რიონის ხეობაში ვითარება, შესაძლოა, ისევ დაიძაბოს, რას აპირებენ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები? გოლეთიანი: “ვერ მივცემთ კომპანიას სამუშაოების წარმოების საშუალებას.

ნამოხვანჰესის საკითხთან დაკავშირებით, მედიაციის მოსამხაზებელი ორი შეხევდრა უკვე გაიმართა, შედეგი ჯერ მხოლოდ რკინის ბარიკადის აღებაა, თუმცა ხეობაში რიონის მცველებს, ისევ არ უშვებენ. პროტესტი მონაწილეები ძალიან უკმაყოფილონი არიან. ვითარება ხეობაში ისევ იძაბება. გამორიცხული არ არის, ისევ მწვავე დაპირისპირება. როგორი იქნება მათი შემდგომი ნაბიეჯბი და რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებებს, ,,ბიზნეს-რეზონანსი“ ეცადა მხარეებთან გაერკვია. 

საბოლოოდ, რიონის ხეობის მცველებს, 4 მოთხოვნა აქვთ, თუმცა იქამდე მედიაციის პროცესი უნდა დაიწყოს, რომელიც არსობრივ განხილვაზე ჯერაც არ გადასულა. 

– გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. 

– გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.” 

– გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. 

– გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.

ამ ოთხი მოთხოვნის შესრულებას, პრაქტიკულად, გამორიცხავენ მთავრობის წარმომადგენლები.  ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ ნამოხვანჰესის მთელი ისტორია და დრამა “ცოტათი გაზვიადებულია”. მისი აზრით, დღევანდელი ვითარება 30 წლის განმავლობაში დაგროვილმა მითებმა და პრობლემებმა მოიტანა, როცა ენერგეტიკის დარგის და ქართული ენერგეტიკის მიმართ უნდობლობა გაჩნდა. ეს მიდგომა პარადოქსულია, რადგან დარგი, რომლითაც საზრდოობს საქართველოს ეკონომიკა, გახდა უნდობლობის საგანი.

„ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ იმედიანად ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ამ საპროტესტო აქციის მონაწილეებთან აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით. დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა პატრიოტი, გულწრფელი ადამიანია, რომლებიც აპროტესტებენ ისე, როგორც მათ სწორად მიაჩნიათ სახელმწიფოსთვის. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ პატრიოტიზმი გულისხმობს იმასაც, რომ თუნდაც დღეს არაპოპულარული გადაწყვეტილებები მივიღოთ. საქართველო უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და ენერგეტიკულად დამოუკიდებელი“ , – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ მაგალითად მოიყვანა ხუდონჰესის ამბავი, რომელიც სწორედ პროტესტის გამო არ აშენდა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს პროექტი რომ განხორციელებულიყო, ახლა საქართველო გაცილებით ძლიერი და წელგამართული იქნებოდა, როგორც აფხაზეთთან, ისე რუსეთთან ურთიერთობაში.

„ჩვენ, ხელისუფლებას გაცილებით სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, გადაწყვეტილება პოპულარულია თუ არა, უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაწილში აუცილებლად შევჯერდებით, რადგან ამოცანა საერთოა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც წაადგება ქვეყანას. მიუხედავად განსხვავებული ფორმებისა, სურვილი ასეთია, ამიტომ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას“, – აღნიშნა თურნავამ. 

ახლა პროცესში საერთაშორისო მედიატორია ჩართული. რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს, შექმნას განცდა, თითქოს მედიაციის დაწყების პირობებს ასრულებს, სინამდვილეში კი ბარიკადის აღებით არსებითად არაფერი შეცვლილა. პროცესის შემდეგი განვითარება კი, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შესრულებს ხელისუფლება მიცემულ პირობებს. 

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, კვლავ არ მისცენ ჰესის მშენებელი კომპანიის მანქანებს ხეობის მიმართულებით გადაადგილების უფლება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, იყო მცდელობა მძიმე ტექნიკას სოფელ ნამოხვანის მიმართულებით ემოძრავა, თუმცა აქტივისტებმა სატვირთო ავტომანქანებს ამის საშუალება არ მისცეს.

“იმისთვის, რომ დაიწყოს მედიაციის პროცესი, ჩვენი პირობები უნდა დაკმაყოფილდეს. პირობებს შორის კი ერთ-ერთია, შეჩერდეს მუშა პროცესი ხეობაში. ამიტომ ბუნებრივია, ვერ მივცემთ კომპანიას სამუშაოების წარმოების საშუალებას”, – განაცხადა გოლეთიანმა.

ხეობაში, სამუშაოები რომ შეჩერებულია ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრსას ადასტურებს, პოტესტის კიდევ ერთი ორგანიზატორი, მარიტა მუსელიანიც. მისი აზრით, პროცესი ძალიან ნელი ნაბიჯებით თუმცა წინ მიდის. 

,,ნელი ტემპით, თუმცა პროცესი დაიძრა. ფორმაურად, თუმცა ბარიკადი უკვე აღებულია, რომელიც მონობის სიმბოლო და ფსიქოლოგიური წნეხი იყო. ახლა,  დანარჩენი ნაბიჯებია გადასადგმელი და პროცესი მიმდინარეობს. არის გარკვეული შემოთავაზებები. კატეგორიულ უარს არ ამბობენ და ჩვენც ცდილობთ მედიაციის პროცესს შევუწყოთ ხელი. 

ყველაზე რთულად საქმე სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებითაა. ამაზე არაფერი თქმულა. ძალიან ცუდია, რომ  შეხვედრებზე ერთიანი გუნდი არ არის წარმოდგენლი, მინისტრის მოადგილეებმა კი მიიღეს დავალება, რომ განიხილონ გულდასმით ეს საკითხი და გათვალისწინებული იქნას კონტექსტი. შეიძლება, ყველაფერი ისე არ გადაწყდეს, რამდენიმე კვირაში, მაგრამ პროცესი იყო ფორსირებული. გადამატებული იყო განხორციელებული ზომები და არ არის საჭირო წინასწარი პატიმრობა. ამ მხრივ ჯერ არავითარი სიახლე არ არის. 

რაც შეეხება დანარჩენს, პრინციპულად არ გვიშვებენ ჩვენი პროტესტის პირვანდელ ადგილას და გვთავაზობენ მიუღებელ ლოკაციებს. ასე, გუმათშიც ვართ დაბანაკებული. ვნახოთ, რა იქნება ამ კუთხით. სამშენებლო მოედნებზე ახლა მუშაობა შეჩერებულია, ტექნიკა გაყვანილია. სადმე შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე თუ რამე წარმოებს, ნამდვილად არ ვიცი“, – აღნიშნა მუსელიანმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.
rezonansi.

კომენტარები ფეისბუქიდან