ლარის შენარჩუნებისთვის, 20 ლარით დაასუბსიდირა. პროგრამა 3-თვიანი იყო და აპრილს, მაისსა და ივნისს მოიცავდა. ამ პერიოდის შემდეგ დარგის წარმომადგენლები იმედოვნებდნენ, რომ ხორბლის ახალი მოსავლის აღების სეზონის მოახლოებასთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი შემცირდებოდა.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ახლა სუბსიდირების პროგრამიდან გასვლისთვის ყველაზე კარგი დროა, რადგან საერთაშორისო ბირჟებზე ვითარება სტაბილურდება.

“სუბსიდირების საკითხი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, გაგრძელდება თუ არა პურის ფასის შესანარჩუნებლად. ამ დღეებში სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩვენი, მეპურეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის გამართვა იგეგმება.

ჩემი აზრით, ახლა სუბსიდირების პროგრამიდან გამოსვლისთვის ყველაზე კარგი დროა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ კრიტიკული პერიოდია, რადგან ხორბლის მომწიფების პერიოდი ახლაა და მოსავლების პროგნოზებზე მოგვიანებით შეიძლება საუბარი, მოლოდინი მაინც ნორმალურია და ლარის კურსიც დასტაბილურებულია“, – განაცხადა ასოციასიის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ. 

სწორედ სუბსიდირების პროგრამის შესახებ საუბრობენ მეპურეთა ასოციაციაშიც, სადაც “რეზონანსს” დაუდასტურეს, რომ პროგრამა, ალბათ აღარ გაგრძელდება. ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, რომ თუ სახელმწიფო პროგრამიდან გავა და ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 53 ლარი იქნება, მაშინ პურის ღირებულება 10-15 თეთრით მოიმატებს. 

“ახლა სუბსიდირების პროგრამის ხელშეწყბით, 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 50-52 ლარის ფარგლებში მერყეობს, სუბსიდირების გარეშე კი – 60 ლარია. პროგრამის გახანგრძლივების შესახებ მინისტრის თანაშემწევს პირდაპირ ვკითხე და მიპასუხა, რომ სავარაუდოდ, სუბსიდია აღარ გაგრძელდება. 

მთავრობა პროგრამიდან რომ გავიდეს და ერთი ტომარა ფქვილის ფასი 53 ლარის ფარგლებში დარჩეს, პურის ფასი 10-15 თეთრით მოიმატებს, რადგან სხვა ყველაფერი გაძვირებულია – საფუარი, ენერგომატარებლები, საწვავი, შესაფუთი მასალები და ა.შ. ჩვენთვის არაფერი არ შეცვლილა და რა უნდა გავაკეთოთ? 

არ ვიცი, რა პერიოდის შემდეგ გაძვირდება პური, ამ თვის ბოლომდე სუბსიდირების პროგრამა ძალაშია და შემდეგ ვნახოთ. თუკი სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ, 1 ტომარა ფქვილი 50 ლარი ეღირება, მაშინ ჩავეტევით ახლანდელ ღირებულებაში და პურის არ გაძვირდება”, – განუცხდა “რეზონანსს” დოლიძემ. 

მართალია, ახლა ხორბლის ღირებულება გლობალურ ბაზრებზე მცირდება, მაგრამ ფქვილის ფასზე არ აისახება იმდენად, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს. ამიტომაც არსებობს მოლოდინი, რომ თუ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამიდან გავა, პური გაძვირდება. 

„მესამე ეტაპის სუბსიდირების პროგრამით 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარი იყო და იმისთვის, რომ მეპურეებს ერთი ტომარა ფქვილი 53 ლარად მიეღოთ, სახელმწიფომ ის 20 ლარით დაასუბსიდირა. როგორც ვვარაუდობდით, მოსავლის აღებისა და საექსპორტო საბაჟო გადასახადის შემცირებასთან ერთად (რაც პირველ ივნისამდე 50 ევროს შეადგენდა და ახლა მცურავი ბაჟის პირობებში განახევრებულია), ფასები დაბლა მოდის. დღეს 1 ტონა ხორბალი 260 დოლარი ღირს, როცა მანამდე 280 დოლარი ღირდა, თუმცა მოლოდინია, რომ ხორბალი კიდევ უფრო გაიაფდება და 250 დოლარზე ჩამოვა.

ფასის კორექციამ ერთი ტომარა ფქვილის ღირებულებაც შეამცირა და დღეს მისი საშუალო ფასი დღეს 60 ლარის ფარგლებშია. ახალი მოსავლის აღება რუსეთში ჯერ დაწყებული არ არის და ველით, რომ ეს ფასი კიდევ დაიკლებს. სამიზნე ფასამდე (53 ლარი) 7 ლარია დარჩენილია”, – აღნიშნა “ბიზნეს მედიასთან” ლევან სილაგავამ.
rezonansi.

კომენტარები ფეისბუქიდან