წარმატებული ქალბატონი: ვერა ყურულაშვილი – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას და მოკლე ინტერვიუ ჩაწერა

–გაეცანით ქალბატონო ვერა საზოგადოებას, რას საქმიანობთ, რა პროფესიის ბრძანდებით?.. მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენს შესახებ.
-გახლავართ ვერა ყურულაშვილი, შპს. „დეას“ დამფუძნებელი და შესაბამისად კერძო სკოლის დირექტორი, ჩვენი სკოლა არის ძალიან წარმატებული, რადგან გვყავს მრავალი წარჩინებული მოსწავლე და წელს განსაკუთრებულად ვხვდებით სასწავლო წელს, რადგან დასრულდა ჩვენი საკუთარი სკოლის შენობის მშენებლობა და ამიტომ ახალი სასწავლო წელი დავიწყეთ ახალ გარემოში. აუცილებლად უნდა ავღნიშნო ის, რომ იმდენად ლამაზი და მოსაწონი, ახალგარემონტებული სკოლა გვაქვს, რომ ყველანი გაასმაგებული შემართებით ვმუშაობთ. მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც.
–ქალბატონო მირანდა, რამ გადაგაწყეტინათ ჩვენ პროექტში მონაწილეობის მიღება?..
-პირველ რიგში ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობის გამო, რადგან ვთვლი, რომ ჩვენ წლებია უკვე ვიცნობთ ერთმანეთს და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით შედეგიანად ვთანამშრომლობთ. ამ პროექტში კი უკვე მეორედ ვმონაწილეობ და მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს გააჩნია რაღაც, თუნდაც მწირი შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გაწიოს ქველმოქმედება და როგორც უკვე გითხარით ძალიან კარგად გიცნობთ და ვიცი, რომ თქვენი ორგანიზაცია ყოველთვის მიზნობრივად ახორციელებს კონკრეტული ადამიანების დახმარების მიზნით საქველმოქმედო საქმიანობას. აქედან გამომდინარე ჩვენც შესაძლებლობის ფარგლებში ვერთვებით თქვენს პროექტებში და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ახლა კი რა შეეხება უშუალოდ თქვენს პროექტს, ძალიან საინტერესოა, რადგან მრავალი ქალი არსებობს, ვისაც შეუძლია სხვადასხვა სფეროში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიონ, თუმცა არ იციან ამის განხორციელების გზები, მე მიმაჩნია, რომ ეს სწორედ ის პროექტია, რომელიც მათ აჩვენებს სწორ მიმართულებას, თუ როგორ მოახდინონ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზება. ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც სხვა გაფასებს ობიექტური თვალით, რასაც თქვენ ჩემი აზრით სამართლიანად და ობიექტურად აკეთებთ. ამიტომ ეს პროექტი ასეთი ქალბატონებისთვის დიდი სტიმულის მომცემია და მიმაჩნია, რომ უფრო მეტი წარმატებული ქალი უნდა ჩაერთოს.
-დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის ქალბატონო ვერა ჩვენი საქმიანობის ასეთი დაფასებისთვის. ახლა კი მორიგ შეკითხვას დაგისვამთ თქვენის ნებართვით, როგორ ფიქრობთ საქართველოში ქალბატონებისთვის უფრო ადვილია წარმატების მიღწევა, თუ მამაკაცებისთვის?..
-ნამდვილად გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ალბათ უფრო საქმიანობის სფეროს გააჩნია, ზოგიერთ სფეროში შესაძლოა მამაკაცები უფრო წარმატებულები იყვნენ, ვიდრე ქალები და პირიქით. ჩემი აზრით განათლებაში და მედიცინაში რატომღაც უფრო ქალბატონები ლიდერობენ, საერთოდ კი ვთვლი, რომ წარმატებას შეუძლია მიაღწიოს ნებისმიერმა ადამიანმა განურჩევლად სქესისა, თუ რათქმაუნდა იგი ამისთვის გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს.
-ქალბატონო ვერა, როგორც უკვე ცნობილია თქვენთვის, ამ ჯერად პროექტის ოფიციალური მასპინძელია რესტორანი ლაზიკა, რას უსურვებდით მას?..
-ისევე, როგორც ყველა ბიზნესს ვუსურვებ წარმატებას, ვუსურვებდი ისეთ სასიამოვნო გარემოში საქმიანობას, რომელიც ხელს შეუწყობს მის მეტად განვითარებას, სხვადასხვა ხელისშემშლელი ბერკეტებისგან გათავისუფლებას. რადგან ბიზნესი თუ გარკვეულწილად თავისუფალია, ის უფრო ადვილად აღწევს წარმატებას, ამიტომ რესტორან ლაზიკას ვუსურვებ შინაგან თავისუფლებას და წინსვლას.
–მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..
-პირველ რიგში ვფიქრობ, რომ უნდა შეარჩიონ მათთვის საინტერესო და საყვარელი საქმე, რადგან მხოლოდ რაც აინტერესებს ადამიანს, იმ საქმიანობაში ექნება წარმატება და თუ ფიქრობს, რომ ეს მისი ამორჩეული და საყვარელი საქმიანობაა, მაშინ უკვე მისთვის ადვილი იქნება, თუნდაც გარკვეული საწყისი კაპიტალის მოძიება, რადგან ყველა ბიზნეს ესაჭიროება გარკვეული ფინანსები. თუმცა მერწმუნეთ, რომ თუ გინდათ დაიწყოთ რაღაც საქმე, ამისთვის თავიდანვე დიდი ფინანსები სულაც არაა საჭირო, უფრო მნიშვნელოვანია შინაგანი რწმენა, პირადი გამოცდილებით გირჩევთ, რადგან დავიწყე მწირი ფინანსებით, თუმცა წლების განმავლობაში გავფართოვდით, განვითარდით და ყოველწლიურად უფრო ვძლიერდებით, რადგან გვყავს უამრავი წარმატებული მოსწავლე, რომლებსაც ზოგს დამთავრებული აქვთ სკოლა და საკმაოდ კარგ პოზიციებზე მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ვერა გახლავთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ ვერას, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე წლებია თბილი პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი ვერა არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის აქტიური და მიზანდასახული ქალბატონი და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი