კორონავირუსის შემცირებული შემთხვევების შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა. მონაცემები ყოველდღიურად მატულობს და ჯერჯერობით უცნობია, კიდევ უფრო დამძიმდება თუ არა ვითარება. პირველი განგაშის ზარი ისევ ამირან გამყრელიძემ შემოჰკრა – თუ კიდევ მეტად გაიზრდება დაავადებულთა რაოდენობა, შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს. ამიტომაც გაჩნდა ეკონომიკის კიდევ ერთხელ ჩაკეტვის ვარაუდი, რამაც შესაძლოა, ბიზნესს მორიგი დიდი დარტყმა მიაყენოს.
საქართველოში მოულოდნელად კიდევ ერთხელ დაიწყო საუბარი შეზღუდვების ხელახლა დაწესებაზე, რაც ეკონომიკას კატასტროფას უქადის. მას შემდეგ, რაც რეგულაციები შემსუბუქდა ქვეყანაში, ვირუსის შემოტევა გაძლიერდა. ამ ეტაპზე რთული სათქმელია, მდგომარეობა რამდენად საგანგაშოა, თუმცა მთავარი ეპიდემიოლოგები უკვე ალაპარაკდნენ შეზღუდვებზე, რომლებიც ყველას დიდ წნეხში მოაქცევს.
როგორც დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსის ნახტომისებური მატება ნამდვილად ცუდ შედეგს მოიტანს. მზარდი მაჩვენებლების გამო საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება.
„შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქება აღარ იგეგმება. გამკაცრებამდე ყველამ უნდა დავიცვათ ის წესები და რეკომენდაციები, რომლებიც არსებობს. პირველი _ ეს არის პირბადე: მიუხედავად იმისა, რომ გარეთ პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, გირჩევთ, თუ რამდენიმე ადამიანი ერთად დაბრძანდებით, ყველას ეკეთოს პირბადე გარეთაც კი. შიდა სივრცეებში მისი ტარება აუცილებელია; მეორე არის დისტანცია; მესამე რეკომენდაცია – თავი ავარიდოთ თავშეყრას.
თუკი გაიმართება კონფერენციები, სემინარები, ამ შეკრებებზე დავუშვათ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები. ეს არ არის ქართული ველოსიპედი, ეს ხორციელდება სხვა ქვეყნებში და ჩვენც უნდა მივეჩვიოთ. არავინ არის წინააღმდეგი სემინარების ჩატარებისა, მაგრამ ყველამ უნდა ატაროს პირბადე, დისტანცია უნდა იყოს დაცული. აუცილებელი რეკომენდაციაა, რომ სემინარის მონაწილეები იყვნენ წინასწარ აცრილები, ისევე, როგორც სემინარის დამგეგმავები და ჩამტარებლები.
თუ დავიცავთ ამ რეკომენდაციებს და ავიცრებით, არ მოგვიწევს ახალი შეზღუდვების დაწესება, მაგრამ თუ შემთხვევათა რიცხვი ნახტომისებურად გაიზარდა, მაშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააყენებს ამ საკითხს საბჭოზე”, – განაცხადა გამყრელიძემ.
მაშინ, როცა ეკონომიკამ როგორც იქნა შეძლო უფსკრულიდან ამოსვლა, ასეთი კატეგორიული გაფრთხილება ცუდ მოლოდინს აჩენს და ახლო მომავალსაც კი ბუნდოვანს ხდის. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის მომავალი 2 თვე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ტურისტული სეზონია, რაც ეკონომიკის ზრდაზე პოზიტიურად აისახება. თუ ამ პერიოდში კიდევ ერთხელ დაწესდება ახალი რეგულაციები, გამოდის, რომ ბიზნესი და ეკონომიკა ისევ საწყის წერტილს დაუბრუნდება და ამან შესაძლოა, უფრო ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს, ვიდრე აქამდე ვიყავით.
როგორც მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე „ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, ახალ რეგულაციებს ეკონომიკა ვეღარ გადაიტანს.
„რა თქმა უნდა, შეზღუდვების გამკაცრება უმძიმეს დარტყმას მიაყენებს ბიზნესს. ერთადერთი შეიძლება, ვემხრობოდეთ მხოლოდ და მხოლოდ კომენდანტის საათს და ისიც _ გონივრულ პერიოდში, სხვა დანარჩენი შეზღუდვა ფუჭია და შედეგს არ გამოიღებს.
ამასთანავე, მნიშვნელოვანი რეგულაციაა ნიღბის ტარება. თანაც, ამ ყველაფრის ფონზე, არ უნდა მოხდეს არც ერთი ობიექტის დახურვა, თორემ ამას საქართველოს ეკონომიკა ვეღარ გადაიტანს“, – აღნიშნა ჭელიძემ.
მძიმე ეკონომიკური პროგნოზის გამო, ბევრი ქვეყანა იღებს ზომებს, რომლებიც ბიზნესის მხარდაჭერისკენაა მიმართული. საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა _ ბოლო ორი თვის მონაცემებით, მშპ-ის ზრდა ორნიშნაა. ეს დიდი იმედია და ასეთ ვითარებაში რეგულაციების ხელახლა დაწესება აშკარად შეცდომა იქნება.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ გარკვეული რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში ჯერჯერობით ისევ არის, საზოგადოებამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას. ეს თავიდან აგვარიდებს კორონავირუსის ახალ შემთხვევებს და თავისთავად _ შეზღუდვების გამკაცრებასაც.
„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, კერძო სექტორი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მდგომარეობის გართულების შემთხვევაში შეზღუდვები გარდაუვალი იქნება. სულ ვამბობ, რომ არ არის დრო 300-400-კაციანი ქორწილების, რაც ძალიან ხშირია და თავისთავად იზრდება მობილობა.
თუ იმ რეგულაციებს არ დავიცავთ, რომლებიც დაწესებულია, მდგომარეობა კიდევ გართულდება. ამასთანავე, ჩემი მოწოდებაა, რომ ვისაც ვაქცინა ჯერ არ მიუღია, აუცილებლად გაიკეთოს და სრულად მოხდეს მოსახლეობის ვაქცინაცია. ასეთ შემთხვევაში ის საკითხები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ, აღარ იქნება განხილვის თემა. ერთადერთი გამოსავალი და ახალი შეზღუდვების აცილება შესაძლებელია ისევ და ისევ რეგულაციების დაცვითა და ვაქცინით“, – აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას ბურჯანაძემ.
პანდემიამ ეკონომიკას სერიოზული ზიანი მოუტანა. ამ ეტაპზე ქვეყანა პოზიტიურ დინამიკაშია და მოლოდინიც დადებითია. ახლა აუცილებელია მდგომარეობის შენარჩუნება და ბიზნესის გადარჩენა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ ამირან გამყრელიძის განცხადება არარეალურია და მის სიტყვებს მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია.
„ზოგადად, ამირან გამყრელიძის კომენტარებზე კომენტარს არ ვაკეთებ, რადგან ეს ადამიანი არის პიროვნება, რომელმაც ეკონომიკას მოუტანა ყველაფერი ცუდი, რაც ბოლო ორ წელში მოხდა. თანაც, ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ ვერ მივიღეთ ვერანაირი ეპიდემიოლოგიური სარგებელი. მან ერთი მიმართულებაც სრულად გაანადგურა და მეორეც. ახლა აუცილებელია აღებული ტემპის შენარჩუნება და ბიზნესის გადარჩენა, გამყრელიძის პოზიცია კი ყველაფერს აფუჭებს“, – აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას პაატა ბაირახტარმა.
rezonansi.