აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ ( ანუ მაინც არ მოუხსნეს).

სრულად ვაქცინირებულმა ამერიკელებმა იმ რეგიონებში, სადაც კორონავირუსის სწრაფი გავრცელება ხდება, დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადეები უნდა გამოიყენონ, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალ მითითებაშია აღნიშნული.
ცენტრის მონაცემებით, აშშ-oს ოლქების 63.4% -ში ვირუსის გავრცელების ტემპი საკმაოდ მაღალია და პირბადეების ტარების პოლიტიკა დაუყოვნებლივ უნდა განაახლონ.
ორი თვის წინ, როდესაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაცხადა, რომ სრულად ვაქცინირებულებს პირბადეების ტარების გარეშე სიარული შეეძლოთ, კოვიდ -19-ის შემთხვევები შემცირებული იყო.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის როშელ უოლენსკის თქმით, ახალი კვლევების თანახმად, სრულად ვაქცინირებული ადამიანები, რომლებიც ინფიცირდებიან, ვირუსის ისეთივე მატარებლები არიან, როგორიც არავაქცინირებული ადამიანები, რაც მიანიშნებს, რომ მათგან ვირუსი შესაძლოა სხვა ადამიანებსაც გადაედოთ.
„მნიშვნელოვანია ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ მათ დაავადების სხვაზე გადაცემა შეუძლიათ”, – აღნიშნა უოლენსკიმ.
„დელტა“ ვარიანტის გამო აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება და ამჟამად ქვეყანაში ახალი შემთხვებების 80% –ზე მეტი ამ ვარიანტზე მოდის.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს „ლოქდაუნებისა“ და სკოლების დახურვის თავიდან აცილებაში ვაქცინაციის გაზრდილი ტემპი და პირბადის ტარება დაეხმარება.
გამოცემა Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისათვის აშშ-ში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 49%.