ადამიანებს, რომლებიც ერთჯერადად მაინც არ იქნებიან აცრილი, სავაჭრო ცენტრებში, კაფე-ბარებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა აეკრძალებათ. რამდენად სწორია ეს მიდგომა.

ეპიდემიოლოგები მუდმივად ამბობენ, რომ ქვეყანაში „ლოქდაუნი“ აღარ იქნება, თუმცა, პარალელურად, გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ადამიანებს, რომლებიც ერთჯერადად მაინც არ იქნებიან აცრილი, სავაჭრო ცენტრებში, კაფე-ბარებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა აეკრძალებათ. რამდენად სწორია ეს მიდგომა და იმ შემთხვევაში, თუ მას კანონის ძალა მიენიჭება, ვინ ან როგორ გააკონტროლებს ასეთ ადგილებს?

მოსალოდნელი „ლოქდაუნის“ შესახებ ეჭვი საბოლოოდ გაქარწყლდა. ამას  ეპიდემიოლოგები და მთავრობის წევრებიც ადასტურებენ.  ქვეყანა და ეკონომიკა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვეღარ გადაიტანს, ინფიცირებულთა რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება. გამოდის, მოქალაქეები რეგულაციებს არ იცავენ, რაც კიდევ ერთ დიდ პრობლემას ქმნის. 

გაუარესებული ეპიდმდგომარეობის გამო, ბიზნესის წარმომადგენლები შეშინებული არიან და ცდილობენ, თავიანთ სივრცეში თვითონ დააწესონ შეზღუდვები. კაფე-ბარმა „ამბავმა“ საგანგებო მიმართვაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მათ ობიექტში დაიშვებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც, მინიმუმ, ერთჯერადად არიან აცრილი.