პირდაპირ ვაცხადებ, არ მჯერა, რომ 8 თვის წინ, მამაჩემი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა! მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ამაში ჩარეული იყო ტიკარაძე და გამყრელიძე!“ – სკანდალური ინტერვიუ საფრანგეთიდან.

„ალიას“ ესაუბრება „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, საფრანგეთში პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი, დავით ნემსაძე.

– დათო, 12 აგვისტოს, შენი ძმა, ერმილე ნემსაძე დააკავეს პოლიციის დაუმორჩილებლობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით. რა იყო ერმილეს დაკავების რეალური მიზეზი და მიზანი?

– ჩემი ძმის დაკავება იყო ღია გზავნილი ჩემთვის, რომ შევწყვიტო აქტიურობა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების მხილება და ბრძოლა მათი დასჯისთვის იმ დანაშაულებებისთვის, რაც წლების განმავლობაში ჩაუდენიათ. მე მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემს ძმას დააკავებდნენ, რადგან იმ დღეებში გააქტიურდა 2016 წელს, სამხედრო–სარემონტო ბაზაზე, სამხედრო მოსამსახურეთა მიერ „ბავშვთა წამების საქმე“, რომელიც თინა ხიდაშლის მინისტრობის დროს მოხდა. დანაშული აღკვეთა ბაზის თანამშრომელმა, ოფიცერმა ლევან კობაიძემ, რომელმაც ახლახან დატოვა საქართველო და ახლა ევროპაშია ემიგრაციაში. ევროპაში წამოსვლის წინ, ლევან კობაიძემ, თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს დაუწერა პატაკი, რომელშიც დეტალურად არის ჩამოთვლილი ის დანაშაულებები, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში მოხდა  და რომელთა გამოც კობაიძე იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამსახური. პატაკში კობაიძე საუბრობს  ბავშვთა წამების ფაქტზეც. ეს პატაკი გამოქვეყნდა „ალიას“ ვებ-გვერდზე და მთელმა ქვეყანამ ნახა იმ დანაშაულებათა ნუსხა, რასაც თავდაცვის სამინისტროში ჰქონდა ადგილი.

(მოგვიანებით, ლევან კობაიძემ ამ თემაზე ვიდეოც გამოაქვეყნა)

სწორედ ამ საქმის მთავარი მოწმის, კობაიძის  ევროპაში ემიგრაციის შემდეგ, ხელისუფლებამ დააჩქარა უკანონო ქმედებები და ჩემი ძმა დაიჭირა. ლევან კობაიძემ ერმილეს დაჭერის შემდეგ ჩათვალა, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხიც იყო ჩემი ძმის დაჭერა, ადგა, ჩაწერა ვიდეო, სადაც ისაუბრა ბავშთა წამების შესახებ და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბავშვთა წამებას მართლა ჰქონდა ადგილი. დაადასტურა, რომ ყალბი ბრალდებით „ნაცმოძრაობის“ დროს ციხეშიც იჯდა, სადაც ბევრი უბედურება გადაიტანა. ბევრს სურს, რომ  ლევან კობაიძეს „ნაცმოძრაობის“ მომხრეობა დააბრალოს, ისე წარმოაჩინონ, ვითომ იმიტომ ებრძვის ამ ხელისუფლებას, რომ ამით „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე შეგნებულად ასხამს წყალს, ამ დროს კი ეს კაცი, „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს სულ ტყუილად დაიჭირეს და ციხეში აწამეს.

– ლევან კობაიძე დეზერტირობის ბრალდებით იჯდა ციხეში. იქნებ კონკრეტულად მითხრა, რა მოხდა?

– ლეიტენანტ ლევან კობაიძეს, ოცმეთაურს, დააბრალეს 1500 ჯარისკაცისა და ოფიცრის დაშლის ბრძანების გაცემა. ვითომ, 2008 წლის 11 აგვისტოს, დაშალა ქვედანაყოფი და გაუშვა სახლში ისე, რომ არ დაეკითხა შტაბის უფროსს.

– ლევან კობაიძე რომელ ქვეყანაშია და რას აპირებს?

– ევროპის ერთ–ერთ ქვეყანაშია და იქ მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. ეს არის კონფიდენციალური საკითხი და ამას ჯერ არავინ მეტყვის. არც ის ვიცი დეტალურად, რას აპირებს. ვიცი, რომ ბავშვთა წამების ფაქტზე გაჩუმებას, გაჩერებას არ აპირებს და ეს მისმა ვიდეომაც დაადასტურა. უახლოეს მომავალში,  „ალიას“ გადმოვცემ ვიდეოს, რომელშიც ნაწამები ბავშვები აღიარებენ წამების ფაქტს და დეტალურად ჰყვებიან, როგორ სასტიკად აწამეს.

