საქართველოში შეზღუდვების შემოღება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მთავრობაში უკვე მოურიდებლად ახსენეს სიტყვა “ლოქდაუნი”.

საქართველოში შეზღუდვების შემოღება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ზაფხულის მიწურულს ქვეყანა რიგით მესამე ჩაკეტვის წინაშე დადგება. ასეთ შემთხვევაში ზარალი იქნება უდიდესი და აწ უკვე გაკატორტებულ ბიზნესს კიდევ უამრავი კომპანია თუ საწარმო შეემატება. მთავრობაში უკვე მოურიდებლად ახსენეს სიტყვა “ლოქდაუნი”.

საქართველო კიდევ ერთი მძიმე ჩაკეტვას ვერ გადაიტანს. ქვეყანა კრიზისული პერიოდიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსულა და შესაძლოა, ამ მძიმე ვითარებას ახალი დაემატოს. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, მთავრობას და ეპიდემიოლოგებს ლოქდაუნის სურვილი არ აქვთ, „მაგრამ ამის ფუფუნებას პანდემია არ გვაძლევს”. 

„შრომის ინსპექცია და ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კერძო სექტორთან იმისათვის, რომ რეგულაციები დაიცვან. ჩვენ დამოკიდებული ვართ ისევ ინფექციის გავრცელებაზე, რის შედეგადაც შეიძლება (შეზღუდვების დაწესებაზე) გადაწყვეტილება მივიღოთ. ბოლო ერთი კვირაა გვაქვს ორჯერადი ნახტომი, ინფექცია უკვე საკმაოდ გაზრდილია. 

შემდეგი ორი კვირა გადამწყვეტი იქნება ამ გადაწყვეტილებების მიღებისთვის და იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორის და მოქალაქეების აქტიურობა ამ მიმართულებით მაღალი იქნება, რომ ინფექცია კიდევ უფრო მეტად არ გავრცელდეს.

დღევანდელი რეგულაციების დაცვა განაპირობებს იმას, დავდგებით თუ არა შემოდგომაზე არჩევანის წინაშე, ანუ ჩავკეტავთ თუ არა ქვეყანას კიდევ ერთხელ და გვექნება თუ არა განმეორებითი ლოქდაუნი. რა თქმა უნდა, ამის სურვილი არ გვაქვს, თუმცა ამის ფუფუნებას არ გვაძლევს პანდემია და ის სტატისტიკა, რომელიც დღითი დღე მზარდია”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირაა კორონავურისის შემთხვევები მატულობს. ყოველდღიური მონაცემები უკვე 1500-ს აღემატება. სწორედ ამიტომ ფიქრობენ  მთავრობაში შეზღუდვებს მორიგ ეტაპზე. 

„ახალი ეკონომიკური სკოლის” დამფუძნებელ პაატა შეშელიძეს აცხადებს, რომ კიდევ ერთი ლოქდაუნი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება. 

„იმედი მაქვს, რომ საქმე ლოქდაუნამდე არ მივა. წარმოუდეგენლია, ეს შეუძლებლად მიმაჩნია. ძალიან მძიმე დარტყმას მიიღებს ყველა. ადამიანების უდიდესი ნაწილი ამ ზაფხულს უდიდესი იმედით ელოდება – მომსახურების თვალსაზრისით, კურორტების ამუშავებისა და ვიზიტორების მიღების მხრივ. 

ჯანდაცვის სისტემა და ეპიდემიოლოგები პრობლემას თავად ვერ აგვარებენ და სხვას აბრალებენ. როგორ შეიძლება ასეთი რაღაცების გაკეთება? გუშინ საიტი არ მუშაობდა და ხალხის ვაქცინაციაზე რეგისტრაციას ვერ ახერხებდა, ცოტა ხნის წინ ვაქცინები დაიკარგა. ამის გარდა, სხვა ათასი პრობლემა იყო. ამის გამო ქვეყანა უნდა ჩაკეტონ?~ – განუცხადა პაატა შეშელიძემ “რეზონანსს”. 

მართალია მთავრობა შეზღუდვების დაწესებას უახლოეს დღეებში არ აპირებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამაზე მსჯელობა დაწყებულია. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ხნის წინ გაუქმებული შეზღუდვების დაბრუნება, ეკონომიკისა და ბიზნესისითვის დამღუპველი იქნება. 

მძიმე შედეგებზე საუბრობენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც. ბიზნესისთვის ნებისმიერი სახის შეზღუდვას უარყოფითი შედეგი მოაქვს და თუ საქმე ლოქდაუნზე მიდგა, გაკოტრდება იმ ბიზნესის დარჩენილი ნაწილი, რომელიც 2020 წელს ამოქმედებულ ლოქდაუნს ძლივს გადაურჩა. 

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილის აზრით, მსგავსი ლოკდაუნისა და მკაცრი შეზრუდვების (როგორიც 2020 წელს იყო) შემოღების შემთხვევაში, წელს ეკონომიკური ზრდის მიღწევა საერთოდ ვერ მოხერხდება. 

“სიმართლე გითხრათ, მე მქონდა პროგნოზი, რომ კიდევ ერთხელ დაბრუნდებოდა შეზღუდვები. ამის წინაპირობა არსებობს, რადგან პანდემია ჯერ კიდევ საკმაოდ მძლავრია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. თუ გლობალური მასშტაბით ვერ დამარცხდა პანდემია, საქართველო ვერაფრით იქნება დაცული ტერიტორია, რადგან ქვეყნებს შორის მიმოსვლაა. 

კიდევ ერთი ლოქდაუნი, რა თქმა უნდა, უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება ეკონომიკისთვის. ასეთი დარტყმა ცოტათი გამოცოცხლებულ ეკონომიკას ისე დააპაუზებს, შემდეგ უკვე მისი ფეხზე დაყენება ძალიან გაჭირდება. ვისურვებდი, დაწესდეს თუნდაც მკაცრი რეგულაციები, მაგრამ უფრო მეტი გაანალიზებით და სექტორებზე მორგებით. შეზღუდვები უფრო ელასტიური უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში დამანგრეველი. კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით იმსჯელებენ და ერთბაშად ყველა ბიზნესს და მაღაზიას არ ჩაკეტავენ. ეს ეკონომიკაზე დამანგრევლად იმოქმედებს. 

იმედია, გარკვეული გამოცდილება შეიძინა იმ ხალხმა, ვინც ასეთ შეზღუდვებს აწესებს და მეტ-ნაკლებად უკეთეს ზომებს გაატარებენ. თუ ისევ მსგავსი ლოქდაუნი და მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, რა თქმა უნდა, წელსაც ვერ მივაღწევთ ეკონომიკურ ზრდას. მაგალითად, ორთვიანი ლოქდაუნი საერთოდ მინუსებში გადაიყვანს ეკონომიკას”, – განუცხადა “რეზონანსს” ჯანიაშვილმა.  

ვითარება უკვე არასახარბიელოა. ახლა ბიზნესისთვის ხელშემწყობი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, რადგან კრიზისული პერიოდი ჯერ არ გადალახულა, მაგრამ მარალი ტრიბუნებიდან სულ სხვა რიტორიკა ისმის. მორიგი ჩაკეტვით შესაძლოა, შარშანდელი ეფექტი განმეორდეს და ძლივს გადარჩენილი ბიზნესის ნაწილი გაკოტრდეს, რის პარალელურადაც ქვეყანაში უმუშევრობა მკვეთრად მოიმატებს, რომელიც ისედაც მაღალ ნიშნულზეა.
rezonansi.