ერთს წაართვი, მეორეს მიეცი – ეს არ არის გზა, თუმცა მთავრობა სხვას ვერაფერს ახერხებს.

პანდემიის პირობებში სიღარიბის მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა, რასაც მონაცემებიც ადასტურებს, თუმცა მთავრობას დადებითი მოლოდინი აქვს. მინისტრები ვარაუდობენ, რომ 10 წელიწადში მაჩვენებელს გაანახევრებენ. „რეზონანსი“  შეეცადა გაერკვია, რამდენად რეალურია და გააჩნია თუ არა საქართველოს ამის რესურსი.

ქვეყანაში  სიდუხჭირე, ძირითადად, შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის გამოა. 2020 წლის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი 21,3%-ს შეადგენს, მონაცემების გაუარესებას კი პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა შეუწყო ხელი, რაც ჯერ არ დასრულებულა.

როგორც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აღნიშნავს, ეს პრობლემა მალე დაიძლევა და 2030 წლისთვის მაჩვენებელი 10,7%-მდე შემცირდება.

„აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებას ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა უზრუნველყოფს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ 10-წლიან სამთავრობო გეგმაში ეკონომიკის განვითარება ერთ-ერთი გადამწყვეტია. საპროგნოზო მაჩვენებლის შესაბამისად, 2030 წლისთვის სიღარიბე, დაახლოებით, 10 პროცენტამდე დაიკლებს“, – აღნიშნა თურნავამ  პროგრამა „ეკონომიკა 2030“-ის პრეზენტაციაზე.

სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე გადის. როცა ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვქმნით უფრო მეტ საქონელსა და მომსახურებას, რაც ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებსა და დასაქმებულ მოსახლეობას. ეს, თავის მხრივ, უმუშევრობის შემცირებასა და მოსახლეობისათვის შემოსავლების ზრდას ნიშნავს.

როგორც ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე ამბობს, სიღარიბის დაძლევა პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის ზრდასთან. ამ პროცესში დიდი როლი უჭირავს როგორც მოსახლეობის, იმავდროულად სახელმწიფოს აქტიურობას.

„სიღარიბის დონის შემცირება უშუალო კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან, თუმცა მათ შორის პირდაპირი, ხისტი კავშირი არ არსებობს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ხერხდება  შემოსავლების გადანაწილება მაღალშემოსავლიანებიდან დაბალშემოსავლიანების სასარგებლოდ, რამდენად აქტიური და ეფექტურია სახელმწიფო სოციალური და დასაქმების პოლიტიკა. ყოველივე ქმნის სათანადო პირობებს სამუშაო ადგილების შექმნის, კვალიფიკაციის დონის ამაღლების, პროფესიული გადამზადებისა და იმ მატერიალურ-ეკონომიკური პირობების კუთხით, რისი საშუალებითაც ადამიანებმა საკუთარი შრომით უნდა შეძლონ სიღარიბის დაძლევა.

მსოფლიო გამოცდილებას თუ გადავხედავთ, სიღარიბის დაძლევის დიდი ნაწილი და რესურსი სწორედ ადამიანთა უნარების, მონდომების, ძალისხმევისა და  ნებისყოფის შედეგია, თუმცა სახელმწიფოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შექმნას პირობები იმისათვის, რომ ადამიანებმა სრულად შეძლონ თავიანთი უნარჩვევების გამოვლენა და საკუთარ სამშობლოში მოახდინონ  მისი მატერიალიზაცია“, – აღნიშნა არჩვაძემ „რეზონანსთან“. მან დასძინა, რომ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამას თუ სწორად წარვმართავთ, შესაძლებელი იქნება მისი შემცირება.

ბოლო წლებში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა აშკარად გაიზარდა, რაც უკავშირდება როგორც ეკონომიკური ზრდის შედარებით დაბალ ტემპს, ასევე _ არასაკმარის ეკონომიკურ ზრდას. 

ასეთ რთულ ეკონომიკურ პირობებში საკმაოდ ძნელია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. არადა, სწორედ ესაა საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანამ სიღარიბეს თავი ნელ-ნელა დააღწიოს. როგორც „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, სიღარიბის დაძლევა ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა ეს გზა მთავრობაზე არ გადის. 

„ზეპირად საუბარი რთულია, როგორ შემცირდება სიღარიბის მაჩვენებელი, ყველაფერი ცვლილებებზეა დამოკიდებული. პანდემია არის მთავრობის მიერ გამოცხადებული მოვლენა, რომელიც გულისხმობს გარკვეული დაავადების ცენტრალიზებულ მკურნალობას და ამის საფუძველზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას.

ახლა აკრძალვების უმრავლესობა საქართველოში მოხსნილია და მთავარია, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გადავიდეთ. მთავრობამ თავი უნდა დაანებოს ადამიანების მკურნალობას, რადგან ამისთვის არსებობენ ექიმები.

ამის შემდეგ ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის ათასი გზა გამოჩნდება, რომლებიდან არც ერთი არ გადის  ხელისუფლებაზე. პირიქით, მთავრობაზე გადის ადამიანების თავისუფალი თანამშრომლობის შეზღუდვის ათასი გზა და ეს  მიუღებელია“, – აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას შეშელიძემ და დასძინა, რომ მთავრობას არ აქვს სწორად შერჩეული სტრატეგია იმისათვის, რომ პრობლემა გამოსწორდეს.

„ერთს წაართვი, მეორეს მიეცი – ეს არ არის  გზა, თუმცა მთავრობა სხვას ვერაფერს ახერხებს. მას შეუძლია წაართვას მას, ვინც გამოიმუშავა და მისცეს მას, ვინც მოსწონს. ეს მიუღებელია. ამიტომ ბევრად გონივრული იქნება,  ქალბატონი თურნავა და სხვები  დღევანდელ საქმეს თავს თუ დაანებებენ, გადავლენ სხვა სექტორებში, ადამიანებს კი  მისცემენ საშუალებას, იმუშაონ და  თავის თავს მიხედონ.

ბევრად უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია, რომ არა მათი დაწესებული შეზღუდვები, დაშვებული შეცდომები, დანაშაულებრივი ქმედებები და ყოველდღე ახალი მცდარი წამოწყების  დაანონსება.
rezonansi.

კომენტარები ფეისბუქიდან