– ეს 1500 კაცი, ყველა რიგითი ჯარისკაცი იყო? რანგით და წოდებით ლევან კობაიძეზე მაღლა მდგომი სამხედრო მოსამსახურეები არ იყვნენ მათში?

– კი, იქ იყვნენ პოლკოვნიკები, ვიცე–პოლკოვნიკები, კაპიტნები, მაიორები, შესაბამისად, ასმეთაურები და  ოცმეთაურები. ლევან კობეიძე პატაკში აღნიშნავს, რომ მასზე წოდებით ზემდგომი, არაერთი  სამხედრო პირი იმყოფებოდა იმ დროს იქ. მოკლედ, ლეიტენანტ კობაიძეს დააბრალეს 1500 კაცის დაშლა. ამ პოლკოვნიკებისა და ვიცე–პოლკოვნიკების დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების დაშლა.  გამოდის, ლეიტენანტ ლევან კობაიძის ბრძანებას სიტყვის შუუბრუნებლად დაემორჩილნენ პოლკოვნიკები და ვიცე–პოლკოვნიკები, რაც სრული აბსურდია. ეს ისტორია ხალხმა უნდა იცოდეს, რადგან ჩემი ძმის დაჭერის შემდეგ რაც მან თქვა ბავშვთა წამების შესახებ, რაიმე იარლიყები არ მიაწებონ და არ დააკავშირონ „ნაცმოძრაობას“. ლევან კობაიძე არის მოქმედი ოფიცერი, კაპიტანი, რომელმაც ამხილა სისტემა  არაერთ დანაშაულში,  სამხედრო მოსამსახურეთა მიერ ბავშვების წამებაში ამხილა,  რაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშულია, ეს არის ჰააგის ტრიბუნალის საქმე, ეს არ არის, ადგილზე, საქართველოში  გადასაწყვეტი საქმე. ამ სადისტური, ფაშისტური დანაშაულის ჩამდენები არა თუ დასაჯა „ქართულმა ოცნებამ“,  არამედ თანამონაწილე გახდა ამ დანაშაულისა.

თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს მოხდა ეს დანაშული. ანა დოლიძე თინა ხიდაშლის მოადგილე იყო და ხიდაშელის მსგავსად, დეტალურად იცის ამ საქმის შესახებ. დღეს ანა დოლიძეს თბილისის მერობა უნდა. სერგო ძაგნიძე, რომელიც სამხედრო პოლიციის უფროსი იყო და თინა ხიდაშელის ქმრის, დავით უსუფაშვილის კლასელია, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის ფალსიფიკაცის საქმეშიც ტრიალებს. კიდევ მაშინდელი გენშტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძე და ირაკლი იმერლიშვილი, რომელიც მაშინ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. ირაკლი იმერლიშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის საქმის ერთ–ერთი გამომძიებელი იყო. რა თქმა უნდა, დაუსჯელი დარჩა ილია ლუტიძე, შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის მაშინდელი მეთაური, სადაც ეს დანაშული მოხდა და მას უშუალოდ მფარველობდა მისი ნათესავი, ვახტანგ კაპანაძე. ლევან კობაიძემ, მინისტრისადმი დაწერილ პატაკში,  ყველაფერი დაადასტურა, რაშიც მე ვადანაშულებ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ და  მოქმედ მაღალჩინოსნებს და იმავე პატაკით და შემდეგ გავრცელებული ვიდეოთი დაადასტურა ბავშვთა წამება, რომელიც სისტემური დანაშულია და მის ჩაფარცხვაში, ვინც ჩამოვთვალე, ყველანი მონაწილეობდნენ და არა მხოლოდ ესენი, კიდევ სხვებსაც მიუძღვით ბრალი დამნაშავეთათვის ხელის დაფარებაში. 

