Facebook-ის წინააღმდეგ 2019 წლის დასაწყისში შესაძლოა სანქციები დაწესდეს, თუ კომპანია პირადი მონაცემების გამოყენების თაობაზე ევროკავშირის სტანდარტებს არ დაიცავს. ამის შესახებ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა ვერა იუროვამ The Guardian-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“თუ Facebook-ი დეკემბრისთვის თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, შესაძლოა, მომავალი წლის დასაწყისიდან ეროვნული მარეგულირებლისგან [ევროკავშირის ქვეყნებიდან] სანქციები დაწესდეს”, – განაცხადა მან.
იუროვამ აღნიშნა, რომ მისი “მოთმინება იწურება”, რადგან Facebook-თან ორი წელია მოლაპარაკებებს უშედეგოდ აწარმოებს.
მისი თქმით, ევროპაში დაახლოებით 380 მილიონი ადამიანი სოციალური ქსელის მომხმარებელია. ევროკომისარმა კომპანიას მოუწოდა, “უფრო გამჭვირვალე” იყოს მომსახურებისა და მონეტიზაციის მეთოდების გამოყენებით, ასევე ევროპელების მიმართ ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.
როგორც იუროვამ განმარტა, facebook-ის ყველა მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები სოციალურ ქსელებს მიეკუთვნება, მაშინაც კი, როდესაც ისინი ანგარიშს წაშლიან, და ეს მონაცემები მესამე მხარისთვის შესაძლოა მოგების მიღების საშუალება გახდეს.
ipress.ge