დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში გაუარესებული ეპიდმდგომარეობის გამო საკოორდინაციო საბჭოზე გაჟღერდა ინიციატივა, რომ ნებისმიერ თავყრილობაზე მხოლოდ ორჯერ ვაქინირებული პირები დაიშვან, ან ის ადაიანები, რომლებმაც ბოლო 72 საათის მანძლზე გაიკეთა კორონავირუსზე ტესტი. გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე აიცრან მშობლები და მათი შვილებისთვის ინფექციის მატარებლები არ გახდნენ, რადგან ე.წ. ინდური შტამი ბავშვებისთვისაც დიდი ზიანის მომტანია:
“გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე გაჟღერდა ჩვენი წინადადება, რომ ნებისმიერ თავყრილობაზე, სემინარზე, კონფერენციაზე, შეხვედრასა და ასე შემდეგ დაშვებული იქნენ მხოლოდ ორჯერ აცრილი ადამიანები ან ბოლო 72 საათში ტესტირება გაკეთებული პირები, ვისაც უარყოფითი „პისიარ“ ტესტი ექნებათ. ჩვენი წინადადებაა, რომ ამან აუცილებლად მიიღოს რეგულაციის ფორმა, რათა ყველა ადამიანს ერთი მხრივ ჰქონდეს მოტივაცია, რომ აცრილი იყოს, მეორე მხრივ, იყოს უსაფრთხო ეს შეკრებები. ასევე, მოგეხსენებათ, ჩვენი ინიციატივაა შემოდგომისთვის აცრები ყველა სტუდენტის, ყველა პროფესორ-მასწავლებლის, ყველა სკოლის მასწავლებლის, რათა შემოდგომაზე გვქონდეს უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო ბაღები, აღმზრდელები იყვნენ აცრილები, უსაფრთხო უნივერსიტეტები.
მოგეხსენებათ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების აცრას, რომ მათ არ მიუტანონ ინფექცია ბავშვებს, რადგან დღეს ბრიტანული შტამის გარდა, საკმაოდ ინტენსიურად ცირკულირებს დელტა შტამი, და გვაქვს გასულ კვირაში უკვე დამატებით 27 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დელტა შტამის სულ 79 შემთხვევაა ლუგარში დადასტურებული, მაგრამ გათვლებით დელტა შტამის ცირკულაცია უკვე სცილდება ქვეყანაში საერთო ინფიცირების დაახლოებით 20 პროცენტს. ეს ციფრი გაიზრდება, ამას წინ ვერ აღვუდგებით, რადგან ტენდენცია ასეთია, რომ ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში ბრიტანულ შტამს უკვე ანაცვლებს დელტა შტამი, ინდური შტამი, რომელიც ხასიათდება მეტი ტროპიზმით ახალგაზრდა ასაკისას და მეტი გადამდებლობით განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.