ამ საქმეზე ძალიან ბევრი მილაპარაკია, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ამგვარი რამ არ განმეორდეს, ასეთი საშინელება აღარავის მოუვიდეს თავში, ზუტად ამიტომ დაიჭირეს ჩემი ძმა და მე მადანაშაულებენ იმაშიც, რომ ლევან კობაიძემ დატოვა შეიარაღებული ძალები და ემიგრაციაში წავიდა. 2016 წელს გამომიშვეს ჯარიდან და იმის შემდეგ, არაერთი დანაშული მოხდა ჯარში, ლევან კობაიძე ამ დანაშაულებებს ასახელებს პატაკში. შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის ახალმა მეთაურმა, ვიცე–პოლკოვნიკმა ვაჟა არევაძემ, სახლში, მშენებლობაზე ამუშავა ბიჭები. ერთი მათგანი, კაპრალი ნიკოლოზ ფიფია, მის ბინაში გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ვაჟა არევაძემ ნიკოლოზ ფიფიას სახელზე აკრეფილი, მისი ოჯახისთვის გადასაცემი თანხა ჯიბეში ჩაიდო. ეს ლევან კობაიძის პატაკში სწერია. აზრზე ხარ, რამხელა ვირთხებთან გვაქვს საქმე? თუ ვინმე იტყვის, რომ ჩემი განცხადებები აზიანებს შეიარაღებული ძალების საბრძოლო სულისკვეთებას, მითხრას და პირადად მიპასუხოს კითხვაზე – აზიანებს თუ არა, ასეთი მყოფადობა შეიარაღებულ ძალებს და ეს ქმნის თუ არა შავ ხვრელს ბიუჯეტში?

მეთაური, რომელიც ამას იკადრებს, ის არათუ სამაგალითოა პირადი შემადგენლობისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ბრძოლაში თავდასადებად მიჰყავს, არამედ ის არის ადამიანი, რომელსაც პირველს მოხვდება ზურგში ტყვია მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯარისკაცებისგან. აი, რატომ დაიჭირეს ჩემი ძმა. ამნაირ გარეწრებს ძალიან დიდ დისკომფორტს, მათ თავისუფლებას რეალურ  საფრთხეს ვუქმნი და ეს არის მიზეზი. არ მაქვს იმის სურვილი, ვიღაც პატრულ–ინსპექტორის ვასილ მუმლაძის საქციელი შევაფასო, რომელმაც ჩემი ძმა დააკავა. ეს ადამიანი არაფერ შუაშია, პირდაპირ ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ მან ჩემი ძმის დაკავება განახორციელა აბსოლუტურად ყველა ნორმისა და ფორმის გადაცდომებით და დღესვე დასათხოვნია შსს–დან. ვასილ მუმლაძე შეურაცხყოფდა ომის ვეტერანს, ერმილე ნემსაძეს. ჩემი ძმა  იყო საქართველოს ეროვნული გმირების, არჩილ ტატუნაშვილისა და და ალექსანდრე ონიანის მეგობარი,  ავღანეთის მისიის მონაწილეა, იბრძოდა 2008 წლის ომში. ერმილეს დაკავება ჩაატარეს დამამცირებლად, ეს ასე ჩატარდა იმისთვის, რომ მე მასწავლონ ჭკუა. მას უთხრეს მის შესახებ და თავად გააკეთებს ამაზე განცხადებას. ვიდრე ჩვენ ერთი ამბავი არ ავტეხეთ, ვიდრე ლევან კობაიძე არ გამოვიდა, მანამდე  სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი არ მივიდა, მანამდე არაფერი კეთდებოდა. პირადად მე დავრეკე ჩემი ძმის მეგობართან, ვთხოვე, რომ სხვა ნომრიდან დაერეკა ნომერზე 126-ზე, ეს არის თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი. ეს ორი ტელეფონი მიადო ერთმანეთს და ასე დაველაპარაკე გენინსპექციის წარმომადგენელს. ჩემი ხმა რომ გაიგეს, ძალიან შეწუხდნენ. ეგონათ, რომ საქართველოში ვიყავი, რადგან საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორის ნომერი შევიდა ცხელ ხაზზე. მე წავუყენე ულტიმატუმი, თუ 24 საათში არ გაათავისუფლებდნენ ჩემს ძმას, მე დავიწყებდი პარიზში, საქართველოს საელჩოსთან, საქართველოს რეპატრიაციისა და ემიგრაციის მობილიზებას და დავიწყებდი. თუმცა, ამას მაინც გავაკეთებ უფრო ფუნდამენტალურად, უფრო ეფექტურად ფრანგი უფლებადამცველების ჩართულობით, იმიტომ რომ დღეს ჩემს სამშობლოს მართავენ გონებრივად სადისტი ადამიანები, რომლებიც ფარავენ ბავშთა წამების ფაშისტურ დანაშულს და მათ ამის გამო პასუხი უნდა აგონ. ამას აუცილებლად გავაკეთებ, ეს დროის საკითხია. ჩემი ძმაა დასაჭერი, როდესაც კრიმინალს მიაქვს ქვეყანა, მილიონებს იპარავენ ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ბიუჯეტიდან და სრული განუკითხაობაა? ამ დროს, 2008 წლის ომის  მონაწილეს იჭერენ, რომელიც ბათუმში მიდოდა, რათა იქ აღენიშნა დიდგორობის დღესასწაული. არ აქვს ჩემს ძმას გადაადგილების უფლება? არ აქვს უფლება, ბათუმში წავიდეს და დიდგორობა იზეიმოს ომის ვეტერანმა? „ერმილე ნემსაძეს იარაღი ხელიდან არ გაუგდია“ – ასე წერია სიტყვა–სიტყვით, 2008 წლის ომის შემდეგ, ჩემი ძმის მეთაურის მიერ შედგენილ პატაკში, რომელიც მან ზემდგომებს წარუდგინა.

