დაბრუნდებიან თუ არა ბავშვები სექტემბრიდან სკოლებში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა მასწავლებლების ვაქცინაციაზეა დამოკიდებული. 

მისი თქმით, იმისთვის რომ სექტემბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდეს, აგვისტოს თვე მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ვაქცინაციისთვის. 

“ვფიქრობ რომ ოპტიმისტურ პროგნოზზე უნდა ავეწყოთ სკოლებთან მიმართებაში, წინ გვაქვს მთელი აგვისტო და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად სკოლის პერსონალის აცრისთვის, რომ ბავშვებს დახვდეთ უსაფრთხო ეპიდემიური გარემო. 

განათლების სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს სკოლებთან იმისთვის, რომ გამოიკვეთოს ჯგუფები მასწავლებლების, ასევე სხვა თანამშრომლების, ვისაც აქვს დღეს ამის სურვილი, რომ ხელი შევუწყოთ დროულად დარეგისტრირდნენ და მიიღონ ვაქცინა. ვისაც დღეს ამის სურვილი არ აქვს, მათთვის მეტი საინფორმაციო მუშაობა ჩატარდება, რომ ეს გადაწყვეტილებაც დროულად მიიღონ, რომ ხელი შეუწყონ ბავშვებს სასკოლო გარემოში დაბრუნებისთვის,”- განაცხადა “დღის კურიერში” თამარ გაბუნიამ.