ერმილე ილაპარაკებს იმის შესახებ, რომ ის ჩემს გამო დაიჭირეს და ამის შესახებ უთხრეს კიდეც. უპრიანია, მან თქვას. პროკურატურას და უშიშროებას, ნებისმიერ ფასად, ჩემი საქართველოში ჩამოყვანა აქვთ დავალებული. ხელისუფლებას აწუხებს ის სიმართლე, რაც ჩემი პირით ჟღერდება ევროპაში, დემოკრატიულ სამყაროში.

პირდაპირ ვაცხადებ თქვენი გაზეთით, არ მჯერა, რომ 8 თვის წინ, მამაჩემის ბუნებრივი, ბიოლოგიური გარდაცვალებისა, არ მჯერა, რომ ის კოვიდვირუსით გარდაიცვალა. კი, შეხვდა ეს დაავადება, მაგრამ  კლინიკაში, პალატაში შეიყვანეს ჯანმრთელი ადამიანი და რამდენიმე დღეში გამოგვატანეს მიცვალებული.  მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ამაში ჩარეული იყო ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, რომლის შესაბამისი მოადგილე უკავშირდებოდა ჩემს ძმას და ასევე ამირან გამყრელიძე. როდის მერე გახდნენ ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის მინისტრი მამაჩემის ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანები, გეკითხები? ეს იყო სახელმწიფოს ჩარევა იმაში, რომ მოახდინონ ჩემი მორალური დესტაბილიზაცია.

გასაგებია, მესმის, მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერია. ბავშვები აწამეს და ის გამიკვირდება, მამა რომ მომიკლეს და ჩემი ძმა დაიჭირეს? მე სხვა უფრო მიკვირს, სიმართლე გითხრათ. შერჩევითი სამართლი, რომელიც არსად არ ჟღერდება.

აგერ, ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კობა კობალაძე, რომელიც ვიღაცისთვის გმირია, ჩემთვის გმირი არ არის. საქართველომ სამი ომი წააგო და ამ ომებს ვინც შეეწირნენ, ისინი არიან გმირები. დანარჩენებმა სხვა და სხვა სახის მედლები მიიღეს ამ წაგებული ომებისთვის. მე მაქვს მაგათთან, ყველასთან კითხვები ამის თაობაზე, ამ მედლებს რომ აჩხარუნებენ. კობა კობალაძის დამსახურება არის ის, რომ სადღაც რიაზანში, ხუთ წლიანი სამხედრო აკადემია ორ წელიწადში დაამთავრა და ჩემი აზრით, დიპლომი იყიდა.  ასეთი ადამიანი რატომ უნდა იყოს ჩემთვის გმირი, რომელიც ავანტიურით მოვიდა ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად და რომელიც არაფერს აკეთებს ვეტარანებისთვის? ოფიციალური მილიონერია კობა კობალაძე  და ამ ხელისუფლების დროს გახდა მილიონერი. მისი შვილი 17 დღე ემალებოდა სამართალდამცავ უწყებებს, რადგან მონაწილეობდა ჯგუფურ ჩხუბში, სადაც ადამიანი დააინვალიდეს. კობა კობალაძეს მორალური უფლება არ აქვს, იყოს ამ თანამდებობაზე. ამ დროს ჩემს ძმას, 2000 ლარიანი ჯარიმა  დააკისრეს, რომელიც ომის ვეტერანის 22 დახმარებით რომ იხადოს, 8 წელი დასჭირდება მის სრულად დასაფარად. კობა კობალაძის მორალზე უნდა იდგეს ვეტერანთა დეპარტამენტი? საქართველოს  არ აქვს ვეტერანთა დეპარტამენტი. ეს არის ხელისუფლების მხარდამჭერი სტრუქტურა, რომლის დიდ ნაწილს  ნაძირალები წარმოადგენენ. ძალიან  მძიმეა ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ  სათქმელია და უნდა ვთქვა.
alia.ge.